ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია - შეიქმნა, როგორც სტრუქტურული ფსიქოლოგიური მკურნალობა, რომელიც დეპრესიული პაციენტების ინტერპერსონალური პრობლემების მოგვარებაზეა მიმართული (Klerman et al., 1984). თუმცა, ამ მეთოდს უფრო ფართო გამოყენებაც გააჩნია. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი აშლილობების სამკურნალოდ, რომელთა დროსაც მსგავსი პრობლემები ქცევის შენარჩუნებას უწყობს ხელს (მაგალითად, კვებითი აშლილობა). ინტერპერსონალური თერაპიის აღწერისას, უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას მის მიერ გამოყენებულ მიდგომაზე და არა ტექნიკაზე, რომელსაც სხვა ტიპის ფსიქოთერაპიის დროსაც მოიხმარენ.

მკურნალობა მკაცრად სტრუქტურირებულია. სეანსების რაოდენობა და ხანგრძლივობა წინასწარ იგეგმება. ინტერპერსონალური პრობლემები შემდეგი ოთხი კატეგორიის ფარგლებში განიხილება:

  • მძიმე და სხვა სახის დანაკარგი
  • როლური კონფლიქტი
  • ახალი როლის მიღება
  • „ინტერპერსონალური დეფიციტი“, როგორიცაა, მაგალითად, მარტოობა.

პრობლემები განიხილება კონკრეტული სიტუაციების მაგალითზე. თერაპიის დროს ფასდება მათი დაძლევის ალტერნატიული გზები, ისახება მკაფიო მიზნები და ტარდება მათი (მიზნების) მიღწევის მონიტორინგი. საშინაო დავალების შესრულებისას პაციენტმა უნდა მოსინჯოს გამკლავების ახალი სტრატეგიები. მკურნალობის შუა ეტაპზე, ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემათა ოთხი კატეგორიისთვის, სპეციფიკურ მეთოდებს იყენებენ. ინტერპერსონალური კონფლიქტის დროს, პაციენტებს ეხმარებიან, რომ მათ ზუსტად განსაზღვრონ კონფლიქტის თემა, ისევე, როგორც განსხვავებები საკუთარ და მეორე ადამიანის ღირებულებებს შორის. მათ ეხმარებიან მეორე პირთან მოლაპარაკებების წარმოებაში და, აგრეთვე, იმის დანახვაში, თუ თავად რა წვლილი შეიტანა პაციენტმა იმ პრობლემების წარმოქმნაში, რომელსაც მეორე ადამიანს მიაწერს. მსგავსი სახით ხდება ახალი როლის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების მოვლა. ინტერპერსონალური დეფიციტის განხილვა, ამჟამად, არსებული ურთიერთობის პრობლემების გაანალიზებით ხდება. აგრეთვე, ანალიზს ექვემდებარება პაციენტის წინარე მცდელობა, რომელიც პრობლემური ურთიერთობის გადაჭრაზე იყო მიმართული. მიმდინარეობს ალტერნატივების განხილვა. ორი ან სამი საბოლოო სეანსის დროს, პაციენტებს ეხმარებიან წინასწარ განჭვრიტონ მომავალი პრობლემები და იფიქრონ იმის შესახებ, თუ როგორ არის მათი დაძლევა შესაძლებელი.

რამდენიმე კლინიკურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ინტერპერსონალური თერაპია ეფექტურია დეპრესიული აშლილობის მქონე მოზარდ და ზრდასრულ პაციენტებთან (Mufson, 2004), აგრეთვე, დისთიმიის (Markowitz, 2003) და ნერვული ბულიმიის დროს.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები