ისლამური რეჟიმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისლამური რეჟიმებიისლამის, როგორც პოლიტიკური ძალის აღმავლობამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჩრდილო აფრიკის, აზიის ნაწილისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ არეალზე. ზოგ შემთხვევაში, გასამხედროებული ისლამური დაჯგუფებები არსებულ რეჟიმებს დაუპირისპირდნენ და XX საუკ. 70-იანი წლებიდან, მარქსიზმ-ლენინიზმით საყოველთაო იმედგაცრუების ფონზე, ჩაგრულთა ინტერესების დამცველებად ახლა საკუთარი თავი გამოაცხადეს. სხვა შემთხვევებში უკვე თავად რეჟიმები ყალიბდებოდა — ან სახეს იცვლიდა ― ისლამური იდეოლოგიის კვალად. 1932 წლიდან, ანუ სახელმწიფოდ გამოცხადების დღიდან, საუდის არაბეთი პირწმინდად ისლამურ ქვეყნად დარჩება; სპარსეთის 1979 წლის რევოლუციის შედეგად, აიათოლა ჰომეინიმ (1900-1989) ირანის ისლამური რესპუბლიკა შექმნა და მოგვიანებით ამ მაგალითს სუდანმა და პაკისტანმაც მიბაძეს. ისლამის მეტად თავისებური და საკამათო ინტერპრეტაცია დაედო საფუძვლად. ისეთი ქვეყნის პოლიტიკას, როგორიცაა კადაფის ლიბია.

ოღონდ ეგაა, ისლამი არაა და არც არასოდეს ყოფილა მხოლოდ რელიგია. ის უფრო ცხოვრების წესია, რომელიც როგორც ადამინების, ისე სახელმწიფოების ეთიკური, პოლიტიკური და ეკონომიკური ქცევის ნორმებს განსაზღვრავს. „ისლამის გზა“ მუჰამედ მიციქულის (570-632) მოძღვრებას ეფუძნება, რომელიც ყურანშია გადმოცემული. მას, როგორც ღვთის გაცხადებულ სიტყვას, ყველა მუსლიმი მიაგებს პატივს; ისლამის მეორე საფუძველთა-საფუძველი „სუნაა“ (ანუ, „გატკეპნილი ბილიკი“), მართლმორწმუნე მაჰმადიანთა მიერ დაცული ადათ-წესების კონა, რაც, გადმოცემით, თავად მუჰამედის ცხოვრების წესიდან იღებს სათავეს. პოლიტიკური ისლამი იმგვარი თეოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, სადაც პოლიტიკური თუ სხვა ნებისმიერი საკითხი უზენაესი რელიგიური პრინციპების და შესაბამისად იქნებოდა დარეგულირებული. თუმცა, პოლიტიკურმა ისლამმაც, დროთა განმავლობაში, სახე იცვალა და ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ფორმები შეიძინა შეურიგებელი ფუნდამენტალიზმიდან, პოლიტიკურ პლურალიზმთან სავსებით შეთავსებად მოდელებამდე.

ისლამის ფუნდამენტალისტური განხრა, ჩვეულებრივ, ირანთან ასოცირდება. სიკვდილამდე, მთელი ათი წელი, აიათოლა ჰომეინი სათავეში ედგა კლერიკალური მმართველობის ინსტიტუციონალურ სისტემას — თხუთმეტი უმაღლესი სასულიერო პირისაგან შემდგარ „ისლამური რევოლუციის საბჭოს“ მართალია, ქვეყანაში არსებობს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი — ისლამური სათათბირო ასამბლეის სახით, ყველა კანონს მაინც „კონსტიტუციის დაცვის საბჭოს“ ამტკიცებს — ისლამის დოგმებთან მათი შესაბამისობისდა კვალად. შარიათის სამართალი აქ დღემდე რჩება გაბატონებულ სამართლებრივ და მორალურ კოდექსად. რევოლუციურმა ფუნდამენტალიზმმა კიდევ უფრო რადიკალური სახე მიიღო 1997-2001 წლებში,ავღანეთში ჩამოყალიბებული თალიბთა რეჟიმის პირობებში, რომელმაც მკაცრი თეოკრატიული მმართველობა შემოიღო, და მთლიანად გამორიცხა ქალების მონაწილეობა განათლების, ეკონომიკისა და, საერთოდ, საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

ფუნდამენტალიზმი არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საუდის არაბეთში, სადაც მან, ფაქტობრივად, აბსოლუტიზმის ელფერი შეიძინა, თუმცა ქვეყნის კონსერვატიული სუნიტური რეჟიმი მაინც უფრო რბილი ფორმებით გამოირჩევა, ვიდრე შიიტური ირანის რევოლუციური პოპულიზმი. თუმცა თავად მაჰმადიანებს ნებისმიერი ისლამური რეჟიმის „ფუნდამენტალისტურად” შეფასება მეტისმეტად აღიზიანებთ და ამაში მარადიულ დასავლურ ცრურწმენას ხედავენ ― „უცხო“ და „დამთრგუნველი აღმოსავლური დესპოტიზმის“ მიმართ. პოლიტიკურ პლურალიზმთან ისლამის შეთავსებადობის ნიმუშად მალაიზია გამოდგება: თუმცა ისლამი აქ ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენს და ქვეყნის უმაღლესი მმართველი, ერთდროულად, საერო და სასულიერო ლიდერად გვევლინება, ქვეყანაში მაინც მრავალპარტიული სისტემის გარკვეული ნაირსახეობა ჩამოყალიბდა, ერთგვარი „მოთოკილი დემოკრატიის“ მსგავსი, რომელსაც, იგივე მრავალპარტიული სისტემის ჩარჩოებში, „მალაიზიელთა გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაცია“ (მგეო) წარმართავს — ყველაზე გავლენიანი, ბარისან ნასიონალად წოდებული კოალიციის მოთავრობით. 1981 წლიდან მოყოლებული, მგეო მკაცრად ისლამისტურ და პრომალაურ სტრატეგიას მისდევს და ეკონომიკური განვითარების იაპონური მოდელის გამეორებას ცდილობს. თუმცა, უკვე 1988 წლიდან აშკარად ავტორიტარულმა ტენდენციებმა იჩინა თავი — დაჭერების ტალღისა და მკაცრი ცენზურის შემოღების შემდეგ, ქვეყანაში საერთოდ მოიშალა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

ისლამისა და დემოკრატიის თანაარსებობის საინტერესო მაგალითია თურქეთი: 1923 წელს მუსტაფა ქამალ ათათურქის (1881-19) მიერ დაფუძნებული თურქეთის რესპუბლიკა საერო მმართველობის პრინციპებს არ ღალატობს. თუმცა, 1990-იანი წლებიდან ისლამისტური პოლიტიკური პარტიები თანდათანობით იკრებდნენ ძალას და 1996 წლიდან სამთავრობო კოალიციას სწორედ ერთი მათგანი, „კეთილდღეობის პარტია“ ედგა სათავეში, სანამ სამხედროებმა თავად ეს კოალიცია არ დაშალეს. 2002 წლის საყოველთაო არჩევნებში კი დამაჯერებელი გამარჯვება უკვე მისმა მემკვიდრემ, „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ მოიპოვა, რომელიც, თავისი ისლამისტური ფესვების მიუხედავად, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები