ისიქ-ქოლის ქვაბული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისიქ-ქოლის ქვაბული – ერთ-ერთი უდიდესი მთათაშუა ქვაბულია ტიან-შანის სისტემის ფარგლებში. მდებარეობს ყირგიზეთის ტერიტორიაზე. ჩრდილოეთიდან აკრავს კუნგეი-ალათაუს ქედი, სამხრეთიდან – თერსქეი-ალათაუს ქედი. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 240კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 70 კმ-ზე. ქვაბული ტექტონიკური წარმოშობისაა (სინკლინშია განვითარებული) რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ისიქ-ქოლის ტბას წყლით დაუფარავი ქვაბულის რელიეფში შერწყმულია მთისწინა მაღლობები და დახრილი ვაკეები რელიეფის ძირითადი ნიშნები განსაზღვრა დედამიწის ქერქის უახლესმა ტექტონიკურმა მოძრაობამ. იგი მდებარეობს ტექტონიკურად არამდგრად ზონაში, რასაც ადასტურებს ძლიერი მიწისძვრები.

ქვაბული ზომიერი სარტყლის უდაბნოთა ზონაში მდებარეობს, მნიშვნელოვანი კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებია ტერიტორიის აბსოლუტური სიმაღლე, იზოლირებული მდებარეობა და ისიქ-ქოლის ერცელი წყალსატევი, რომელიც მნიშვნელოვნად არბილებს ჰავის კონტინენტურობას. ზამთარი ზომიერად ყინვიანია (მინუს 4-9°), ზაფხული თბილი (ივლისის საშუალო ტემპერატურა პლუს 17°) და მშრალია. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ნალექების წლიური რაოდენობა კლებულობს 500 მმ-დან 100 მმ-მდე, მცირეღრუბლიანობა განსაზღვრავს მზის ნათების მაღალ მაჩვენებელს (2646-2828 საათი წელიწადში).

ქეაბულის ტერიტორია ირწყვება მიმდებარე ქედებიდან ჩამდინარე 50-ზე მეტი მდინარის წყლით. რეგიონის შიდა წყლების და მთლიანად ლანდშაფტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ელემენტია ისიქ-ქოლის ტბა.

ქვაბულის დასავლეთი ნაწილი უკავია უდაბნოს და ნახეგვარუდაბნოს ლანდშაფტებს, აღმოსავლეთი, შედარებით ტენიანი ნაწილი – სტეპებს. იგი ყირგიზეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია (მარცვლეული კულტურებისა და მეცხოველეობის). ტბა და მისი შემოგარენი მნიშვნელოვანი ტურისტულ-რეკრეაციული ცენტრია.


წყარო

აზიის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები