ინვერსიული ლექსიკონი
ინვერსიული ლექსიკონი - ლექსიკონი, რომელშიც სიტყვები ანბანის რიგზე გაწყობილია შებრუნებით, ანუ დაბოლოების მიხედვით. ამგვარად, თუ ჩვეულებრივ ლექსიკონებში სიტყვები განლაგებულია თავკიდურ ასოებზე (ბაძი, ბაძგი, ბაძვა, ბაძილი, ბაწარი, ბაჭია...), ინვერსიულ ლექსიკონში ბოლოკიდური ასოები იცავენ ანბანურ რიგს (ორფა, ქორფა, ტურფა, ულუფა, აქა, მუთაქა, ლაქა, ლაქლაქა...).
აღსანიშნავია ინვერსიულ ლექსიკონთა სამეცნიერო და პრაქტიკულ-ფილოლოგიური დანიშნულება. დაბოლოებათა მიხედვით სისტემატიზაციის გზით ამგვარი ლექსიკონები ნათელ სურათს იძლევა სიტყვათა აუსლაუტის ფონოლოგიური და მორფოლოგიური სტრუქტურის შესახებ, აადვილებს სუფიქსების მიხედვით ფორმათა ძიებასა და ანალიზს, მით უფრო, როცა საკითხი ეხება აგლუტინაციური ტიპის ენებს. ამგვარად გაწყობილი მასალა მაქსიმალურად ხელმისაწვდომია პედაგოგიური დანიშნულებითაც.
ენობრივი მასალის ინვერსიული სისტემატიზაცია განსაკუთრებით აქტუალური ხდება მანქანური ენის დამკვიდრების, მასალის ავტომატური ანალიზისა და სინთეზის ინტენსიური დანერგვის პირობებში.
ინვერსიული ლექსიკონის შედგენა გულისხმობს საწყის მასალად რაიმე კონკრეტული ლექსიკონის (სიტყვანის) არსებობას – ცალკეული ნაწარმოებისა თუ მწერლის ლექსიკონიდან დაწყებული და ენის სრული განმარტებითი ლექსიკონით დამთავრებული. ქართული ენისათვის არსებობს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ მომზადებული „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ 8-ტომეულის საფუძველზე ბ. ფოჩხუას რედაქციით შედგენილი „ინვერსიული ლექსიკონი“ (თბ., 1967) და ილ. აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონის“ საფუძველზე შედგენილი ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონის“ ინვერსიული საძიებელი“ (თბ, 1979).
ა. არაბული