ილარიონ ქართველის ცხოვრება
ილარიონ ქართველის ცხოვრება — ჰაგიოგრაფიული ძეგლი, მოგვითხრობს ილარიონის (822-875) — ქართველი საეკლესიო მოღვაწის ამბავს.
ილარიონმა დიდი ამაგი დასდო ქართველთა სამონასტრო კოლონიზაციას დასავლეთში. მის სახელთან დაკავშირებულია ორი საზღვარგარეთული ქართული მონასტერი: ოლიმპისა - მცირე აზიის ბიზანტიურ ნაწილში და რომანასი - კონსტანტინოპოლში. ქართულად შემონახულია „ილარიონის ცხოვრების“ სამი რედაქცია: ძველი ათონური, მეტაფრასული და სვინაქსარული. ათონური რედაქციის თანახმად, ადრევე არსებულა ამ წმიდანის „სახსენებელი“, „ცხოვრება და „შესხმა“, რომელთა ერთმანეთისგან განსხვავება და მათი ავტორების დადგენა ჭირს. ფიქრობენ, რომ „ილარიონის ცხოვრება“ თავდაპირველად ბერძნულ ენაზე ენკომიის სახით აღუწერია მის თანამედროვე მწერალს — ბასილი მონაზონს. ეს თხზულება, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, საფუძვლად დასდებია „ცხოვრების“ ათონურ რედაქციას, რომლის ავტორი შესაძლოა ექვთიმე ათონელი იყოს. მისი დაწერის თარიღია 991 წ. ათონური რედაქციის საფუძველზე 1074-1100 წწ. თეოფილე ხუცესმონაზონს შეუდგენია ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია. XII ს. დამდეგს გიორგი ათონელის „დიდ სვინაქსარში“ შეუტანიათ აღნიშნული ორი რედაქციის საფუძველზე შექმნილი „ილარიონის ცხოვრების“ სვინაქსარული ტექსტი. „ილარიონ ქართველის ცხოვრებაში“ დაცულია ბიზანტიურ-ქართული კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობის საყურადღებო დეტალები.
ტექსტი
ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, 11, 1967, გვ. 9-37; იგივე, IV, 1968, გვ. 134-154, 261-62, 358.
ლიტერატურა
კ. კეკელიძე, ნაწყვეტი ქართული აგიოგრაფიის ისტორიიდან, ეტიუდები, IV, 1957, გვ. 134-158.