ინგოროყვა ნატო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნატო ინგოროყვა

ინგოროყვა ნატო – (1967), პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა სოფელ მაკვანეთში (ოზურგეთი). გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: „და სახლობს ჩემში პოეტი ევა“ (2003 წ ), „ხმელები და ნედლები“ (2011წ ), „წონასწორობა“ (2013 წ) და „Porcellanae პოეზია“ (2015 წ). ქართულად თარგმნა გამოსცა ავსტრიელი პოეტის, რაინერ მაირია რილკეს პოეზია. არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ „მასწავლებლის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge”-ს მთავარი რედაქტორი, ინფორმაციული წიგნიერების საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.


სიკვდილის რეპეტიცია

ერთხელაც
ყველა მკვდარი გადაგიბრუნდება საფლავში
მიწა დაიძვრება.
ერთხელაც
ყველა ცოცხალი ზურგს გაქცევს
გაკოტრდება სიტყვა – სამშობლო.
ერთხელაც
ვეღარ შეავსებ სისხლის ბანკით,
რადგანაც გახსოვს:
გადაიტანე სიტყვა – სიყვითლე.
ერთხელაც
სარკმელს ორპირი ქარი
ერთჯერადი გასროლის ხმით შემოგიხურავს.
ერთხელაც
მოგიკვდებოდი, მაგრამ,
ვიცი, ამით ვერ დაგსჯი.
ერთხელაც
ვეღარ იქცევი აჩრდილად,
ეკრანზე გადატანილი შიშებით
რომ შემაშინო.
ერთხელაც
ვეღარ ჩამკეტავ
ელექტრონულ ციხესიმაგრეში,
შემოგყვები ცოდვის სიღრმეში,
ჩაგიხურავ ყველა ფანჯარას.
ერთხელაც
გეტყვი: ეშმაკსაც წაუღიხარ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები