ინფლაციური მოლოდინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინფლაციური მოლოდინი - (inflationary expectations), ეკონომიკური სუბიექტის მიერ ინფლაციის შესაძლო ტემპების შეფასება მომავალი დროისათვის. ინფლაციური მოლოდინი გარკვეულწილად ფირმების, წარმოების მუშაკების, მთლიანად მოსახლეობის ქცევის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. მაღალი ინფლაციური მოლოდინი აჩქარებს ინფლაციურ პროცესს, დაბალი კი რამდენადმე ანელებს ინფლაციის ტემპებს. თუ მაგალითად, მუშები შემდეგი წლისთვის (ან თვისთვის) ფასების მომატებას ელიან, ისინი ზეწოლას ახდენენ მეწარმეებზე და მოითხოვენ ხელფასის მომატებას ისე, რომ იგი არ ჩამორჩებოდეს თუნდაც ინფლაციის ტემპებს. თუ მეწარმეები ფასების ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას ელიან, ისინი ცდილობენ მოუმატონ ფასები წარმოებულ პროდუქციას ისე, რომ უზრუნველყონ ინფლაციასთან შედარებით მოგების წინგამსწრები ტემპით ზრდა და არ ეწინააღმდეგებიან ხელფასის გადიდებას იმ იმედით, რომ მის კომპენსაციას ფასების მატებით მოახდენენ.

ეკონომიკურ თეორიაში განასხვავებენ ინფლაციური მოლოდინის სამ ტიპს: ექსტრაპოლაციურს, ადაპტიურს და რაციონალურს.

ექსტრაპოლაციურ-ინფლაციურ მოლოდინთან საქმე გვაქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ეკონომიკური სუბიექტები ვარაუდობენ, რომ ინფლაციის ტემპები მომავალში ადრინდელის ტოლი იქნება.

ადაპტიური ინფლაციური მოლოდინი ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური სუბიექტები პერსპექტივაში ინფლაციის შეფასებისას ახდენენ წინა პერიოდის ინფლაციის ტემპების კორექტირებას და აანალიზებენ დაშვებულ შეცდომებს. მაგ., ეკონომიკური სუბიექტი, თუ მაისში ინფლაციის ტემპების შეფასებისას შეცდა და ვერ შეაფასა იგი 5 პროცენტული პუნქტით, ივნისში ინფლაციის მაისის ფაქტობრივ ტემპებს გამოიყენებს. თუ ინფლაცია, ვთქვათ, 25%-ს შეადგენს, ეკონომიკური სუბიექტი მის კორექტირებას მოახდენს დაშვებული შეცდომის საფუძველზე, ე.ი. 25%-ს დაუმატებს 5%-ს. ამრიგად, ინფლაციური მოლოდინი ივნისში 30% იქნება.

რაციონალურ ინფლაციურ მოლოდინს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ეკონომიკური სუბიექტები მათთვის ხელმისაწვდომი ინფლაციის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრავენ ინფლაციის ტემპებს მომავალი პერიოდისათვის და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ.

ინფლაციური მოლოდინის პირველი ორი ტიპი რეალური ხასიათისაა, მესამე კი გარკვეულწილად თეორიული აბსტრაქციაა.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები