ირისი (ტაბუ)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირის-ი (ბალყ.-ყარაჩ. Ырыс – „აკრძალვა“, „ნიშანი“) – ტაბუ. ბალყარელებში და ყარაჩელებში ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა სახის აკრძალვები, მაგალითად, ხალხური რწმენით, ღამით არ შეიძლებოდა ძველი ნალის გადაგდება – ცხენი იბორძიკებდა, უფრო მეტიც – ოჯახში ცხენით მოსიარულე მამაკაცი არ დარჩებოდა; არა ჰხამდა ზღურბლზე დაჯდომა, ნიკაპქვეშ ხელამოდებული ჯდომა – მშობლები გარდაგეცვლებოდა და ა. შ. იკრძალებოდა სკების გაჩუქება ან გაყიდვა, რადგანაც მიიჩნებდნენ, რომ მათი გასხვისებით იჯახი ბარაქასა და ბედნიერებას დაკარგავდა. ამიტომ ფუტკრის ოჯახის გასხვისება „საიდუმლოდ“, მისი პატრონის გარეშე ხდებოდა. ანალოგიურად იქცეოდნენ წათხის ან საკვეთის მიმართაც, რადგან მათი გაყიდვა და გაჩუქება იკრძალებოდა. შემთხვევითი არაა ვ. იგნატიევის ცნობა იმის თაობაზე, რომ „უკანასკნელ დრომდე ამ მაწვნის დედის შოვნა ძალზე რთული იყო“. თუ ოჯახს მაწვნის დედა, კვეთი ან ხაში გამოელეოდა, მიმართავდნენ „წათხის ქურდობის“ (гыпы урлау/урламакъ) წესს: მიდიოდნენ მეზობელთან და „მალულად იპარავდნენ“. სწმდათ, რომ ასეთ „მოპარვას“ თვით წათხის მფარველი თუნუხანი ითხოვდა და ამიტომ „ქურდობა“ კეთილად დასრულდებოდა.

მრავალრიცხოვანი იყო საკვებთან დაკავშირებული აკრძალვები. არ შეიძლებოდა ბავშვისთვის თირკმლის მიცემა – სხეულს მეჭეჭი დაუფარავდა; მოსავლის პირველი ნაყოფით მშიერი ადამიანის გამასპინძლება – ჭირნახული კვებით ძალას დაკარგავდა; ახლობლების თვის მჟავე ნაყოფის ჩუქება – ურთიერთობა გაცივდებოდა; მეზობლისგან ნათხოვარი ჭურჭლის ცარიელი დაბრუნება – ადამიანი გაღარიბდებოდა და სხვ.

არსებობდა სახელთა ტაბუ: რძლები ქმრის მშობლებს ნამდვილ სახელებს არ ეძახდნენ (მათ სხვა სიტყვით ცვლიდნენ). განსაკუთრებული აკრძალვები ორსულებზე და მათთან ურთიერთობაში მყოფებზე ვრცელდებოდა: არ შეიძლებოდა ლაპარაკი ავადმყოფობაზე – მომავალი ბავშვი დაავადდებოდა; ორსულის შეწუხება ან შეშინება – ბავშვი შასაძლოა, მფრთხალი გაზრდილიყო; ფეხმძიმეს ეკრძალებოდა კურდღლის ხორცის ჭამა – ბავშვი მშიშარა იქნებოდა და სხვ.

ზოგიერთი აკრძალვა მხოლოდ ამა თუ იმ გვარის წარმომადგენლებზე ვრცელდებოდა. მაგალითად, გოგუევები ცხოველთა ყურებს არ ჭამდნენ, ჟურთუბაევები ძველ საფლავში ან საგანძურში ნაპოვნ საგნებს ხელს არ ახლებდნენ (როგორც ჩანს, ეს აკრძალვები რაღაც კონკრეტულ შემთხვევებთან არის დაკავშირებული).


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები