კარბის კოშკები
კარბის კოშკები - კოშკები მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარბის ტერიტორიაზე.
სარჩევი |
პირამიდული კოშკი
კოშკი დგას სოფლის ცენტრში. სავარაუდოდ თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. კოშკი ოთხკუთხაა, პირამიდულია (7,9 X 9,4 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია — ჩამონგრეულია ზედა ნაწილი, სახურავი და სართულშუა ხის გადახურვები. მოღწეულია კოშკის სამი სართული და მეოთხე სართულია კედლების ფრაგმენტები. ნაგებობას სამი შესასვლელი აქვს: ერთი — დასავლეთით (ამოშენებულია) პირველ სართულზე, მიწიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე, დანარჩენი ორი მეორე სართულზეა. კოშკის კედლებზე გარედან მიშენებულია თითო ნახევარწრიული კონტრფორსი, რომელთაგან სამში შიგნით დატანებულია სამეურნეო დანიშნულების ნიშები. აღმოსავლეთის კონტრფორსის ნიში ღრმაა, სამხრეთისა — განიერი, ჩრდილოეთისა განიერი და უფრო ღრმაც. იგი მეოთხე სართულამდე აღწევს. მეოთხე სართულის აღმოსავლეთ კედელში მოზრდილი ხვრელებია (შესაძლოა შვერილ აივანზე გამავალი კარი ან სარკმელი იყო). ყველა სართულის კედლებში ცალმაგი სათოფურებია.
ცილინდრული კოშკები
ცილინდრული კოშკები სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, აქედან პირველი თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანით. კოშკი გარედან ცილინდრულია (დიამეტრი 7,8 მ), შიგნით — სწორკუთხა. ნაგებია რიყის ქვით. შიდა, კონსტრუქციის ადგილებში გამოყენებულია აგურიც. აქა-იქ შემორჩენილია შელესილობის კვალი. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია (ძნელდება სართულების რაოდენობის დადგენა). კოშკი საცხოვრებელიც იყო და საბრძოლოც. შესასვლელი სამხრეთითაა, პირველ სართულზე. ნაგებობის პირველი სართული მიწის ზედაპირიდან 1,5 მეტრზეა, მის კედლებში დატანებულია სხვადასხვა ზომის თაღოვანი ნიშები, ბუხარი, რამდენიმე თაღოვანი სათოფური. სართული გადახურულია შეისრული კამარით. მცირე ზომის ნიშები და ბუხარი მეორე სართულზეც არის. ამ სართულის კედლები დასერილია ცალმაგი და ორმაგი სათოფურებით. სართულები ერთმანეთს აღმოსავლეთ კედელში დატანებული კიბით უკავშირდება.
მეორე ცილინდრული კოშკი თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 8 მ), ნაგებია რიყის ქვით. კედლების შიდა პირზე, კამარებზე და თაღედებზე გამოყენებულია აგურიც. ნაგებობა დაზიანებულია (ძნელდება სართულების რაოდენობის დადგენა). შემორჩენილია ორი სართული. კოშკი საცხოვრებელი იყო და საბრძოლოც. თაღოვანი შესასვლელები პირველ სართულზეა. შესასვლელის პირდაპირ, კედელში, ბუხარია. გვერდებზე — სამეურნეო დანიშნულების ნიშები და სათოფურები. მეორე სართულის კედლებშიც მრავალი სათოფურია. ზოგი მათგანი თაღოვან ნიშშია მოქცეული. აქაც შესასვლელის პირდაპირ თაღოვანი ბუხარია. სართულები ერთმანეთს უკავშირდება კედელში დატანებული კიბით. ორივე სართულის კედლებში გაჭრილია პატარა ზომის, კვეთით ზემოთ მიმართული, სარკმლები. კედლები შელესილია. სართულები გადახურულია შეისრული ჯვარედინა კამარებით.
ბიბლიოგრაფია
- კოშკები: კარბი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.174-175. სოფ.კარბში შემორჩენილი კოშკების მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება და დათარიღება.
- ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამუდული კოშკები: კარბი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.433-434. ცილინდრული კოშკები: კარბი.-გვ.471-472. XVII საუკუნით დათარიღებული პირამიდული და ცილინდრული კოშკების არქიტექტურული დახასიათება. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.223; ტაბ.178).
- კარბი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.თბ.,1990.-გვ.75-76. მოკლე ცნობები სოფ. კარბის მატერიალურ-კულტურული ძეგლების შესახებ (XVII-XVIII საუკუნეების გნოლიძეების, XV-XVI საუკუნის დავითაშვილებისა და XVIII საუკუნის ხუბაშვილების ციხეები; XVII-XVIII საუკუნის პირამიდული და ცილინდრული ტიპის კოშკები; ღვთისმშობლის, წმინდა მარინესა და წმინდა სამების სახ. ეკლესიების აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლების გეგმები და განაკვეთები.
- კოშკები //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება.ტ.I.-თბ.,1983.-გვ.177-180. მოკლე ცნობები კარბის კოშკის შესახებ. ტექსტს ერთვის კოშკის სართულების გეგმა.