იიმა შხაეთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იიმა შხაეთა(ირან.) (იიმა მეფე), პირველი მეფე, ვივახვანტის, მზის განსხეულების შვილი, რომლის დროსაც ქვეყანაზე ოქროს ხანა იდგა. მისი მეფობის დროს არ იყო სნეულება, არც სიბერე, არც სიკვდილი, არც ზნეობრივი მანკიერებანი. ადამიანები სრულყოფილნი იყვნენ და კაცობრიობა სრულ თანხმობაში ცხოვრობდა. იიმამ განასწავლა ადამიანები ყოფა-ცხოვრების წესებში, მისი შეგონებით დაიწყეს ადამიანებმა ტყავის ნაცვლად ქსოვილის სამოსელით შემოსვა, მან შემოიღო ქვეყანაში წოდებები, რომ ყველას თავისი ღირსებისამებრ მიზღოდა. მან ასწავლა ხალხს საქონლის დაკვლა და ხორცეულის ჭამა.

მოსახლეობის ზრდის კვალობაზე იიმას შეეძლო მაჯაგანით გაეფართოებინა ხმელეთი, რასაც ის პერიოდულად აკეთებდა. აჰურამაზდას ჩაგონებით იიმამ მიწას გალავანი შემოარტყა, რათა მის შიგნით ადამიანები, პირუტყვი წყვილ-წყვილად და მცენარეულობა შეეყვანა, რათა მოსალოდნელი ზამთრისგან დაეცვა თავისი საბრძანებელი და არსებანი. ბოლოს, წარმატებებმა იიმა იმ ზომამდე გააამპარტავნა, რომ ყველა სიკეთე და ძალა თუ უნარი, რაც მას აჰურამაზდამ მიჰმადლა, თავადვე მიიწერა, თავი შემოქმედად წარმოიდგინა. თუ ადრე ართას – სამართლიანობისა და ჭეშმარიტების მხარს იჭერდა, დროთა ვითარებაში თანდათან განუდგა მას, დრუგასკენ, სიცრუისკენ და დევებისკენ გადაიხარა.

ამ ცოდვისთვის იიმას განშორდა მეფური დიდება და უკვდავად შობილი, მოკვდავ ადამიანად იქცა. ზოგიერთი თქმულებით, იიმას მოკლავს აჟიდაჰაკა, რომელიც ქვეყანაზე ბოროტების ათასწლოვან მეუფებას დაამყარებს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები