აბაშიძე ილია სოლომონის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ილია აბაშიძე სოლომონის ძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაშიძე, ილია სოლომონის ძე (1882, 24/III – 1953) – მუსიკოსი, ვიონჩელისტი, დამსახურებული პედაგოგი, დაიბადა სოფ. გურჯაანში. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. 12 წლისამ ჩელოზე დაიწყო მეცადინეობა. 1902-1904 წწ. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი. 1904 წელს საკონკურსო გამოცდით მოსკოვის კონსერვატორიაში მიიღეს; იმავე უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905 წელს ლეიპციგის (გერმანია) კონსერვატორიაში სწავლობდა, ერთი წლის შემდეგ პრაღის კონსერვატორიაში დაასრულა კურსი. 1909 წელს, მოსკოვში კერძო გაკვეთილებით ვიოლონჩელოზე დაკვრას ასწავლიდა. იყო საორკესტრო მუსიკოსთა ურთიერთდამხმარე საზოგადოების წევრი, მუზოს (მუსიკალური განყოფილების) საქმეთა მდივანი. მ. ბალანჩივაძის შემდეგ, 1926 წელს დაინიშნა ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმის დირექტორად. ამ ტექნიკუმის კურსდამთავრებულები იყვნენ ცნობილი ოპერის მუსიკოსნი და მუსიკათმცოდნენი: ეკ. სოხაძე, ნ. ცომაია, პ. ამირანაშვილი, ვ. ხომაშურიძე, დ. მირცხულავა, კომპ. ნ. ბალანჩივაძე, ე. ხმალაძე და სხვ. 1919 წელს მუსიკალურ სასწავლებლის ინსპექტორად მიიწვიეს. ქუთაისის მუსიკალურ ტექნიკუმის გამგედ ყოფნისას დასავლეთ საქართველოში სამუსიკო ცოდნის გავრცელებას ძლიერ შეუწყო ხელი: პირველმა დადგა საბავშვო ოპერა „წითელქუდა“ (ვ. გუნიას მიერ თარგმნილი); მისი გეგმით 1927 წლის 15-17 მაისს ქუთაისში გაიმართა ხალხურ მომღერალთა პირველი შეჯიბრი-ოლიმპიადა (სადაც ი. აბაშიძემ თავისი გუნდით მეორე ჯილდო მიიღო); 1928-1929 წწ. დადგა დ. არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“, 150 კაცისაგან შემდგარი გუნდის (სკოლის მოწაფეთა და თბილისიდან მოწვეული, ოპერის თეატრის საუკეთესო მომღერალთა) მონაწილეობით და თავის მიერ მომზადებული ორკესტრული ძალებით, სადაც მისი მოწაფეები – ნადია ცომაია (შემდეგში ცნობილი ორდენოსანი მსახიობი) და ვალ. ქუთათელაძე პირველად გამოვიდნენ. ი. აბაშიძის თაოსნობითა და ლოტბარობით 1930 წლის მარტის 11-ს ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმის პიონერთა რაზმმა თეატრში დადგა საბავშვო ოპერა „ბრძოლა“ (ზამთარ-ზაფხულის ერთმანეთთან შეტაკება), სადაც სიმბოლური სახეებით საერთაშორისო დღესასწაულის – პირველი მაისის იდეა გაშალა. „აბაშიძის მიერ შემზადებული (ეს საღამო) გამარჯვებით დაგვირგვინდა, რაც იმედების მომგვრელია“- ო, წერდნენ მასზე („ხელოვნება“, 1925, 14 ივნისი, № 20). შემდეგ დაინიშნა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის სასწავლო ნაწილის გამგედ.

1927 წლის ზაფხულში მოაწყო ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმის მოწაფეთა მომღერალ გუნდის სამეცნიერო-სახელოვნო ექსკურსია საქართველოს კუთხეების დასათვალიერებლად იმ მოსაზრებით, რომ ხალხში, მიყრუებულ სოფლებში შეეტანათ მუსიკალური კულტურა; ასევე: სამტრედიაში, მუსიკალური სკოლის სასარგებლოდ (შემოსავალი მათ გადასცეს) გამართეს კონცერტი. სოფელ დიდ ჯიხაიშში გახსნა ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმის ფილიალი „გლეხთა მუსსკოლა“, გამართა კონცერტი და მთელი შემოსავალი ამ სკოლის ფონდის გასაძლიერებლად გადასცა. ეს მუსიკალურ დარგში პირველი შემთხვევა იყო, როცა გლეხებისთვის გაიხსნა მუსიკალური სკოლა. ამას გარდა, სხვადასხვა სოფლებში აყალიბებდა მოზარდთა გუნდებს, მართავდა საბავშვო ოპერებს და შემოსავალს კომკავშირის კულტმუშაობის ფონდს გადასცემდა.

1928-1929 წლებში ქუთაისის მუსიკალურ ტექნიკუმთან კომკავშირთა სასულე ორკესტრი ჩამოაყალიბა, 1929-1930 წლებში – „პიონერთა საბავშვო ოპერა“, რომელიც პირველი მაგალითი იყო მთელს საბჭოთა რესპუბლიკაში; ამავე წელს შეადგინა „პიონერთა სასულე ორკესტრი“ (მეორე მაგალითი საბჭოთა რესპუბლიკაში).

წერდა სამუსიკო რეცენზია-მიმოხილვებს, მაგალითად: „თბილისის ფილარმონიულ საზოგადოების გამოცემების გამო“ („სახალხო გაზეთი“, 1911, № 284, 286), „დ. არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ („სახალხო საქმე“, 1919, № 704, 714), „ქართული მუსიკალური დაწესებულებანი“ („ლომისი“, 1923, № 18), „მუსიკის მნიშვნელობა“ („თეატრი და ცხოვრება“, 1924, № 4).

1919 წელს ქართული კლუბის დარბაზში ი. აბაშიძემ ქართული სამუსიკო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ მოხსენება წაიკითხა („სახალხო საქმე“, 1919, № 549). შეადგინა „ჩელოს სკოლა“ – ვიოლონჩელოზე დაკვრის სახელმძღვანელო, რომელიც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო სამუსიკო სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა (1939, 11 იანვარი) ვიოლონჩელოზე დაკვრის დამწყებთათვის ძვირფას ნაშრომად ცნო. მასალის შერჩევა და დამუშავება უაღრესად სწორად და თანამედროვე პედაგოგიკის მოთხოვნილების შესაბამისად აღიარეს, რის გამოც ავტორს სთხოვეს, ეს ნაშრომი, როგორც უსაჭიროესი, რაც შეიძლება დროზე გამოიცემულიყო – მეორე ნაწილიც იმავე პრინციპებით შეადგინე, როგორც პირველია აგებულიო. მცოდნეთა დასკვნით, ი. აბაშიძის „ჩელოს სკოლა“ პრინციპულად განსხვავდება არსებული სახელმძღვანელოებისაგან; პროფ. სტრუვეს სიტყვით: „აბაშიძე მთავარ ყურადღებას აქცევს მოწაფის სმენის განვითარებასა და მუსიკალური წარმოდგენის შემუშავებას. აბაშიძის სახელმძღვანელოს მიხედვით, მოწაფე ჯერ ზეპირად, სმენის საშუალებით ითვისებს მუსიკალურ ფრაზას, მერე ინსტრუმენტზე დაკვრის პირობებში, ანხორციელებს მიღებულ მუსიკალურ წარმოდგენას, ხოლო ამის შემდეგ ეცნობა ამ მუსიკის გამოხატვას ნოტებში“ („კომუნისტი“, 1941, № 22).

ი. აბაშიძე, როგორც მუსიკისმცოდნე, ლენინგრადის თეატრისა და მუსიკის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა 1939 წელს მეთოდურ-აღმასრულებელ განყოფილების წევრკორესპოდენტთა შემადგენლობაში შეიყვანა.

მისი ფსევდონიმებია: გურჯანელი, დუდუკი, მგზავრი, მესტვირე.

1945 წლის ივლისის 10-ს თბილისის კონსერვატორიაში გაიმართა ი. აბაშიძის სამუსიკოპედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნავი საღამო.

ცალკე გამოცემულია
აბაშიძე, ილიკო. „თქმულება შოთა რუსთაველზე“: ოპერა-ლეგენდა / მუსიკა დ. არაყიშვილისა. – თბ., 1919. – 11 გვ.

წყარო:

  1. წერილები და ოქმთა ასლები ი. აბაშიძის შესახებ (ი. იმედაშვილის არქივიდან; დ. არაყიშვილის, ა. ფაღავასი, გ. ციციშვილისა და სხვ.);
  2. ნიშადური. – 1908. – № 34;
  3. სახალხო საქმე. – 1919. – № 549, 704, 714;
  4. ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმი // თეატრი და ცხოვრება. – 1924. – № 15. – კანის გვ. 4;
  5. თეატრი და ცხოვრება. – 1925. – № 10;
  6. სანახაობა. – 1925. – № 7. – გვ. 4;
  7. რიონიძე, გ. დაუვიწყარი დღეები // კომუნისტი. – 1927. – № 113;
  8. Аракчиев, А. Грузинские музеи и 10-летие октября // Заря Востока. – 1927. – № 1616;
  9. Комитет по делам искусств при СНК Союза ССР госуд. музык. научно-исслед. инст. из протокола № 1, 1939, II;
  10. გ. ნ. ჩელოს სკოლა // კომუნისტი. – 1941. – № 22;
  11. კაშმაძე, შ. ვანო სარაჯიშვილი: მონოგრაფია. – თბ.: სახელგამი, 1947. – გვ. 20, 25, 93-95, 99.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები