კალანდაძე დიმიტრი
დიმიტრი კალანდაძე – (1912-1992), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967), დაიბადა სოფელ ბუკისციხეში (ჩოხატაურის რაიონი), სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1938-1940 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი ფილოსოფიის სპეციალობით, 1944 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა.
დ. კალანდაძე 1946 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, დოცენტი, ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1953-1955 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, 1955-1974 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრის გამგე, ხოლო 1974-1979 წლებში - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ამჟამად უნივერსიტეტის) ფილოსოფიის კათედრის გამგე, 1979 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის პროფესორი.
დ. კალანდაძე იკვლევდა ძირითადად ისტორიული მატერიალიზმის საკითხებს.
თხზულებები
- „მარქსიზმ-ლენინიზმი ბაზისისა და ზედნაშენის შესახებ“ (თბილისი, 1954);
- „ობიექტურობისა და სუბიექტურობის ერთიანობის საკითხი შემეცნებასა და საზოგადოებაში“ (თბილისი, 1964).