ინსტიტუციონალიზმი
ინსტიტუციონალიზმი - (institutionalism), მიმდინარეობა ეკონომიკურ თეორიაში, რომლის წარმომადგენლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ინსტიტუტების როლს ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. ინსტიტუციონალიზმი წარმოიშვა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში და აისახა ამერიკელი ეკონომისტების თ. ვებლენის, ჯ. კომონსის, უ. მიტჩელისა და სხვათა ნაშრომებში. ინსტიტუციონალისტები აკრიტიკებენ საბაზრო ეკონომიკის ავტომატურად რეგულირების კონცეფციას.
მათ უკანა პლანზე გადასწიეს ეკონომიკურ ურთიერთობათა სუბიექტების კერძო ინტერესების კვლევა და უპირატესობას ადამიანთა ქცევაში საზოგადოებრივ მოტივებს ანიჭებენ. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ინსტიტუციონალიზმი გავრცელდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების გაძლიერებამ შეასრულა.