ივარდავა დილარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ივარდავა დილარ – (1940), მთარგმნელი, პოეტი. პირველი ლექსი („დიოსკურია”) გამოაქვეყნა 1957 წელს ჟურნალ „მნათობში”. გამოცემული აქვს 40-ზე მეტი პოეტური კრებული, მათ შორისაა: „რტოები არ იმსხვრევიან” (1968), „ჩუქურთმა ხეზე” (1969), „ლერჭემის ხმები” (1971), „ნათლის სამოსელი” (1973), „ყინული ლღვება” (1975), „ტყე დაიწყება” (1976), „ლექსები” (1978), „მელოდე” (1980), „გმირული ორატორია” (1981), „ზაფხულის ელვა” (1982), „თიბათვე” (1985), „ჟამი” (1986), „ზეკარი” (1991), „ჟამი გოდებისა” (1998), „სიზმარეული ზღვა აფხაზეთის” (2005).
- ჩემო კოლხეთო
- ყინულთ ჩუქურთმებს შევხარი სოფლად,
- თოვლის ნიათით ნათდება ეზო,
- როგორ ვნატრულობ შენს გვერდით ყოფნას
- მიზეზიანად და უმიზეზოდ.
- ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ დასაფასებელს,
- ჩვენს შეცდომებს კი მივხვდებით გვიან,
- გულს, სიყვარულით ასაფეთქებელს,
- თუ არ აფეთქდა, თქვი, რაღა ჰქვია?!
- მუდამ ვიხსენებ კოლხელ ადონისს,
- მის ხმაში დართულ ღვთის მისტერიას,
- ათასი ჯურის ასარგადონი
- ჩვენს საეტრატო ბედზე წერია.
- ხომ გვესასტიკეს შეუბრალებლად,
- შინაურმაც ხომ ბევრი გვიგანა,
- მაგრამ პონტოს ზღვა, ცისფერთვალება,
- მტერს უხვდებოდა მეხად, გრიგალად.
- ვერ წაგვიხოცეს ზღაპრების ბუდე,
- ის ეომება არყოფნის ქარებს,
- იყავი, ხარ და იქნები ყუდე,
- ჩემო კოლხეთო, ზღაპრების მხარევ!