კავკასიური სურო
Fam. Araliaceae – ოჯ. სუროსებრნი Hedera caucasigena Pojark. (=Hedera helix L.) — ჩვეულებრივი სურო, კავკასიური სურო მეგრულად – ცურუ.
კავკასიის ენდემური სახეობაა, მცოცავი მარადმწვანე ბუჩქი, ლიანა, მიწაზე გართხმული და მცოცავი, ფესვმომკიდე ტოტებით. დამატებითი ფესვებით საყრდენს (ხეებს, კლდეებს, კედლებს და სხვ.) მჭიდროდ ემაგრება. ფოთლები ტყავისებრია, უთანაფოთლო, სამკუთხა, კვერცხისებრი, დანაკვთული ან მთლიანი. ფოთლის ყუნწები, ნორჩი ყლორტები და ყვავილედი სქლადაა მოფენილი თეთრი, ვარსკვლავისებრი ბეწვით. ყვავილები პატარაა, მომწვანო-მოყვითალო, გვირგვინი 5-10 ფურცლიანი, შეკრებილია მარტივ ქოლგებად. მსხმოიარე ტოტებზე მტევნის მსგავსად 5-12 ქოლგაა თავმოყრილი. ნაყოფი მომრგვალო შავი კენკრაა, 5 ბუდიანი. ყვ. IX; ნაყ. I-II.
იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის ტყეებში, დაჩრდილულ ადგილებში; მიწაზეა გართხმული ან ხეებზეა ასული; გვხვდება კლდეებზე და ძველი შენობების კედლებზეც.
სამკურნალოდ ძირითადად ფოთლები გამოიყენება, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში ან შემოდგომით.
შეიცავს საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, კაროტინოიდებს, ტოკოფეროლს (ვიტამინ Е), ქლოროგენულ, ჭიანჭველასა და ვაშლის მჟავებს, მაღალმოლეკულიარულ ნახშირწყლებს, პექტინებსა და იოდს. მცენარე ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიალური, ანტიფუნგალური, ამოსახველებელი, შემკვრელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
ხალხურ მედიცინაში ფოთლების ნაყენს შინაგანად იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, რაქიტის, ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ. ნედლი ფოთლები იხმარება ჩირქოვანი ჭრილობების, ფურუნკულების, დამწვრობის დროს, ხოლო მათ წვენს — კანის გამონაყრების და თავის დერმატიტების მობანვისათვის. ფოთლების ნახარში გამოიყენება თავის თმიანი ნაწილის მიკოზების, ტილიას, მუნის სამკურნალოდ, აგრეთვე თმის გასამაგრებლად და ქერტლის საწინაარმდეგოდ. ხალხური მკურნალები რეკომენდაციას უწევენ სუროს ნაყენის დალევას, როგორც მატონიზირებელ და გამამხნევებელ საშუალებას ხანგრძლივი მძიმე დაავადებების შემდეგ.
სამეგრელოში ადგილობრივი მკურნალები ფოთლების ნაყენს ჩაის სახით იყენებდნენ როგორც თვიურისმდენ საშუალებას, ხოლო ნედლი ფოთლების და ნიორის წვენს ცხვირში ჩასაწვეთებლად, თავის ტკივილებისას (Шабловский, 1886).
უნდა გვახსოვდეს, რომ სურო შხამიანი მცენარეა. მისი ნახარშებისა და ნაყენების გამოყენება უკუმაჩვენებელია ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დოზის გადაჭარბება იწვევს მოწამლვას, რაც ვლინდება გულის რევით, პირღებინებით, სისუსტით და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ მაღალი შხამიანობით განსაკუთრებით გამოირჩევა ნაყოფები. ასევე შესაძლებელია ალერგიის გამოვლინება მცენარეებთან კონტაქტის დროს. არ არის რეკომენდირებული სუროს საფუძველზე დამზადებული პრეპარატების გამოყენება ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის.