ბერნული იოჰან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იოჰან ბერნული-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოჰან ბერნული (1667 – 1748), შვეიცარიელი მათემატიკოსი.

იოჰან ბერნული

იოჰან ბერნული დაიბადა ფლამანდიელის ოჯახში, რომელიც ემიგრაციაში წავიდა XVI საუკუნეში შვეიცარიაში ჰერცოგ ალბას მიერ დევნის გამო. ამ ცნობილი გვარის ფუძემდებელი იყო იოჰანის ძმა იაკობ ბერნული. ამ ოჯახიდან გამოვიდა რამდენიმე ცნობილი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. თუმცა ყველაზე ცნობილებს მიეკუთვნებოდნენ იოჰანი, მისი ძმა იაკობი და იოჰანის შვილი დანიელი.

იოჰან ბერნული დიდი გერმანელი მათემატიკოსის ფ. ვ. ლაიბნიცის მოსწავლე იყო. 1695 წელს იოჰან ბერნული დაინიშნა მათემატიკის პროფესორად გრონინგენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია), ხოლო 1705 წელს მისი ძმის იაკობის გარდაცვალების შემდეგ მიიღო ბაზელის უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრა.

პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი იყო. ამ აკადემიის გამოცემებში მან 9 ნაშრომი გამოაქვეყნა.

იოჰან ბერნული ცნობილია ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვის სფეროში რამდენიმე აღმოჩენით, იგი ამუშავებდა დიფერენციალური განტოლებების ამოხსნის მეთოდებს. ძმასთან იაკობთან ერთად მოგვცა ვარიაციული აღრიცხვის საწყისები, ითვლიდა სხვადასხვა მრუდების სიგრძეს, იგი იყო ავტორი ბევრი ორიგინალური მეცნიერული ნაშრომისა ამ საკითხებში, სხვათა შორის მას ეკუთვნის დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის პირველი სისტემატური გადმოცემა.

ლაიბნიცთან აქტიური თანამშრომლობით დაამუშავა დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის საკითხები, რომლებშიც მათ მრავალი აღმოჩენა ჰქონდათ (მოძღვრება მაჩვენებლიანი ფუნქციის შესახებ; Wil001.png სახის განუზღვრელობის გახსნის წესი, რომელსაც შეცდომით ლოპიტალის წესი ეწოდება; რაციონალური წილადის ინტეგრება; სხვადასხვა წირის კვადრატურა და გაწრფევება; ფუნქციის ცნების, როგორც ანალიზური გამოსახულების განსაზღვრა, რომელიც შედგება ცვლადებისა და მუდმივებისაგან, და სხვ.).

იოჰან ბერნულის ეკუთვნის დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის პირველი სისტემატური გადმოცემა. მის მიერ დიფერენციალურ აღრიცხვაში ლოპიტალისათვის წაკითხული ლექციების კონსპექტი დაედო საფუძვლად ლოპიტალის მიერ დაწერილ „უსასრულოდ მცირეთა ანალიზს“ (1687). ინტეგრალურ აღრიცხვათა კურსი იოჰანმა გამოსცა 1742 წელს. მანვე განავითარა ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებათა ამოხსნის ზოგიერთი მეთოდი (პირველი რიგის ერთგვაროვანი და წრფივი განტოლება, ე.წ. ბერნულის განტოლება; მუდმივ კოეფიციენტებიანი წრფივი განტოლება, ტრაექტორიების ამოცანები); მან დასვა კლასიკური ამოცანა გეოდეზიური წირების შესახებ და იპოვა მათთვის დამახასიათებელი გეომეტრიული თვისება, ხოლო მოგვიანებით გამოიყვანა ამ წირების დიფერენციალური განტოლება.

ძმები იაკობ და იოჰან ბერნულები იღებდნენ უაღრესად შემოქმედებით მონაწილეობას უსასრულო მცირეთა აღრიცხვის დამუშავებასა და გამოყენებაში. იკვლევდნენ მრავალ პრობლემას, მათ შორის ჯაჭვწირისა და ბრაქისტოქრონის ამოცანებს. მათი მათემატიკური იდეები, მათი ცდა აეგოთ მათემატიკური ანალიზი პრაქტიკულ ამოცანებთან მჭიდრო კავშირში ერწყმოდა ბუნებისმეტყველების განვითარების მოწინავე ტენდენციებს. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს იოჰან ბერნულის შრომებიდან მექანიკაში, სადაც გადმოცემულია მისი მნიშვნელოვანი გამოკვლევები.

მეცნიერების ისტორიაში მყარად შევიდა ასეთი განსაზღვრება: „ბერნულის ლემნისკატა“, „ბერნულის რიცხვები“, „ბერნულის პილინომები“, აგრეთვე „ბერნულის თეორემა“, რომელიც წარმოადგენს ენერგიის შენახვის ზოგადი კანონის ზედმიწევნით დამუშავებას. ამ თეორემის მათემატიკურ ფორმას წარმოადგენს ეგრეთწოდებული „ბერნულის ფორმულა“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები