ისლანდია (კუნძული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისლანდია – კუნძული ისლანდია მდებარეობს შუა ატლანტური ქედის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე. მისი ფართობი თითქმის 103 ათასი კვ. კმ-ია და შეადგენს ისლანდიის რესპუბლიკის ძირითად ნაწილს. კუნძული წარმოშობილია მესამეული და მეოთხეული ვულკანიზმის შედეგად და წამოადგენს თანამედროვე ვულკანიზმის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ კერას პლანეტის მასშტაბით. თანამედროვე ვულკანიზმთან შერწყმულია საკმოდ მძლავრი თანამედროვე გამყინვარება და ცივი ზღვიური ნესტიანი ჰავა, რაც განსაზღვრავს მისი ბუნების ძირითად და სპეციფიკურ ნიშნებს: ისლანდიას ხატოვნად უწოდებენ ცეცხლის, ყინულის, წვიმის, ქარისა და გეიზერების ქვეყანას.

რელიეფი უმეტესად მთიანია, ძირითადი ნაწილი უკავია 400-დან 600 მ-მდე სიმაღლის პლატოს, რომელიც თითქმის ყველა მხარეზე ზღვისკენ წარმოქმნის რელიეფში მკვეთრად გამოხატულ ფლატეს. სანაპირო ძლიერ არის დანაწევრებული (განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო მხარეზე) ფიორდებით, ვაკე-დაბლობებს უმნიშვნელო (ტერიტორიის 20%-ზე ნაკლები) ფართობი უკავია ვიწრო სანაპირო ზოლის სახით, უმეტესად დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე. პლატოს რელიეფს მნიშვნელოვნად ამრავალფეროვნებს საშუალომთიანი მასივები, რომელთა მწვერვალებს წარმოქმნიან მოქმედი და ჩამქრალი ვულკანების კონუსები. ისლანდიაში 200-მდე ვულკანია, რომელთაგან ბევრი მოქმედია –– ლაკი, ასკია, ჰავანადალსჰნუკური (ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი 2119 მ) და სხვა. ყველაზე აქტიური მოქმედებით გამოირჩევა ვულკანი ჰეკლა, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

ისლანდიის ჰავის ძირითად ნიშნებს და თავისებურებას განსაზღვრავს მისი მდებარეობა სუბარქტიკულ სარტყელში, ისლანდიის ბარიული დეპრესიის (მინიმუმის) ცენტრში, დასავლეთიდან ციკლონური ქარების შემოჭრის ერთ-ერთ მთავარ, „მაგისტრალზე“ და კუნძულოვანი განვითარება. კუნძულის უმეტესი ნაწილი ხასიათდება არამდგრადი ციკლონური ამინდებით, ხშირი მოღრუბლულობით, ნისლით, წვიმით, მზის ნათების დაბალი მაჩვენებლით (განსაკუთრებით დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში) და ხშირი ნესტიანი ქარებით. ამინდების არამდგრადობას კიდევ უფრო აძლიერებს ჩრდილო ატლანტური თბილი დინების და აღმოსავლეთ გრენლანდიის ცივი დინების შეხვედრა. ჰავის კონტრასტები ნათლად არის გამოხატული სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. თბილი დინების გავლენა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე განსაზღვრავს სითბოს და ნალექების მნიშვნელოვან დადებით ანომალიას, განსაკუთრებით ზამთრის სეზონში. ზამთარი რბილი და ზომიერად ცივია, უცივესი თვის საშუალო ტემპერატურა პლუს 2 - მინუს 1 გრადუსის ფარგლებში იცვლება. შიდა პლატოზე და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ზამთარი გაცილებით უფრო მკაცრია (მინუს 5-15°). ზამთარში ხშირი მოვლენაა თოვლიანი ქარბუქი, ზაფხულის ამინდები უფრო მდგრადია. საშუალო ტემპერატურა პლუს 12°-ის ფარგლებშია. ნალექების წლიური რაოდენობა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე 1000-3000 მმ შეადგენს, შიდა პლატოებზე და ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე იგი კლებულობს 300-500 მმ-მდე. ნალექები ყველა სეზონში მოსალოდნელია როგორც წვიმის, ისე თოვლის სახით. ჰავა და რელიეფი ხელსაყრელია ზედაპირული ჩამონადენისა და შიდა წყლების ხშირი ქსელის განვითარებისათვის. მდინარეები უხვწყლიანია, მოკლე (ტოურსაუ – 287 კმ, ხვიტაუ – 183 კმ და სხვ.), ბობოქარი და ჭორომებიანია. საფეხურებრივად განლაგებული პლატოების გადაკვეთისას წარმოქმნიან ჩანჩქერებს, ზოგან 50-მდე სიმაღლის. საზრდოობის მთავარი წყარო ნადნობი წყალია (განსაკუთრებით ყინულის). მდინარეები, რომლებიც სათავეებს მყინვარებიდან იღებენ, ხასიათდებიან ჩამონადენის მკვეთრი რყევადობით, ზაფხულის ძლიერი წყალმოვარდნითი რეჟიმით. შედარებით თანაბარი დონეები ახასიათებთ მდინარეებს, რომლებიც უმთავრესად მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ.

ისლანდიის შიდა წყლების და მთლიანად ლანდშაფტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან და დამახასიათებელ ელემენტს წარმოადგენს გეიზერების და თერმული წყლების სიუხვე. ისლანდია თანამედროვე გამყინვარების მნიშვნელოვანი ცენტრია, რომლის ფართობი დაახლოებით 12000 კმ2-ს შეადგენს, რაც კუნძულის ფართობის თითქმის 12%-ია. მყინვარები ჯავშნიან ვულკანურ მასივებს და ვრცელი ფირნული ველებიდან მათი ენები ზოგან თითქმის ზღვამდე (ოკეანემდე) ეშვებიან. თოვლის ხაზის სიმაღლე ჰავის კონტინენტურობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ფარგლებში მერყეობს. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში იგი 400 მ-ზე, ხოლო ცენტრის და ჩრდილო-აღმოსავლეთის ყველაზე მცირე ნალექიან რაიონებში იგი აიწევს 1600 მ-მდე.

თანამედროვე გამყინვარების და ვულკანიზმის ტერიტორიულ თანხვედრასთან დაკავშირებულია ბუნების უჩვეულო მოვლენა (ხშირად ძლიერ საშიში), ყინულქვეშა ამოფრქვევა, რაც იწვევს კატასტროფული ხასიათის ღვარცოფულ პროცესს. ვულკანების ამოფრქვევა იმდენად ძლიერია, რომ ფერფლი ქარის მიერ გადაიტანება სკანდინავიამდე.

ისლანდიის ორგანული სამყარო ღარიბია. ტყის ეკოსისტემების არეალი ძლიერ შეზღუდულია და განვითარებულია მხოლოდ სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე დაბალტანიანი არყის, დაბუჩქული ტირიფის, ცირცელის და ღვიის რაყების სახით. ფართო არეალი გააჩნია ხავსმღიერებიან და ბუჩქნარ მთის ტუნდრას, ტუნდრის დაჭაობებული ნიადაგებით. მაღალი პლატოები და ვულკანური მასივები უკავია ცივქარიან ყინულოვან უდაბნოებს. სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ პერიფერიაზე განვითარებულია ტყე-ტუნდრის ლანდშაფტი. სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიის ყველაზე თბილ და ქარისაგან დაცულ მყუდრო უბნებში და ცხელი წყაროების სიახლოვეს გავრცელებულია ნოყიერი მარცვლოვანი და ნაირბალახიანი მდელოები. ფართოდ არის გავრცელებული ტირიფიანი ჭაობები. ინტენსიური გაჩეხვის შედეგად ბუჩქნარი ტუნდრის არეალი ძლიერ შეკვეცილია. ადამიანის დასახლებისათვის და სამიწათმოქმედო ბუნებათსარგებლობისათვის ვარგისია ტერიტორიის მხოლოდ მეხუთედი.

კუნძულზე ბინადარი ცხოველებიდან აღსანიშნავია კონტინენტიდან შემოყვანილი და გავრცელებული ჩრდილოეთის ირემი, ყარსაღი, ისლანდიური თაგვი. შიდა წყალსატევების და ზღვების სანაპიროზე ბინადრობს უამრავი წყლის ფრინველი. სანაპირო წყლები ძალიან მდიდარია სარეწაო თევზით.

ბუნებრივი რესურსები

ბუნებით მკაცრი ისლანდია ბუნებრივი რესურსებით არცთუ ისე ღარიბია. წიაღისეული რესურსებიდან სამრეწვლო მნიშვნელობა აქვს ნეფელინებს და ტორფს. წყლის რესურსებით (ერთი სული მოსახლის წყალუზრუნველყოფით) მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თერმულ წყლებს ელექტროენერგეტიკაში, სათბობ, კომუნალურ და სასათბურო მეურნეობაში. ისლანდიის მიმდებარე აკვატორია, ძალიან მდიდარი სარეწაო თევზით, მსოფლიო მნიშვნელობისაა. ბუნებრივი საძოვრების წყალობით, ისლანდიის რესპუბლიკა მეცხოველეობის მსოფლიოში ცნობილი რეგიონი გახდა.

წყარო

ევროპის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები