იდიოსტილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იდიოსტილიენის მფლობელის ინდივიდუალურ-სტილისტიკური თავისებურებები. იდიოსტილი იდიოლექტთან შედარებით ენობრივ ერთეულთა მეტი სისტემურობითა და იერარქიული ორგანიზებულობით ხასიათდება. იდიოლექტი იდიოსტილის ჩამოყალიბების ფაზად მიაჩნიათ, მათ ურთიერთმიმართებას სქემატურად ასე გამოხატავენ: ავტორის ენა → ინდივიდუალური კომპონენტები (იდიოლექტი) → კონოტაციურად ნიშნადი კომპონენტები (იდიოსტილი).

ლინგვოსტილისტიკაში იდიოსტილი ენობრივ პიროვნებას (linuistic personality) უკავშირდება, რომლის ცნება გულისხმობს თვითმყოფად ენის მატარებელს, წარმოდგენილს თავისი სამეტყველო-სტილისტიკური მახასიათებლების ერთობლიობით. მაგ. ი.ჭავჭავაძის, როგორც ენობრივი პიროვნების, იდიოსტილისათვის დამახასიათებელია გადმოცემული შინაარსის უტყუარობა, მეტყველების უდავო სიმართლე, თხრობის ლოგიკურობა, თანამიმდევრულობა და სიცხადე, აზრისა და მეტყველების არაწინააღმდეგობრიობა, არგუმენტაციის სისრულე და სიზუსტე, დასკვნათა აუცილებლობა, აზრობრივი დატვირთულობა, შინაარსის კონცენტრირება, უმთავრესის გამოყოფის უნარი, სიმარტივე, გასაგებობა, ხალხურობა, მოძველებული სტილისტიკური ნორმების ნგრევა ენის ფუნქციურ შესაძლებლობათა ოპტიმალური განხორციელების მიზნით, სალიტერატურო-წიგნურ და ხალხურ-სასაუბრო მეტყველებათა სინთეზი პუბლიცისტიკაში და სხვ. ამ კრიტერიუმთა ერთობლიობა ილიასთან შინაგანი სტილისტიკური ჰომოგენურობითაა ნიშანდებული, რაც საშუალებას იძლევა მისი იდიოსტილი განვიხილოთ როგორც მსოფლმხედველობრივი სტილი, რომლის ერთიანობა, მთლიანობა ყოველ ცალკეულ ელემენტში ჩანს. ე. ი. შეიძლება ლაპარაკი იდიოსტილზე, როგორც ენობრივი პიროვნების მსოფლმხედველობაზე, ინდივიდუალური სტილისა და მსოფლმხედველობის ურთიერთასახვაზე.

გ. კვარაცხელია

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები