იხტილა
იხტილა, (ღრტილა, ღირტილა, ხრტილა, კაკნატელა) – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთის თემში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, ზრვის დონიდან 1690-1740 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 22 კმ მანძილზე. მიდამოები უტყეოა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.
მოსახლეობის რიცხოვნობა – 1258, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია. X თუ XI საუკუნეში აქ გაიმართა საეკლესიო კრება ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის: „იქმნა კუალად კრება ღრტილას, არა ვიდრემდე სამღუდელო, არამედ უფროსღა სამხედრო“. ჩვენ დრომდე მოაღწია ღრტილას კრების პოლემიკური ნაწილის აქტები.
სოფლის სახელწოდება „იხტილა“ ქართული სახელწოდების დამახინჯებული ფორმაა, რომელიც 1828-1829 წლების შემდეგ წარმოიქმნა, როცა სამცხე-ჯავახეთში დასახლდა თურქეთიდან გადმოსახლებული სომეხი მოსახლეობა. სოფლის ძველი ქართული სახელწოდებაა ღრტილა, რომელიც 10 საუკუნის წინ მაინც უნდა იყოს შერქმეული.