იწილო-მიწილო
იწილო-მიწილო – საბავშვო თამაშობა. ოთხი-რვა წლის ასაკის ბავშვები ერთ ხელმძღვანელს აირჩევდნენ, დანარჩენები მასთან მოგროვდებოდნენ, მათგან ერთ-ერთი თითს – სალოკს ანდა შუათითს ხელმძღვანელის მუხლზე, კალთაზე ანდა მიწაზე დადებდა. ხელმძღვანელი იწყებდა: „ინწილო-მინწილო, ახოს-მახოს, ჩემმა თხამა, დურენჯამა, ნეფე მოკვდეს, ქურდი დარჩეს, ყლინწ!” სიტყვა „ყლინწ!” ვის თითსაც ერგებოდა, იგი თითს მოღუნავდა და თავისუფალი იყო. ხელმძღვანელი გათვლას განაგრძობდა და თითო სიტყვის თქმისას თითო თითს ეხებოდა. თანდათან დაძაბულობა იზრდებოდა, ხოლო თითების რიცხვი მცირდებოდა. ბოლოს ვისი თითიც დარჩებოდა, იგი „ქურდად” მიიჩნეოდა, თავისათვის უნდა ეშველა და გაქცეულიყო, დანარჩენები მას დაედევნებოდნენ, როცა დაიჭერდნენ, ხელმძღვანელთან მიიყვანდნენ. ხელმძღვანელი – მეთაური „ქურდს” ჯოხით, გამონასკვული ნაჭრით ანდა ხელით სცემდა. შეეძლო ქურდისათვის ეპატიებია კიდეც. შემდეგ თამაშს ისევ განაახლებდნენ.
ლიტერატურა
ნოღაიდელი, 2015.