ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ისკანდერ მირზა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ბატონიშვილი

ალექსანდრე ბატონიშვილი – ისკანდერ ხანი, ისკანდერ მირზა (1771 – 1844) – ეროვნული მოღვაწე, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, შვილი ერეკლე II-ისა, შეცვლილი გვარით – იმერეთინსკი.

მამის გარდაცვალების შემდეგ, 1798 წლის თებერვლის 18-ს, ტახტზე სურდა ასვლა, მაგრამ მისი ძმა – გიორგი XII გამეფდა, რომელიც რუსეთის მომხრე იყო. გიორგის გარდაცვალების შემდეგ, 1800 წელს, ქართლ-კახეთი რომ რუსეთმა შეიერთა და ამით საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო, ალ. ბატონიშვილი სპარსეთს გადაიხვეწა, ირანის მფლობელს – ბაბახანს შეეკედლა და მემკვიდრეობით კუთვნილი დაკარგული ტახტის დაბრუნებას იქედან ცდილობდა. ამ მიზნით მრავალ წერილს აგზავნიდა ქართლ-კახეთში და სადაც ხმა მიუწვდებოდა, ყველას მეფის ცარიზმის წინააღმდეგ ასაჯანყებლად იწვევდა: ამავე მიზნით, კავშირი ჰქონდა ეგვიპტის ფაშასთან, მთიელ მეამბოხეებთან და სხვ. მისი აზრით, რუსები „ტყუილი ქრისტიანები“ იყვნენ. ალ. ბატონიშვილს ზურგს უმაგრებდა სპარსეთიც, რადგან საქართველოში ცარიზმის გაბატონება თავისთვისაც საშიშრად მიაჩნდა. საქართველოდან ცარიზმის განდევნას მოითხოვდა სპარსეთის სულისჩამდგმელი ინგლისიც, ცარიზმის უკმაყოფილონი იყვნენ აგრედვე სხვადასხვა ხანები და ალ. ბატონიშვილს დახმარებას ჰპირდებოდნენ. თვით ქართველობას მღელვარების ბევრი მიზეზი ჰქონდა: რუსის მეფის მთავრობამ ფეხქვეშ გათელა ქართველი ერის ისტორიული უფლებანი, საქართველოს ისე ეპყრობოდა, როგორც ველურ ტომს, უმნიშვნელო, გათახსირებულ სახანოს. საქართველოს ჭირნახული სახელი, მზამზარეული სახელმწიფო წყობილება დაამხო (ადგილობროვ პირობებთან შეუფერებელი რუსეთიდან გადმოტანილი კანონები ძალით დაამკვიდრა, მოსახლეობის აკლება-აწიოკებითა და მოხელეთა გაბატონებით ქვეყანა დასცა, იავარჰყო), ეპარქიები შეამცირა, მრავალი სამრევლო სკოლა დახურა, საეკლესიო მამულები სახაზინოდ შერაცხა, მკვიდრთა საჭიროებანი აბუჩად აიგდო, ხალხი უზომოდ დაბეგრა, ეგზეკუციებით ააწიოკა; მექრთამეობით, ბოროტმოქმედებით, უწესობით ხალხს მოთმინების ფიალა აღუვსო. ცარიზმის მოხელეებმა არც ოჯახის სიწმინდე დაინდეს: ცოლს ან ქალიშვილს ხელფეხშეკრულ ქმართან აუპატიურებდნენ [რუსის ჯარისკაცთა უდიერობამ ისე შეაწუხა ხალხი, რომ თიანეთში გაოგნებულმა დედაკაცმა ქმარს ქუდი მოსტაცა, თვითონ დაიხურა, თავისი მანდილი მოიხსნა, ქმარს გადაჰხურა და ხმამაღლა უსაყვედურა: „აწ შენ ხარ ცოლი და მე ქმარი! მე ნამუსი ამხადა ჯარისკაცმა და სისხლის ასაღებად მივდივარო“. ამ სიტყვებით დედაკაცმა გამოსტაცა ხანჯალი ქმარს და გაექნა სახლისაკენ. ხალხი აღელდა, მთელი რაზმი აკაფეს, ღელვა სოფლიდან სოფელს მოედო]. ასეთ ყოფაში ჩავარდნილ ქართველ ხალხს არწივივით თავს დასტრიალებდა ალ. ბატონიშვილი, მთელს საქართველოს მგზნებარე მოწოდებებით ავსებდა, რომ მტარვალთა დასამხობად აღმდგარიყო: „რუსების წყალობა წარმავალია, ვითარცა ქარი... გზები შეუკარით, საერთოდ გაისარჯენით; დაე, კიდევ იელვოს თქვენმა ხმალმა მტრის შესამუსრად... რუსების ლბილ სიტყვას ნუ ენდობით, - აგენი ბუნებით მუხანათნი არიან, ჭეშმარიტება მაგათში არ მკვიდრობს, სწორისა და მრუდის გარჩევა არ იციან, ერთგულსა და ორგულს ციმბირს ისტუმრებენ... როგორც ლომურად ყოფილხართ, ისევე ლომურად გაისარჯენით, მოძმის სამეფოს, ოჯახის მტრისა და საძირკვლით ამომღების მტრის სისხლი თქვენც უხვად ადინეთ... თქვენს ნამუსიან სახელსა და თავს ნუ დაზოგავთ, საუკუნოთ თქვენი გულადობაც ასახელეთო“. ამან საქართველოს განმანთავისუფლებელი მოძრაობა გამოიწვია: 1802 წელს კახელები აჯანყდნენ: „რუსებმა მოგვატყუესო“, 1804 წელს მთიელებმა განაცხადეს: აღარ შეგვიძლია მოხელეთა თვითნებობის ატანა, ამდენ ცეცხლსა და ვარამს სიკვდილი გვირჩევნიაო და შეიარაღდნენ. თვით ა. ბატონიშვილი ხან ერევნის სახანოში ამოჰყოფდა თავს, ხან – დაღესტანსა და ლეკეთში, ხან – ახალციხის საფაშოში და სადაც მივიდოდა – დიდის სიყვარულით იღებდნენ. ერევან-თბილისს შორის გზაზე ყიზილბაშთა ცხენოსანი ჯარით ელვასავით დაჰქროდა და რუსთა ტყვიაწამლის ან სურსათის მზიდავთა ქარავნებს სპობდა.

1812 წლის ბოლოს ამბოხების ასაცილებლად საქართველოს მთავარ-მართებელმა საზღვრის მცველ ჯარისკაცებს უბრძანა: ა. ბატონიშვილი არ შემოგეპაროთო, ხოლო შამშადინის მცხოვრებთ გამოუცხადა: ვინც ალ. ბატონიშვილს ცოცხალს მომგვრის, 2000 ოქროს (6000 მან.) მიიღებს საჩუქრადო, – მაგრამ თათართა შორის ასეთი მუხანათი არავინ გამოჩნდა. ალ. ბატონიშვილი თავისი მცირე ამალით (ასიოდე ქართველით და თათრით) ერევნიდან საქართველოში მაინც გამოეშურა და 1812 წლის აგვისტოს 10-ს თიანეთში ჩამოვიდა; მისი გამოჩენა და ამბოხების დაწყება ერთი იყო: იარაღასხმული თუშ-ხევსურობა და ბარის გლეხობა ალ. ბატონიშვილს თიანეთში ეახლა. ცარიზმის მხედრობის წინააღმდეგ კახეთის თავად-აზნაურობამაც ააფრიალა დროშა. ალ. ბატონიშვილი 1812 წლის ენკენისთვიდან ნოემბრის ბოლომდე გამალებით ებრძოდა ცარიზმის ჯარს და ყველგან სასტიკად ამარცხებდა. ცარიზმის ჯარები რომ ძალით ვერას გახდნენ, ფულით მოისყიდეს ქართველი თავადიშვილები და ალ. ბატონიშვილის დამხმარე ლეკთა ბელადი ალისკანტე, ღამით მოულოდნელად თავს დაესხნენ ალექსანდრეს და კახთა მხედრობა გაჰფანტეს. ალ. ბატონიშვილი ფშავ-ხევსურეთს გადავიდა, აქედან ლეკეთს. საქართველოს მთავარმართებლები, რაკი ბრძოლითა და მუხანათობით ხელში ვერ ჩაიგდეს ალ. ბატონიშვილი, დიდ წყალობას შეპირდნენ – ოღონდ დაბრუნდი და რასაც მოისურვებ, აგისრულებთო. ალ. ბატონიშვილი, მაინც შეურიგებელი, 1818 წელს (თუ ცოტა უფრო ადრე) სპარსეთში სამუდამოდ გადასახლდა და სპარსეთის ლაშქრობაშიც არაერთხელ მიიღო მონაწილეობა. მას იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა, რომ 1832 წელს, საქართველოს განთავისუფლებისათვის შეთქმულთა გადაწყვეტილებით, როცა რუსეთის თვითმპყრობელობის მოხელეებს შემუსრავდნენ და კონსტიტუციურ შეზღუდულ მონარქიას შექმნიდნენ, მეფედ ა. ბატონიშვილი უნდა აერჩიათ. მთავრობის თავმჯდომარედ იგი უნდა ყოფილიყო (მეფის წოდებით), მინისტრებად: სამხედრო – ალექსანდრე ჭავჭავაძე, იუსტიციის – კ. მუხრანბატონი, ფინანსთა – ნ. ფალავანდიშვილი, შინაგან საქმეთა და განათლების – ლ. ჭილაშვილი, გარე საქმეთა – კ. ბებუთაშვილი, საკანონმდებლო – საყოველთაოდ არჩეულ დეპუტატთა პალატა – ეროვნული სეიმი, მაგრამ შეთქმულების გაცემის გამო ეს გეგმა ვეღარ შესრულდა.

ალექსანდრეს ცოლად ჰყავდა ერევნის მელიქის აღამოვის ასული, რომელთანაც შეეძინა ერთი ძე – ირაკლი. გარდაიცვალა 1844 წელს, თავრიზში. ანდერძად დატოვა – საქართველოში დამკრძალეთო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და იქვე – სომხის ეკლესიის გალავანში დაიკრძალა.

ალ. ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ცოლ-შვილი რუსეთში გადაასახლეს, სადაც გრუზინსკებად იწოდნენ. მისი შვილიშვილია ცნობილი მგოსანი, მთარგმნელი ქალი – ელისაბედ ირაკლის ასული ჯამბაკურ-ორბელიანისა, იგივე საზანდარ-ი.

ალ. ბატონიშვილის „უკანონო“ შვილად რაცხავენ დაღესტნის იმამს – შამილს, რომელიც ცარიზმის ჯარებს 50 წელი ეომებოდა.

შაჰის ფირმანებში ალ. ბატონიშვილი ხან საქართველოს მეფედ, ხან ისკანდერ ხანად, ხან ისკანდერ მირზად იხსენიება. მის ცხოვრებიდან პიესა დაწერა ი. მჭედლიშვილმა „ალექსანდრე ბატონიშვილი“, 1935 წ.


მის შესახებ:
  1. მელიქ ზადე. ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსეთში // დროება. – 1872. – 21 ივლისი. – №28. – გვ. 1. – გადმობეჭდილი სომხურ გაზ. „მშაკ“-იდან 1872. – № 25;
  2. დღიური // დროება. – 1882. – 1 მაისი. – №89. – გვ. 2;
  3. რამდენიმე ცნობა ალექსანდრე ბატონიშვილის ჩამომავლობაზე // კვალი. – 1893. – №41. – გვ. 8-10; მწყემსი. – 1895. – №6. – გვ. 6-7; № 11;
  4. რაფფი. ბატონიშვილის ალექსანდრეს ცხოვრება სპარსეთში: რაფფის ნაამბობი [სომხურიდან თარგმნილი] დ. ტერ-დავითიანცისა // კვალი. – 1893. – №41. – გვ. 8-10; კვალი. – 1897. – № 6;
  5. ალექსანდრე ბატონიშვილი ძე მეფე ირაკლი II-სა // საქართველოს კალენდარი. – 1895. – გვ. 9; 1897. – გვ. 7;
  6. წერეთელი (აკაკი). სამძიმარი: (ბატონიშვილის ალექსანდრე ბაგრატიონის დასაფლავებაზე წარმოთქმული ლექსი) // კვალი. – 1895. – №12. – გვ. 3-4; აგრეთვე: მწყემსი. – 1895. – №6. – გვ. 6-7; აკაკის კრებული. – 1898. – №12, განყ. II. – გვ. 52-53;
  7. ქართველი ოსებში. ამბავი ალექსანდრე ბატონიშვილზედ, გაგონილი ხუმელაგელ ოსის ბადურა სალბისაგან // აკაკის კრებული. – 1899. – № 8. – განყ. 2;
  8. ალექსანდრე ბატონიშვილის და იოსებ ბებუთაშვილის მიწერ-მოწერა // მოამბე. – 1900. – №2, განყ. II. – გვ. 57-64; 1901. – №19. – გვ. 12-13.
  9. ხუსკივაძე, თ. ალექსანდრე ბატონიშვილი, ისტორიული მოთხრობის მასალები // ივერია. – 1902. – № 261, 264, 265, 267, 268;
  10. აბესაძე, ა. ალექსნდრე ბატონიშვილი // სახალხო გაზეთი. – 1914. – № 1132-1140;
  11. ღლონტი, ალ. ალექსანდრე ბატონიშვილის უცნობი წერილები // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 10.


გამოყენებული ლიტერატურა:
  1. Акты, собранные кавказскою археографическою комиссиею. – თ. VIII. – Тифлис, 1881. – с.: 215-228, 396, 401-402, 404, 406-409, 415-417, 419, 958, 964, 982;
  2. Генер. лейнтეнант кн. Давид Осипович Бебутов. Спб, 1867 // ივერია. – 1891. – № 69. – გვ. 2;
  3. ფრონელი, ალ. მთიულეთი 1804 წ. – ტფ., 1896. – გვ.: 80-92, 140-141, 154, 156, 160-165, 182, 186, 213, 339-340, 348;
  4. თეკლე ბატონიშვილი // კვალი. – 1897. – № 5. – გვ. 109-110;
  5. ჭიჭინაძე, ზ. ივ. კერესელიძე, 1829-1893: [ცხოვრება და მოღვაწეობა]. – თბ., 1902. – 48 გვ.;
  6. გუნია, ვ. საქართველოს კალენდარი 1904 წლისა. – ტფ., 1903. – გვ. 477;
  7. ფრონელი, ალ. ამბოხება კახეთისა (1812 წ.): ისტორიული ამბები. – ტფ., 1907. – 239, VI გვ.;
  8. ჟორდანია, ნოე. რჩეული ნაწერები. – თბ., 1911. – გვ. 642-692;
  9. ფრონელი, ალ. მთის არწივი შამილი: (ისტორიული ამბავი). – ტფ., 1914. – 54 გვ.;
  10. ყიფიანი, დიმიტრი. მემუარები / სიმონ ხუნდაძის რედაქციით, შენიშვნებით და წინასიტყვაობით. – ტფ., 1930. – გვ. 173;
  11. რუხაძე, ტრ. ქართული ეპოსი გარდამავალ ხანის ლიტერატურაში / პროფ. კ. კეკელიძის რედაქციით. – თბ., 1939. – გვ.: 74, 75, 86, 104;
  12. ბარათაშვილი, ნიკოლოზ. თხზულებანი: საიუბილეო გამოცემა. 1845–1945. – თბ.: სახელგამი, 1945. – გვ. 170;
  13. ჭელიძე, ამბაკო. ფერეიდნელი ქართველები. – თბ.: საბჭოთა მწერალი, 1951. – გვ. 8.


იხილე აგრეთვე

ალექსანდრე ბატონიშვილი

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები