კავკასიური რცხილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კავკასიური რცხილა

კავკასიური რცხილა – (Carpinus caucasica Grossh. = Carpinus betulus L.);
ოჯახი: თხილისებრნი (Corylaceae).
მეგრულადცხიმური, ცხემური.

მაღალი ხეა, ოდნავ დამსკდარი ქერქით. ფოთლები შიშველია, მოკლეყუნწიანი, ფირფიტა მოხაზულობით მოგრძო-კვერცხისებურია, წაწვეტებული, ორმაგხერხკბილა. კვირტები ოვალურია, მოწითალო მურა ფერისა. მამრობითი ყვავილედი მჭადაა, ყლორტის ძირებში განლაგებული. მდედრობითი კენწრულია. ნაყოფის საბურველი სამნაკვთიანია, ნაყოფი კაკალია. ყვ. III-IV; ნაყ. VI-VII. საქართველოში ტყის შემქმნელი ერთ-ერთი სახეობაა. კახეთში გავრცელებულია თითქმის ყველგან გვხვდება როგორც პირველადი, ასევე მეორადი კორომების (წიფლის, ჭალისა და ქართული მუხების ნაალაგევზე) სახით.

ახალგაზრდა ხეების ქერქი მოვერცხლისფრო-ნაცრისფერია, ოდნავ დახეთქილი ქერქით. ტოტები წვრილია, გრძელი; ნორჩი ტოტები მურა ფერისაა, ჯირკვლებით მოფენილი, შიშველი ან გაფანტულ-ბეწვიანი. კვირტები მახვილია, ვიწრო, 5-8 მმ სიგრძის. ფოთლები მსხვილია, უფრო ხშირად 5-12 სმ სიგრძისა და 2,5-5 სმ სიგანის, მოკლეყუნწიანი, მოყვანილობით ოვალური ან მოგრძო-ოვალური, ბოლოწაწვეტებული, ძირში მომრგვალო ან არათანაბარ – გულისებრი, თანაფოთლები ლანცეტაა, გრძელბეწვიანი, ადრევე სცვივა. ერთსახლიანი მცენარეა, მდედრობითი და მამრობითი ყვავილები თავდაკიდებულ ან თითქმის სწორმდგომ ცილინდრულ მჭადებადაა შეკრებილი. მამრობითი ყვავილები ფაშარია, უყვავილსაფრო, მფარავი ქერქლების იღლიებში თითო-თითოდ განლაგებული და თავდაკიდებულ მოკლე ცილინდრულ მჭადებად შეკრებილი. მდედრობითი ყვავილები ყვავილსაფრიანია, მფარავი ქერქლების იღლიებში წყვილ-წყვილად განლაგებული და გრძელ კენწრულ, თითქმის სწორმდგომ მჭადებად შეკრებილი, მფარავი ქერქლები ადრევე სცვივა.

რცხილა მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, ალდეჰიდებით, გალური და კოფეინის მჟავებით, კუმარინებით, ბიოფლავონოიდებით. გარდა ამისა ნაპოვნია დიდი რაოდენობის ეთერზეთები და ასკორბინის მჟავა. თესლები შეიცავს ასევე დიდი რაოდენობის მცენარეულ ცხიმებს. ქერქი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს.

მცენარე ხასიათდება სამკურნალო თვისებებით: სასარგებლოდ მოქმედებს სისხლის შემადგენლობაზე, ხელს უწყობს სისხლის ბურთულაკების წარმოქმნის ბალანსირებას, აღადგენს ორგანოებს ოპერაციული ჩარევის ან ხანგრძლივი ავადმყოფობების შემდგომ; ხელს უწყობს კუნთოვანი და ძვლის ქსოვილების განვითარებას; შინაგანი ორგანოების წყლულების შეხორცებას; ამაღლებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას; რცხილასგან დამზადებული ნაკეთობები დადებითად მოქმედებს ადამიანის მხედველობის სისტემაზე; რცხილის აქსესუარები ამშვიდებს ნერვულ სისტემას, რაც აცილებს სტრესებისა და დეპრესიის წარმოქმნას. ხალხურ და ტრადიციულ მედიცინაში ფოთლების ნაყენს იყენებენ თავის ტკივილისა და სისხლის მიმოქცევის მოსაწესრიგებლად.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები