ილორის წმიდა გიორგის ეკლესია
ილორის წმიდა გიორგის ეკლესია - აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ილორში მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „ზღვის კიდეზედ... არს ილორს ეკლესია წმიდის გიორგისა... უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული.”
ილორის წმ. გიორგის ეკლესია XI საუკუნის I მეოთხედშია აგებული ოდიშის საერისთავოში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, იმდროინდელი ქართული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მოხდენილი პროპორციებით. იგი აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით სხვადასხვა დროინდელი მინაშენები აქვს. ეკლესიას კარები დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს, ხოლო შიდა სივრცე განათებულია ექვსი სარკმლით. ეკლესია მოხატული ყოფილა ფრესკებით. უკანასკნელ ხანებამდე ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ჩასმულ ქვის ფილებზე შემორჩენილი იყო ხუთი ქართული ლაპიდარული (ქვაზე ამოკვეთილი) წარწერა.
ტაძრის ლაპიდარულ წარწერებში ადგილობრივი საერო და საეკლესიო ხელისუფალნი იხსენიებიან. მთავარეპისკოპოსი გიორგი, როგორც ჩანს ბედიელი მღვდელმთავარია, ხოლო გიორგი გურგენის ძე – ადგილობრივი დიდებული, რომელიც ტაძრის მშენებლობაში გაწეული ქტიტორული ღვაწლისათვის სავედრებელ წარწერაშია მოხსენიებული; გიორგი ქოჩოლავა კი – ამ ტაძრის მღვდელმსახური.
საგულისხმოა, რომ ილორის წმ. გიორგის ეკლესიის წარწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. წარწერები ტაძრის მშენებლობის პერიოდით, XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება და საინტერესოა იმ მხრივ, რომ დამწერლობის სამივე სახე ერთი და იმავე დროით თარიღდება; ამ წარწერების ამომკვეთიც ერთი და იგივე პირი ჩანს.
ილორის წმ. გიორგის ეკლესიის წარწერებს უაღრესად დიდი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი მნიშვნელობა აქვს ქართული დამწერლობის განვითარების, ილორის ეკლესიის ისტორიისა და ზოგადად საქართველოს ისტორიის კვლევისათვის
ილორის წმ. გიორგის ეკლესია შუა საუკუნეებში ბედიის ეპარქიაში შედიოდა. ეპარქია მდ. დადისწყალსა (ამჟ. მდ. ოქუმისწყალი) და მდ. მოქვისწყალს შორის ტერიტორიას მოიცავდა.
ილორის წმ. გიორგის ეკლესია დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. ტაძარი მდიდარი იყო ქრისტიანული სიწმინდეებით. დიდხანს ის ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის ეკლესია-მონასტრების საეკლესიო ნივთების სალაროს წარმოადგენდა. ამ ტაძარში იყო დაცული ბედიის ბარძიმი (X ს.) და სხვა საეკლესიო სიწმინდეები.
ილორის წმ. გიორგის ეკლესიის უმთავრესი სარწმუნოებრივი რელიკვია წმ. გიორგის ხატი იყო.
სარჩევი |
ილორის წმ. გიორგის კარედი ხატი
ილორის წმ. გიორგის კარედი ხატი წარმოადგენს ვერცხლის დასაკეც, სამფრთიან, ძეწკვით შემკობილ ხატს, რომლის წინა ნაწილზე გამოსახულია წმ. თევდორე და წმ. დიმიტრი განმარტებითი წარწერებითურთ. ხატი იხსნება და შიგნით გამოსახულია ფეხზე მდგომი წმინდა გიორგი საომარ სამოსელში, რომლის მარჯვნივ ვედრების პოზაშია ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძე. ყველა გამოსახულებას განმარტებითი წარწერა ახლავს. გარდა ამისა, ხატის ლუსკუმაზე მოთავსებულია 15 სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ბედიელი მიტროპოლიტის კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორგის ხატის შეწირვის ამბავს.
წარწერაში კირილე ჟუანისძესთან ერთად დასახელებული არიან ოდიშის მთავარი გიორგი III დადიანი, რომელიც ოდიშის სამთავროს განაგებდა 1572-1582 წლებში და მისი თანამეცხედრე დედოფალი თამარი. სიუჟეტური თემა – წმ. გიორგი და სასწაულმოქმედი ხარი სრულიად ორიგინალურია ქრისტიანულ ხელოვნებაში. ის ქართული სინამდვილიდან არის გადმოტანილი და უკავშირდება საკულტო ცერემონიალს, რომელიც გიორგობა დღეს ილორში იმართებოდა. ხატი დაცულია ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ილორის ვერცხლის ბარძიმი
XIX საუკუნის ბოლოს ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში იპოვეს ვერცხლის ბარძიმი. მისი ზედაპირი ისევე, როგორც ბედიის ოქროს ბარძიმისა, თაღებით რვა ნაწილადაა დაყოფილი. თითოეულ თაღში მოთავსებულია ფიგურა. შუა თაღდი გამოსახულია აღსაყდრებული მაცხოვარი მაღლა აღმართული მაკურთხეველი მარჯვენით, მარცხენა ხელში – სახარებით. გვერდით თაღედში გამოსახულია მაცხოვრისკენ გადახრილი მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი ბარძიმითა და ფეშხუმით. ილორის ბარძიმის თასის პირს მიუყვება ქართული ასომთავრული ერთსტრიქონიანი სავედრებელი წარწერა. ილორის ბარძიმი ბედიის ბარძიმის ანალოგიური იყო, მხოლოდ უფრო მცირე ზომის. ილორის ბარძიმის ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.
XVI საუკუნეში ოდიშის მთავრის ლევან I დადიანის (1533-1572 წწ.) სახელით ბედიელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ ჟუანისძემ, შემდეგ კი ოდიშის მთავრის გიორგი დადიანის (1572-1582 წწ.) დროს ცაიშელ-ბედიელმა მიტროპოლიტმა კირილე ჟუანისძემ ილორის წმ. გიორგის ხატი შეამკეს.
ილორის ტაძარზე განსაკუთრებით ზრუნავდა ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი (1611- 1657 წწ.). მისი ბრძანებითა და სახსრებით შეკეთდა ილორის წმ. გიორგის ეკლესია. ამ დროს ხელახლა გადახურეს საყდარი, ხოლო დასავლეთის კარები ვერცხლით მოჭედეს. ოდიშის მთავარმა ტაძარს შესწირა მამულები, გლეხები, ოქროქსოვილი, შეამკო ჯვარ-ხატებით.
XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან ოდიშის სამთავროს მძიმე დრო დაუდგა. სრულ ანარქიას ერთვოდა აფხაზთა გამუდმებული თავდასხმები. თუკი XVI საუკუნის მიწურულსა და XVII საუკუნის დასაწყისში აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი – ტერიტორია ანაკოფიის მდინარესა (მდ. ფსირცხა) და მდ. კელასურს შორის, ახლა ისინი იწყებენ ბრძოლას მდ. კელასურის აღმოსავლეთი მიწა-წყლის მისატაცებლად. ამ ამბების შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „ხოლო ჟამებთა ამათ შინა იყო კირთება ოდიშს აფხაზთაგან“.
1681 წელს აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდ. კელასურიდან მდ. ეგრისწყლამდე (მდ. ღალიძგა). როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერდა, „გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ხმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე, და დაეშენებოდენ თვით აფხაზნი“. ამ დროსვე გაუქმდა დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები, რადგან ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება აფხაზთა მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე შეუძლებელი გახდა. კარგა ხანს ოდიშსა და აფხაზეთს შორის საზღვარი მდ. ღალიძგაზე გადიოდა.
1730 წელს ოდიშში ოსმალო დამპყრობლები შემოიჭრნენ. თურქებმა ილორის წმ. გიორგის ეკლესია გადაწვეს. მაშინ განადგურებულა ტაძრის მოხატულობა.
XVIII საუკუნეში ილორის წმ. გიორგის ეკლესია აღადგინეს. ამ დროს იმერეთის მეფეებმა ალექსანდრე V-მ (1720-1752 წწ.), სოლომონ I-მა (1752-1784 წწ.), დავით II-მ (1784-1789 წწ.), სოლომონ II-მ (1789-1810 წწ.) მას ყმები და მამულები შესწირეს.
XVIII საუკუნის 70-იან წლებში ბედიის კათედრაც მოიშალა აფხაზთა ექსპანსიის გამო. ამ დროიდან, მოქვისწყალსა და ღალიძგას შორის ტერიტორია ცაიშელის სამწყსოში შედიოდა. მიუხედავად ძნელბედობისა, ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურება თითქმის არასოდეს შეწყვეტილა.
XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის კონსული თბილისში ჟაკ ფრანსუა გამბა აღნიშნავდა: „აფხაზები და მეგრელები განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ ილორის ეკლესიას, რომელიც სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარზეა და დაუსრულებლად შეუძლიათ ლაპარაკი აქ მომხდარი სასწაულების შესახებ“.
1848 წლის აპრილში ტაძარი ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ მოიხილა. ის წერს, რომ ტაძარი მოხატული იყო ფრესკებით. მან აღწერა სიწმინდეები, გადმოიწერა წარწერები. ამავე ხანებში, აფხაზეთის მთავრის მიხეილ შარვაშიძის (1823- 1864) თაოსნობით, ილორის წმ. გიორგის ეკლესია კიდევ ერთხელ განაახლეს.
1864 წლის ივლისში რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო. ორი წლის შემდეგ, 1866 წლის აგვისტოში, სოხუმის ოკრუგის (აფხაზეთი), ოქუმის ოკრუგისა (სამურზაყანო) და წებელდის გაერთიანებით სოხუმის სამხედრო განყოფილება შეიქმნა. სამურზაყანოც სამეგრელოს სამფლობელოს ჩამოაშორეს და სოხუმის სამხედრო განყოფილებას, აფხაზეთს შეუერთეს.
1868 წლის 27 მაისს, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელიც 1868-1886 წლებში აფხაზეთის ეპარქიის მმართველი იყო, ილორში ჩავიდა. გაბრიელ ეპისკოპოსმა ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში წირვა ჩაატარა და შემდეგ ეკლესიის ეზოში შეკრებილ მრევლს ესაუბრა
„ნაშუადღევს დავათვალიერე ძველი ხატები, – წერს გაბრიელ ეპისკოპოსი, – რომლებზეც ბევრი ისტორიული წარწერაა ქართულ ენაზე. პატარა, ვიწრო და ნესტიან ეკვდერში ჩრდილოეთის მხრიდან რკინით შემოჭედილ სკივრში დაცულია ვერცხლისა და ოქროს სრულიად სხვადასხვა სახისა და წარმოშობის უამრავი ნივთი და ქვა“. ეპისკოპოსმა დეკანოზ დავით მაჭავარიანს დაავალა მათი ნუსხის შედგენა, წარწერების გადმოწერა. თუმცა ცნობილი არ არის დეკანოზმა დავით მაჭავარიანმა დავალება შეასრულა თუ არა, რადგან მის მიერ შედგენილი ილორის სიწმინდეების ნუსხა და გადმოწერილი წარწერები შემორჩენილი არ არის
გაბრიელ ეპისკოპოსს ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში მღვდელი ზოსიმე ხელაია (ილორის ეკლესიის წინამძღვარი 1860-1895 წლებში) მასპინძლობდა. მისმა შვილმა ამბროსიმ, 1921-1927 წლებში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მოგვიანებით დაწერა ნაშრომი „სოფელი ილორი და ილორის წმ. გიორგის ეკლესია“, რომელიც დაკარგულად მიიჩნევა
ილორის წმ. გიორგის ეკლესიის სიწმინდეების გადარჩენის, მათი დაცვისა და სამეცნიერო მიზნით გამოყენებისათვის დიდად ზრუნავდა ეპისკოპოსი კირიონ (1917-1918 წწ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი). 1902 წლის 13 მაისს მან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წინაშე აღძრა შუამდგომლობა ილორის წმ. გიორგის ეკლესიის ისტორიულ-არქეოლოგიური მნიშვნელობის მქონე ნივთების საეკლესიო მუზეუმისათვის გადაცემის შესახებ, მაგრამ სინოდალურმა კანტორამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
1904-1907 წლებში ილორის წმ. გიორგის ეკლესია კიდევ ერთხელ განაახლეს, თუმცა ტაძარს საგრძნობლად შეეცვალა იერი. 1911 წელს ტაძარი მხატვარ-არქიტექტორმა იაკობ რეისნერმა აღწერა. მისი ცნობით, ტაძარი დამახინჯებული და გავერანებული იყო. ეკლესია გადახურული იყო თუნუქით, კედლის მხატვრობა არსად ჩანდა, კედლები შელესილი და შეღებილი იყო.
1912 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა ანდრიამ (უხტომსკი) ილორის წმ. გიორგის ეკლესიის რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთება განიზრახა. მის განზრახვას წინ აღუდგა ნოვგოროდის ეპარქიაში გადასახლებული ამბროსი ხელაია. 1913 წელს გაზეთ „ზაკავკაზიეში“ მან გამოაქვეყნა წერილები, რომლებშიც ერთ-ერთ არგუმენტად, თუ რატომ არ შეიძლებოდა ქართული კულტურის ამ კიდევ ერთი კერის მოშლა და რუსულ დედათა მონასტრად გადაკეთება, ავტორი ასახელებდა ტაძრის არქიტექტურული იერ-სახის დამახინჯების საფრთხეს, როგორც ეს მოხდა ფსირცხასა (ახალი ათონი) და დრანდაში. ამბროსი ხელაიას უკომპრომისო ბრძოლამ ილორის წმ. გიორგის ეკლესიის დასაცავად, ნაყოფი გამოიღო და ის რუსულ მონასტრად გადაკეთებას გადაურჩა.
XX საუკუნის 20-30-იან წლებში, ათეიზმისა და ანტირელიგიური კამპანიის დროს, აფხაზეთში მრავალ ეკლესიასთან ერთად, მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა, ილორის წმ. გიორგის ეკლესიაც დაიხურა. 40-იანი წლების დასაწყისში ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურება აღდგა. 1952-1953 წლებში ეკლესია ხელახლა მოიხატა, 1959 წ. მისი გალავანიც აღადგინეს.
ილორობა
ილორის წმიდა გიორგის ეკლესია დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა და დღემდე ასეთად რჩება. აქ 10 ნოემბერს (ახ. სტ. 23 ნოემბერი) იმართებოდა ილორობა – ყველაზე დიდი დღესასწაული დასავლეთ საქართველოში. დღესასწაულზე უამრავი მლოცველი იყრიდა თავს დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხიდან – მეგრელები, აფხაზები, სვანები, იმერლები, გურულები, – უამრავი შესაწირით. სვანეთის სალოცავებიდან სანთელ-საკმეველი იგზავნებოდა. ილორის წმ. გიორგი სასწაულმოქმედად ითვლებოდა. ილორის წმ. გიორგი მიჩნეული იყო ავადმყოფობისაგან განმკურნებლად, მართლმსაჯულების განმახორციელებლად, ტყვეთა განმათავისუფლებლად, გლახაკთა ხელის აღმპყრობელად, ომიანობისას შემწედ და მფარველად.
2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ ილორის წმ. გიორგის ეკლესიას რუსული მცირე გუმბათი დააშენეს, ფასადი თეთრად შეღებეს, რომელსაც მოწითალო კანტები დაუყვება. ამით ეკლესიამ დაკარგა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლისათვის დამახასიათებელი ნიშნები, დამახინჯდა მისი იერ-სახე და რუსულ სამრევლო, სოფლის ეკლესიას დაემსგავსა. აღმოსავლეთის ფასადი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად შელესილია. შეიცვალა ეკლესიის ინტერიერიც, ფრესკები შეათეთრეს.
ილორის წმ. გიორგის ეკლესიის არქიტექტურული იერ-სახის შეცვლამ შეაშფოთა როგორც ქართული, ისე აფხაზური საზოგადოება. ისევე, როგორც XIX საუკუნეში, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს საბოლოოდ წაშალოს ქართული კვალი აფხაზეთში.
ბიბლიოგრაფია
- ისტორიული სამურზაყანოს წარწერები: ილორის წარწერები //ახალაძე ლ. აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო:ლაპიდარული და ფრესკული წარწერები. I.-თბ., 2005.-გვ. 96-108. ილორის ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, შემორჩენილი ლაპიდარული წარწერების ენობრივ-პალეოგრაფიული ანალიზი.
- ილორი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. V.-თბ., 1980.- გვ. 108. სოფ. ილორის წმინდა გიორგის სახელობის XI საუკუნის ეკლესიის ხუროთმოძღვრებასა და მხატვრულ გაფორმებაზე.
- ილორის ეკლესია //მიბჩუანი თ. აფხაზეთი ნაწ. I.- გვ. 215-217. მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
- მაკალათია ს. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია.-თბ., 1941.-გვ. 348-349. ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია-მხატვრულ-არქიტექტურული დახასიათება. ტექსტს ერთვის ფოტო.
- კასტელი დონ კრისტოფორო დე. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ.-თბ., 1976.- გვ. 450. მოცემულია ილორის ტაძრის ერთი ნახატი და წარწერების თარგმანი (გვ.173-174).
- ქართველთა უძველესი ეკლესია ილორში //სახალხო გაზეთი.-1912 (25 ივლ.).-გვ. 3. მოკლე ცნობები.
- ილორი //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XIII სს.).-თბ., 1980. - გვ.159-161. ილორის ეკლესიის XI-XII საუკუნეების წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი.
- ილორის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი .ტ .I. - თბ., 2007. - გვ. 16-17. წმინდა გიორგის სახელობის ილორის ეკლესიის მდებარეობა, მოკლე არქიტექტურული დახასიათება. მოხსენიებულნი არიან: ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი (XVII ს.), ვახუშტი ბატონიშვილი, ფეოდალი გიორგი გურგენიძე, მთავარეპისკოპოსი გიორგი, მღვდელი გიორგი ქოჩოლავა, მშენებლები: გიორგი გ[კ]ალატოზი და მიქაელი. ტექსტს ერთვის ეკლესიის სამი ფოტო. მოცემულია ილორის წმინდა გიორგის სახელობის ხატის მოკლე აღწერილობა და ფოტო - გვ.52-53. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
- წმიდა დიდმოწამე გიორგის მახვილი. ილორი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ. ი. - თბ. , 2005. - გვ.182-184. გადმოცემები XI საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის შესახებ. მოკლე ხუროთმოძღვრული დახასითება. ტექსტი ართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის საერთო ხატისა და კარედის ხატის ფოტოები.
- ილორი //როგავა გ. რელიგია და ეკლესია აფხაზებში. - თბ., 2007.- გვ. 157-158 //როგავა გ. აფხაზეთის ისტორიის საკითხები.- თბ., 2009. -გვ. 158. მოკლე ცნობა ეკლესიის ხატების წარწერების შესახებ.
- ილორის ეკლესია //მიბჩუანი თ. აფხაზეთი.ნაწ .I.-თბ., 2003.-გვ. 215-216. XI საუკუნით დათარიღებული, წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მოკლე აღწერილობა და ისტორია.
- მივხედოთ ილორის წმ. გიორგის ეკლესიას //„კოლხური დიადემა“.-1991 (ოქტ.).-N8-9.-გვ. 10. XI საუკუნის ძეგლის მდგომარეობის გამო.
- ქობალია ნ. „ყურესა მცირესა დაშთომილ ვართ...“ //გაზ. „კომუნისტი“.-1990 (8 აგვ.).-გვ. 4. წმ. გიორგის სახ. ეკლესიაზე - მოკლე ცნობა .
- ზუხბაია ვ. ქართული კულტურის ძეგლები აფხაზეთში //ძეგლის მეგობარი.-2000 .- N1 (108).- გვ. 29-34. რეზ. ინგლ. ენაზე. ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
- მოქვი, ილორი და დრანდა //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა. თბ., 2011.- გვ .112. მოკლე ინფორმაცია XI საუკუნის ილორის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულია ლევან II დადიანი. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
- Памятники Илори //Пачулия В. По древней, но вечно молодой Абхазии.-Сухуми., 1969.- с. 77-78.
- ილორის ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები .- თბ., 2012.- გვ. 213. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
- ხვისტანი რ. ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია//ენგურ-მოქვისწყალის აუზის (აფხაზეთი) ქრისტიანული ძეგლები.-თბ., 2015. - გვ. 73-74.
წყარო
- ბეჟან ხორავა:"მოქვის ღვთისმშობლის ტაძარი",- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №34,-2016 წლის აპრილი.
- საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი