ინჟინერინგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინჟინერინგი - (engineering), საქმიანი (წარმოებრივი დანიშნულების) მომსახურების ერთ-ერთი სახეობა, ინტელექტუალური საქმიანობის ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს კომერციულ საფუძველზე ამა თუ იმ საინჟინრო საკონსულტაციო მომსახურების გაწევას. ინჟინერინგს ეწევიან როგორც სპეციალიზებული საინჟინრო-საკონსულტაციო ფირმები, ისე სამრეწველო, სამშენებლო და სხვა კომპანიები. ინჟინერინგის ტიპის მომსახურების მთელ ერთობლიობას ყოფენ ორ ჯგუფად:

  1. პროდუქციის წარმოების პროცესის მომზადებასთან დაკავშირებული მომსახურება;
  2. პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესის ნორმალური მსვლელობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურება.

პირველ ჯგუფს მიეკუთვნება:

ა) წინასაპროექტო მომსახურება. მასში შედის: სოციალურ-ეკონომიკური გამოკვლევები, ტოპოგრაფიული გადაღებები და ადგილმდებარეობის დაგეგმარება; ნიადაგის გამოკვლევა; წიაღისეულის ძიება, რეგიონების განაშენიანების, სატრანსპორტო ქსელის განვითარების გეგმების შემუშავება; პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებულობის მომზადებისათვის გამოკვლევების ჩატარებადა სხვ.,

ბ) საპროექტო მომსახურება, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ბაზისურ და დეტალურ (დაწვრილებით) ინჟინერინგად. ბაზისურ ინჟინერინგში შედის: წინასწარი საინჟინერინგო გამოკვლევებისა და პროექტების, გენერალური გეგმისა და თანმხლები სქემების, რეკომენდაციების მომზადება, პროექტების ღირებულების, მისი ექსპლუატაციისა და შექმნისათვის საჭირო ხარჯების წინასწარი შეფასება.

დეტალურ ინჟინერინგში შედის:

ა) პროექტის დეტალური გამოკვლევა, შემაჯამებელი საარქიტექტურო პროექტის შემუშავება, ტექნიკური სპეციალისტების, მხაზველებისა და ა.შ. მომზადება. იგი მოიცავს ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით კონტრაქტის დადებისათვის გაწეულ სამუშაოებს, რომელშიც შედის: საკონტრაქტო დოკუმენტაციის მომზადება; აუქციონის ორგანიზაცია; წინადადებების შეფასება; რეკომენდაციების შედგენა; კონტრაქტის დადება; პროექტის გაძღოლა-ზედამხედველობა; მშენებლობის მართვა; სამუშაოს დამთავრების შესახებ სერტიფიკატის შედგენა და გაცემა, მშენებლობის შესახებ ტექნიკური დასკვნის გაკეთება; ტექნიკური პერსონალის მომზადება; პროდუქციის გასაღებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ბ) სპეციალური მომსახურება, განპირობებული მოცემული ობიექტის შექმნის კონკრეტული პრობლემებით (ნარჩენების უტილიზაციასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა, იურიდიული პროცედურები და ა.შ.).

საინჟინერინგო მომსახურების მეორე ჯგუფს მიეკუთვნება: წარმოების პროცესის მართვასა და ორგანიზაციასთან დაკავშირებული მომსახურება; მოწყობილობების გამოცდასთან დაკავშირებული მომსახურება; ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მომსახურება (კადრების შერჩევა და მომზადება, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ორგანიზაცია, ხელფასისა და სამუშაოთა სტრუქტურის დადგენა, ექსპლოატაციის მეთვალყურეობა და სხვ.); კვალიფიციური დახმარება დაფინანსების საკითხში (კონსულტაციები დაფინანსების ორგანიზაციაში, შემოსავლებისა და დანახარჯების შეფასება და რეკომენდაციები მათი ოპტიმიზაციის მიზნით, კონსულტაციები ფინანსური პოლიტიკის საკითხში და ა.შ.); პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურება (ბაზრების კონიუნქტურის გამოკვლევა, რეკლამის ორგანიზაციაში დახმარების გაწევა, კონსულტაციები გასაღების სფეროში და ა.შ.); საინფორმაციო უზრუნველყოფის სისტემის, ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნიკის დანერგვასთან დაკავშირებული მომსახურება. საინჟინერინგო მომსახურება კვლავწარმოებადია. ამით იგი განსხვავდება „ნოუ-ჰაუს”, ლიცენზიებისა და ტექნოლოგიის სფეროში ცოდნის სხვა ფორმებისაგან.




წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები