იოსელიანი პლატონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პლატონ იოსელიანი

იოსელიანი პლატონ – (1809–1875), ისტორიკოსი, ლიტერატორი, ფილოსოფოსი, მწიგნობარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. გიორგი მეთორმეტის კარის მღვდლის შვილი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, იყო დავით რექტორის მოწაფე. 1829-32 წწ. სწავლობდა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. ფლობდა ლათინურ, ბერძნულ, რუსულ ენებს. საქართველოში დაბრუნების (1835) შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა ფიზიკას, ფილოსოფიას და ღვთისმეტყველებას. იყო მართლმადიდებელი ეკლესიის და კავკასიის (განსაკუთრებით — საქართველოს) ისტორიის მცოდნე, საბერძნეთის, ბერლინის, პარიზის, პეტერბურგის, მოსკოვის, კიევის, ოდესის არქეოლოგიურ საზოგადოებათა წევრი. გამოსცა და რედაქტორობდა „ზაკავკაზსკი ვესტნიკს“, რომელშიც უმეტესად ისტორიული ხასიათის წერილები იბეჭდებოდა. 1844 წ. სამეცნიერო მიზნით შემოიარა საქართველო და შეაგროვა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური და საისტორიო მასალა. 1849-50 წწ. იმოგზაურა საბერძნეთში.

პ. იოსელიანს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ისტორიული შრომა, რომელთაგან აღსანიშნავია: „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“, „საქართველოს საეკლესიო ისტორია“ (1841), „დიდი მოურავის ცხოვრება“, „საქართველოს ძველი და ახალი ქალაქები“, „მოგზაურობა დაღესტანში“, „შოთა რუსთაველი“, „კაცხის ტაძარი იმერეთში“, „მარტყოფის მონასტერი“, „გელათის მონასტერი“. წერდა ქართულად და რუსულად. ენის საკითხში არქაისტი და კონსერვატორი იყო, „მამათა“ და „შვილთა“ პაექრობის დროს „მამათა“ ბანაკის მხარე ეჭირა.

პ. იოსელიანის მიერ შედგენილი და გამოცემულია „მცხეთის ტაძრის წიგნთსაცავის კატალოგი“, „ქართული ენის გრამატიკა“ (1841), „ქართული კალენდარი“ (1840), „ანბანი ქართული სასარგებლოდ ქართველთა ახალ–მოსწავლეთა ყრმათა“, „ქართული გრამატიკის პირველ-დაწყებითი კანონი“ (1840). დიდი ამაგი დასდო ლიტერატურულ ძეგლთა გამომზეურებას: გამოსცა ჩახრუხაძის „თამარიანი“ (1838), შავთელის „აბდულმესია“ (1838), იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანი“ (1851), ტიმოთე გაბაშვილის „მოხილვა წმიდათა და სხვათა აღმოსავლეთისა ადგილთა“ (1852), იონა რუისის მიტროპოლიტის „მიმოსვლა ანუ მგზავრობა“ (1852), ანტონ კათალიკოსის „წყობილსიტყვაობა“ (1853), არჩილ მეფის „ცხოვრება მეფის თეიმურაზ პირველისა“ (1853).

პ. იოსელიანმა თეიმურაზ ბატონიშვილის თხოვნით ქართულად თარგმნა „ისტორია ყოველთა მწვალებელთა ქრისტიანობისა ვიდრე დაწყებით დროთა ჩვენამდე“ თარგმნა აგრეთვე ლამარტინის ლექსი „ბრძოლა ბერძენთა პირისპირ ოსმალთან“.

ლიტერატურა

  • ზ. ჭიჭინაძე, პლატონ იოსელიანი, ტფ., 1893 [[1]];
  • ს. ცაიშვილი, პლატონ იოსელიანი, წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. II, 1953.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები