კალანდაძე გიორგი (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი კალანდაძე

კალანდაძე გიორგი — (1912 – 1979), პოეტი. დაიბადა სოფელ ძირულაში (ზესტაფონი). 1927 წელს, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, ხოლო 1933 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1942-1949 წლებში იყო რეპრესირებული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჯგუფში თანამშრომლობისათვის, იგი გადასახლებული იყო შუა აზიაში, შემდეგ, გარკვეული დროით, აკრძალული ჰქონდა დედაქალაქში ცხოვრება. 1955 და 1957 წლებში გამოსცა ლექსების კრებულები. გიორგი კალანდაძის პოეზია ოპტიმისტური ჟღერადობისაა. გამონაკლისს წარმოადგენს თვით გადასახლების დროს შექმნილი ლექსების ნაწილი. ეწეოდა აქტიურ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც.


არმაზის ხევში
სახსოვარი ლევან გოთუას
ეს უკვდავების კლდეთა ხევია,
სიკვდილს არ ძალუძს აქ შენი ძლევა:
მარჯვე ადგილი აგირჩევია
საასპარეზოდ, ძვირფასო ლევან!
კაცი საქმითა თვისით იცნობა,
ჟამი განკითხვის დარეკავს ოდეს.
აქ მტკვრის ცისფერი მარადისობა
ელამუნება ჟანგისფერ ლოდებს.
გმირთა ვარამის მეურვევ, სიბრძნით
ყურთ მიუპყრობდე ჟამთა სვლის გუგუნს!...
წინ სერაფიტას აჩრდილი გიძღვის,
მიანათებ და მიარღვევ უკუნს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები