ინერციის მომენტი
ინერციის მომენტი – ნივთიერ წერტილთა სისტემაში ან მყარ სხეულში მასების განაწილების მახასიათებელი. ინერციის მომენტი არის სხეულის ინერტულობის საზომი მისი რაიმე ცენტრის ან ღერძის გარშემო ბრუნვისას. ნივთიერ წერტილთა სისტემის ინერციის მომენტი რაიმე ცენტრის (ღერძის ან სიბრტყის) მიმართ ეწოდება სკალარულ სიდიდეს, რომელიც ტოლია სისტემაში შემავალი წერტილების მასებისა და აღებულ ცენტრამდე (ღერძამდე ან სი-ბრტყემდე) მათი მანძილების კვადრატების ნამრავლთა ჯამისა. რთული კონფიგურაციის სხეულის ინერციის მომენტს ჩვეულებრივ განსაზღვრავენ ექსპერიმენტულად. ნაკვთის (განივი კვეთის, ფიგურის) ინერციის ღერძული მომენტი ეწოდება გეომეტრიულ მახასიათებელს, რომელიც გამოითვლება გამოსახულებით: ox ღერძის მიმართ Jx = ∫ y2dA = ∫∫ y2dxdy; oy ღერძის მიმართ Jy = ∫ x2dA = ∫∫ x2dxdy, სადაც y არის მანძილი ელემენტალური dA ფართობიდან ox ღერძამდე; x - მანძილი ელემენტალური dA ფართობიდან oy ღერძამდე. მარტივად რომ ვთქვათ, განივი კვეთის (ნაკვთის, ფიგურის) ინერციის მომენტი რაიმე ღერძის მიმართ, არის ამ განივი კვეთის ფართობის ნამრავლი განივი კვეთის სიმძიმის ცენტრიდან ღერძამდე მანძილის კვადრატზე. განზომილებაა: სმ4; დმ4; მ4. ინერციის მომენტის ცნება ფართოდ გამოიყენება მასალათაგამძლეობის, მექანიკისა და ტექნიკის მრავალი ამოცანის ამოხსნისას.