იოანე შავთელის ქუჩა
იოანე შავთელის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (ზემო უბანი); ერეკლე II-ის მოედნიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე. შუა საუკუნის თბილისის ერთ-ერთი ძირითადი მაგისტრალი. აქ, ახლანდელი შავთელის, ერეკლე II-ისა და სიონის ქუჩების გასწვრივ, მიემართებოდა ძვ. თბილისის ძირითად ქუჩათა სისტემა. ამ ღერძის გაყოლებით იყო განლაგებული უმნიშვნელოვანესი სასწავლო, საზოგადოებრივი და საცხოვრებელი ნაგებობები. XVI-XVIII საუკუნეებში ქუჩის მონაკვეთს, ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩიდან – ანჩისხატის ეკლესიამდე, წყლის კარის ქუჩა ერქვა (აქ მდებარე ქალაქის ერთ-ერთი კარის წყლის კარის გამო). ქუჩის ინტენსიურ განაშენიანება როსტომ მეფის სასახლის აშენებით დაიწყო. ძირითადად ცხოვრობდნენ ფეოდალური არისტოკრატიისა და უმაღლესი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მთელ ქუჩას ანჩისხატის ქუჩა ეწოდა (დატანილია თბილისის 1851 წ. გეგმაზე). სახელწოდება უკავშირდება აქ აღმართულ ანჩისხატის ეკლესიას (VI ს.). 1923 იოანე შავთელის სახელი დაარქვეს. XIX საუკუნიდან შავთელის ქუჩაზე დაიწყო 2-3 სართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. XX ს. 20-30-იან წლებში ზოგი ისტორიული შენობა აიღეს. დღეისათვის შავთელის ქუჩა გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად. სარესტავრაციო სამუშაოების დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად (1956-57) დადასტურდა გვიანდელი შუა საუკუნეების საკანალიზაციო სისტემის არსებობა შავთელის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც ბარათაშვილის ქუჩასა და ანჩისხატის ეკლესიას შორის არის მოქცეული და არსებითად ფეხით მოსიარულეებს ეთმობა, დღემდე შემონახულია მრავალი საინტერესო შენობა. მათ შორის XIX ს. I ნახევრის საცხოვრებელი სახლები (№15, 17), რომელთაც შესასვლელი ქუჩიდან აქვთ. ხოლო ეზოები გახსნილია სანაპიროსკენ. 1981 წ. რეკონსტრუქციის შემდეგ (არქიტექტორი გ. ჯაფარიძე) ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი გადაკეთდა მარიონეტების თეატრად (ახლანდელი თეატრ-სტუდია რ. გაბრიაძის ხელმძღვანელობით). თეატრის წინ გაგანიერებული ქუჩის ნაწილი შემდეგ საგრძნობლად ვიწროვდება (10 მ-მდე და უფრო ნაკლები ტროტუარებიანად) და ამ სახით აღწევს ერეკლე II-ის მოედნამდე. განსაკუთრებით საინტერესოა ქუჩის მარცხენა (ბაზილიკის მოპირდაპირე) მხარე, რომელზედაც გამოდის ჩახრუხაძის ქუჩის სახლების უკანა ფასადები, მათ შორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლიც ქუჩისკენ გახსნილი ეზოთი და აივნების რიგით. ქუჩის თავში, ერეკლე II-ის მოედანზე, დგას წმინდა გიორგის კარის ეკლესია (1710/12). ქუჩაზეა თ. თუმანიშვილის სახელობის საბავშვო სათამაშოების მუზეუმი. აქვს 1 დაღმართი, 1 შესასვლელი (თბილისის 1934 წ. გეგმაზე დატანილია როგორც შავთელის ჩიხი).