იუნესკო
იუნესკო − ინგლ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization (UNESCO), გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია – გაეროს სპეციალიზირებული დაწესებულება, ოფიციალურად არსებობს 4.XI.1946-დან, როდესაც ძალაში შევიდა მისი წესდება. 2002 წლისთვის იუნესკოს წევრი იყო 186 სახელმწიფო. მისი შტაბ-ბინა პარიზშია. მისი ოფიციალური ენებია: ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული, ჩინური.
წესდების თანახმად, სახელლწიფოებში საკითხებზე იქმნება ეროვნული კომსიები, რომელთაგან საკონსულტაციო სტატუსი აქვს 250-ზე მეტ არასამათვარობო საერთაშორისო ორგანიზაციას, ხოლო საქმიანი კონტაქტი – 4000 ორგანიზაციას. იუნესკოს წლიური ბიუჯეტი შედგება მასში შემავალი სახელმწიფოების საწევრო გადასახადებისაგან.
იუნესკო მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს: მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, რისთვისაც განავითარებს ხალხთა თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების და კულტურის დარგში;
ყველა ხალხისათვის გაეროს წესდებით გამოცხადებული სამართლიანობის, კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემის უზრუნველყოფას, განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა და რელიგიისა იუნესკოს საქმიანობის დიაპაზონი მოიცავს საკითხთა ფართო წრეს – უწიგნურობასთან ბრძოლას, განათლების დაფინანსებასა და დაგეგმვას, განვითარებად ქვეყნებში საინჟინრო-ტექნიკური კადრების მოსამზადებელი ცენტრების შექმნას, მეცნიერების დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ღონისძიებებს, ადამიანის უფლებათა და მშვიდობის განტკიცების პრობლემების კვლევას, განათლების მიზნით კოსმოსური კავშირგაბმულობის გამოყენებას.
ორგანიზაცია ყოველწლიურად მართავს 150-ზე მეტ საერთაშორისო ღონისძიებას – კონფერენციებს, სხდომებს, სიმპოზიუმებს.
ორგანიზაციის სტრუქტურა
იუნესკოს უმაღლესი ორგანოა გენერალური კონფერენცია, რომელიც შედგება მასში შემავალი სახელმწიფოების წარმომადგენელთაგან. იგი ორ წელიწადში ერთხელ მართავს სესიას. გენერალური კონფერენცია ირჩევს აღმასრულებელ საბჭოს, რომელიც 51 წევრისგან შედგება და წელიწადში ორ-სამჯერ იკრიბება. საბჭოს სამდივნოს მეთაურობს გენერალური დირექტორი. სამდივნოს დაკომპლექტება ხდება გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპით. იუნესკოს აქვს 6 პრიორიტეტული მიმართულება:
- აღზრდა;
- მეცნიერება;
- კულტურა;
- კომუნიკაცია;
- სოციალური მეცნიერებანი და განვითარება
- მშვიდობა და ადამიანის უფლებები.
იგი რამდენიმე ენაზე გამოსცემს ორასზე მეტ პერიოდულ და ას სერიულ გამოცემას. ყოველწლიურად გამოიცემა ასობით წიგნი: ცნობარები, ტერმინოლოგიური ლექსიკონები, საიუბილეო გამოცემები, საერთაშორისო მიმოხილვები, პედაგოგიური და ტექნიკური დამხმარე სახელმძღვანელოები, კატალოგები, აგრეთვე მონოგრაფიები განათლების, მეცნიერები, კულტურისა და ინფორმაციის პრობლემებზე.
წყარო
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი