კალენდარი
კალენდარი – კალენდარი დროის შედარებით ხანგრძლივ პერიოდებად დანაწილებისა და აღრიცხვის სისტემაა. აღნიშნული პერიოდები, ანუ დროის შუალედები განისაზღვრება ციურ სხეულთა მოძრაობებით (მზის ამოსვლა-ჩასვლა, მთვარის ფაზების მონაცვლეობა, წელიწადის დროთა ცვლა).
ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ ადამიანებმა შეამჩნიეს, რომ დღე-ღამის ცვლა ხდებოდა რაღაც გარკვეულ შუალედში. ადამიანმა თავისი შრომა და დასვენება ამ მოვლენას დაუკავშირა. ასე გაჩნდა წარმოდგენა დღე-ღამეზე, როგორც დროის ბუნებრივ პირველ საზომ ერთეულზე.
მთვარის ფაზების ცვლაზე უბრალო დაკვირვებამ წარმოშვა დროის საზომი მეორე ერთეული – თვე, ე.ი. დროის შუალედი ერთი ახალმთვარეობიდან მომდევნო ახალმთვარეობამდე დღე-ღამისა და თვის ხანგრძლივობის საფუძველზე ძველი ჩინეთის, ბაბილონის და სხვ. ხალხებმა შეადგინეს პირველი მთვარის კალენდარი დაადგინეს თვის ხანგრძლივობა – 29,5 დღე-ღამე. შვიდდღიანი კვირა დადგინდა, როგორც დროის შუალედი მთვარის ერთი ფაზიდან მეორემდე, ანუ დროის შუალედი ახალმთვარეობიდან პირველ მეოთხედამდე.
უძველესი დროიდანვე დროის აღრიცხვის კალენდარული ერთეულებია: დღე-ღამე, თვე, წელიწადი, საუკუნე. ყველა პერიოდს შორის უფრო გამოკვეთილია დღე-ღამე, ანუ დედამიწის ბრუნვის პერიოდი საკუთარი ღერძის გარშემო.
დედამიწის დღეღამური ბრუნვის ხანგრძლივობას ცისა და მზის ხილული დღეღამური ბრუნვის ხანგრძლივობით განსაზღვრავენ, მაგრამ ამ ორი ბრუნვის ხანგრძლივობა სხვადასხვაა. შესაბამისად, ასტრონომიაში მიღებულია ვარსკვლავური და მზიური დროის ცნებები.
ვარსკვლავური დღე-ღამე დროის ძირითად საზომ ერთეულად არის მიღებული.
ვარსკვლავური დღე-ღამის ხანგრძლივობა ფაქტობრივად ტოლია საკუთარი ღერძის გარშემო დედამიწის ერთი შემობრუნების ხანგრძლივობისა, რომელიც ვარსკვლავური დროით 24 საათს, 0 წუთსა და 0,0084 წამს შეადგენს.
ადამიანთა ცხოვრების სახისა და პირობების ცვლამ, მომთაბარეობიდან მიწათმოქმედებაზე გადასვლამ წარმოქმნა საჭიროება განესხვავებინათ გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდულობის ცვალებადობა, რომელიც მზის მოძრაობასთან იყო დაკავშირებული. გაჩნდა დროის უფრო დიდი საზომი ერთეული – წელიწადი. ასე თანდათანობით შეიქმნა მზის კალენდარი.
დროის აღრიცხვის ძირითად კალენდარულ ერთეულად მიჩნეულია მზიური დღე-ღამე და არა ვარსკვლავური დღე-ღამე.
კალენდარული, ანუ მზიური დღე-ღამე დროის შუალედია მზის ქვედა (ან ზედა) კულმინაციის მომენტიდან მომდევნო ქვედა (ან ზედა) კულმინაციის მომენტამდე. მზე ცასთან ერთად ბრუნავს ცის თაღის ბრუნვის საწინააღმდეგოდ, გადადის ერთი თანავარსკვლავედიდან მეორეში და წლის განმავლობაში ერთ სრულ წრეწირს შემოწერს ცაზე.
დროს, რომელსაც მზე ანდომებს ერთი სრული წრეწირის შემოწერას ცაზე ვერძის წერტილიდან ვერძის წერტილამდე, ტროპიკული წელიწადი ეწოდება.
დროის დიდი შუალედების გასაზომად ძირითადი ერთეულია ტროპიკული წელიწადი, რომელიც მზის ირგვლივ დედამიწის ერთი გარემოქცევით განისაზღვრება; იგი შედგება 365,2422 დღეღამისაგან, ანუ 365 დღე-ღამე, 5 საათი, 48 წთ., 46 წმ.
უკვე ძვ. წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულის დასასრულს ეგვიპტელმა ქურუმებმა დააზუსტეს წელიწადის ხანგრძლივობა და 365-დღიანი მზის კალენდარული სისტემა შემოიღეს. მართალია, მზის კალენდრის ასეთი „დაზუსტება“ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ მზის კალენდარული წლის რეალურ ხანგრძლივობას ის დაახლოებით 6 საათით ჩამორჩებოდა, რაც, ცხადია, კვლავ ახალ შესწორებას მოითხოვდა. ძველი ეგვიპტელების ამ კალენდარს მოიხსენიებენ, როგორც მზის მოძრავი წელიწადის კალენდარს.
მზის მოძრავი კალენდარული სისტემის უზუსტობის (6 - საათიანი განსხვავების) შესწორება ეგვიპტელებმა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. აღნიშნული ნაკლის მიუხედავად, ეგვიპტური მოძრავი კალენდარი არის მზის პირველი კალენდარული სისტემა კაცობრიობის ისტორიაში.
უძველესმა მაიას ცივილიზაციამაც შექმნა მზის კალენდარული სისტემა, რომელიც იძლეოდა 365 -დღიან წელიწადს. მაიას ასტრონომების გაანგარიშებით წელიწადის ხანგრძლივობა 365, 2420 დღე-ღამეს შეადგენდა; იგი საკმაოდ ზუსტი იყო, თუმცა ისინი მაინც 365-დღიანი კალენდრით სარგებლობდნენ. მათი მზის კალენდარიც მოძრავი ხასიათისა იყო.
მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული და, ამასთანავე, პირველი უძრავი წელიწადის მზის კალენდარული სისტემა განხორციელდა რომში, როცა ცნობილმა რომაელმა სახელმწიფო მოღვაწემ იულიუს ცეზარმა ეგვიპტელი ასტრონომის სოზიგენის მეთაურობით შექმნილი მეცნიერთა ჯგუფის რჩევით ძვ. წ. 46 წლის 1 იანვრიდან შემოიღო წელთაღრიცხვის ახალი სისტემა. ამ სისტემის მიხედვით ყოველი სამი წელიწადის ხანგრძლივობად მიღებულ იქნა 365 დღე-ღამე, ხოლო ყოველი მეოთხე წელიწადისა (ნაკიანი წელიწადი) – 366 დღე-ღამე. ამის შედეგად წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა (365,25 დღე-ღამე) ძალიან დაუახლოვდა ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობას (365,2422 დღე-ღამე).
ამ ახალ, რომაულ კალენდარულ სისტემას ცეზარის – იულიუსის კალენდარი უწოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება იულიუსის საშუალო და ტროპიკულ წელიწადებს შორის ძალიან უმნიშვნელოა, მისი უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან საუკუნეების მანძილზე ეს სხვაობა საკმაოდ შესამჩნევი ხდება და რამდენიმე დღე-ღამეს შეადგენს. ამიტომ 1582 წელს მოხდა იულიუსის წელთაღრიცხვის სისტემის რეფორმა, რომელიც განახორციელა რომის პაპმა გრიგოლ XIII -ემ. ამ რეფორმის თანახმად მოხდა დღეთა ანგარიშის გადანაცვლება: 1582 წლის 4 ოქტომბერს მომდევნო დღე გამოცხადდა 15 ოქტომბრად, რათა მანამდე დაგროვილი 10-დღიანი ცდომილობა გაესწორებინათ. 2100 წლამდე ეს განსხვავება შეადგენს 13 დღეს. ამის შედეგად გაზაფხულის ბუნიობა კვლავ 21 მარტს დაემთხვა. დადგინდა, რომ ის წელი, რომლის საუკუნეების რიცხვი მთელია, მაგრამ 4-ზე უნაშთოდ არ იყოფა (წლების რიცხვი კი იყოფა), არ ჩაითვლება ნაკიანად (ნაკიანია 1600, 2000, 2400 წ.წ. და ა.შ.; ნაკიანი არ არის 1700, 1800, 1900, 2100 წწ. და ა.შ.). ამ წესის განხორციელება კიდევ უფრო აახლოებს სამოქალაქო ་წელთაღრიცხვას წელთა ბუნებრივ მიმდინარეობასთან. გრიგორიანულ კალენდარში ერთი დღე-ღამის ცდომილება გროვდება 3300 წლის მანძილზე; იულიუსის კალენდარში კი სამი დღე-ღამის ცდომილება გროვდება ყოველ 400 წელიწადში.
გრიგორიანულ კალენდარს უწოდებენ წელთაღრიცხვას ახალი სტილით. პირველად იგი შემოიღეს XVI ს-ის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, პოლონეთში და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, მოგვიანებით კი გერმანიაში (XVII-XVIII სს.), ინგლისში (XVIII ს.), იაპონიაში (XIXს.).
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული დოკუმენტური წყაროების თანახმად, რომლებშიც მე-13 მოქცევაზე (ახ. წ. 781 წლიდან) ადრინდელი დათარიღება არ მოიპოვება, საქართველოში იყენებდნენ იულიუსის კალენდარს გრიგორიანული კალენდარი (ახალი სტილი) შემოღებულ იქნა 1918 წლის 1 მაისიდან.
მრავალი კალენდარული ტერმინი სათავეს ძველი რომაელებისაგან იღებს. თვით სიტყვა კალენდარი ლათინური წარმოშობისაა – calendarium, რაც ნიშნავს თვის პირველ დღეს.
წლის პირველ თვეს უწოდეს იანვარი (ძვ. ქართული სახელწოდება – აპნისი), ორსახოვანი ღმერთის იანუსის პატივსაცემად, რომლის ერთი სახე მიქცეულია წინ (მომავლისკენ, ახლისკენ), ხოლო მეორე სახე უკან – (წარსულისკენ, ძველისკენ).
თებერვალი (ძვ. ქართული სახელწ. – სურწყუნისი) წარმომდგარია ლათინური სიტყვიდან „februm“ – განწმენდა. ეს თვე იყო რელიგიური მონანიების, განწმენდის თვე.
მარტის (ძვ. ქართული სახელწ. – მირკანი) თვე დაერქვა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად.
აპრილში (ძვ. ქართული სახელწ.– იგრიკა) ხეებზე იშლება კვირტები. სიტყვა „aperire“ აღნიშნავს „გამომჟღავნებას“, „გამოჩენას“, „გახსნას“.
მაისი (ძვ. ქართული სახელწ. – ვარდობისთვე) – გაზაფხულის თვეს ეწოდა ზრდის, განვითარების ღმერთის „Majus“-ის პატივსაცემად.
ივნისი (ძვ. ქართული სახელწ. – ივანობისთვე) – ცის ქალღმერთის იუნონის პატივსაცემად.
ივლისი და აგვისტო (ძვ. ქართული სახელწ. – კვირიკობისთვე და მარიამობისთვე) ეწოდათ რომის იმპერატორების იულიუს ცეზარისა და გაიუს ავგუსტუსის პატივსაცემად.
სექტემბერი (ძვ. ქართული სახელწ. – ენკენისთვე) – Septembr – „მეშვიდე“.
ოქტომბერი (ძვ. ქართული სახელწ. – ღვინობისთვე) – Oktombr – „მერვე“.
ნოემბერი (ძვ. ქართული სახელწ.– გიორგობისთვე) – Novembr – „მეცხრე“.
დეკემბერი (ძვ. ქართული სახელწ. – ქრისტესშობისთვე) – Decembr – „მეათე“.
ბოლო ოთხი თვის რიცხვითი სახელები ალბათ იმასთან არის დაკავშირებული, რომ VIII-IX საუკუნეებში რომაელებისათვის წლის პირველ თვედ მარტი იყო აღიარებული, ხოლო ბოლო თვედ თებერვალი. ამიტომ წლის ბოლოს დღეთა შესწორება თებერვალში ხდებოდა.
აქ აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც. როგორც ცნობილია, წელიწადის 12 თვე დაყოფილია მონაცვლეობით 30 და 31- დღიანი თვეებით. ამ რიგის მიხედვით ივლისი 31-დღიანი თვეა, ხოლო აგვისტო 30 -დღიანი თვე უნდა ყოფილიყო. ვინაიდან ივლისისა და აგვისტოს თვეების სახელწოდება დაკავშირებულია რომის იმპერატორების იულიუს ცეზარისა და ავგუსტუსის სახელებთან, ამიტომ, რომ არ ეწყენინებინათ ავგუსტუსისათვის, მისი სახელობის თვეც 31 დღემდე გააგრძელეს და ეს ერთი დღე მოაკლეს წლის ბოლო თვეს – თებერვალს, რომელსაც წინა 29 დღის ნაცვლად დარჩა 28 დღე. შემდგომშიც იყო მცდელობა შეეცვალათ აპრილის, მაისის, ოქტომბრის თვეთა სახელები იმპერატორების ნერონის, კლავდიას და დომიციანის სახელებით, მაგრამ ეს სახელები აღნიშნულ თვეებს არ შემორჩათ.
შვიდდღიანი კვირა პირველად ძველ აღმოსავლეთში შემოიღეს, რომელიც ახ. წელთაღრიცხვის I საუკუნეში რომშიც დააკანონეს, საიდანაც მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელდა.
კვირის დღეების სახელწოდება ზოგიერთ ენაში დაკავშირებულია ციური სხეულების (მზე, მთვარე, მარსი, მერკური, იუპიტერი, ვენერა, სატურნი) სახელებთან. მაგალითად, შაბათს უწოდეს სატურნის დღე, კვირას – მზისა, ორშაბათს – მთვარისა, სამშაბათს – მარსის, ოთხშაბათს – მერკურის, ხუთშაბათს – იუპიტერის, პარასკევს – ვენერას დღეები.
ქართულად „შაბათი“ წარმოშობილია ძველებრაული სიტყვიდან „შაბატ“ – სიმშვიდე, დასვენება. ბიბლიის თანახმად ეს დღე იყო „ღმერთის დასვენების დღე“. ძველ ქართულში ციურ სხეულთა შესაბამისად კვირის დღეებს ერქვა: კრონოსისა, მზისა, ანუ საუფლო, მთოვარისა, არიასი, ერმისა, აფროდიტესა და დიოსისა. როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს (ტ. I) „შაბათის სისტემის შვიდეულის დღის სახელები ქართულში უკვე IV-V ს-ში ქრისტეს შობიდან გაბატონებული ყოფილა“.
სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ერების კვირის დღეთა რაოდენობა განსხვავებული იყო.