კასელის დიდი რენეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კასელის დიდი რენეტი

კასელის დიდი რენეტი(Reinette de Caux, Great Cassier Reinette, Doppelte Cassier Reinette, Holländische Gold-Reinette). ვაშლის ჯიში.

კასელის რენეტის წარმოშობა უცნობია, ჩრდილოეთ ევროპის წარმოშობის (ან გერმანული და ან ჰოლანდიური) ჯიში კი უნდა იყოს. ჯერ კიდევ 1771 წ. იყო უკვე ცნობილი, როგორც სამრეწველო ჯიში. 1801 წ. პომოლოგმა დილმა აღწერა და საუკეთესო დახასიათება მისცა. ამჟამად უფრო მეტად გავრცელებულია ევროპის ჩრდილო ქვეყნებში (გერმანიაში, ჩრდილოეთ საფრანგეთში და სხვა).

ჩვენს კავშირში კასელის რენეტი ფართოდ გავრცელებულია ყირიმში. საქართველოში კასელის რენეტს საკმაო რაოდენობით ვხვდებით ზემო ქართლის მეხილეობის რაიონებში, შედარებით მცირე რაოდენობით ქვემო ქართლის რაიონებშია გავრცელებული. ახალციხეში თითო–ოროლა ხე თუ არის გაშენებული, ისე რომ სასაქონლო მნიშვნელობა მას იქ არა აქვს. სხვაგან კასელის რენეტი არა გვხვდება. კასელის რენეტი შემოტანილი უნდა იყოს პირველადვე, სხვა ევროპულ ჯიშებთან ერთად, რადგანაც ამჟამად მის დაბერებულ ხნიერ ხეების ნარგავებს ვხვდებით.

ახალ ასორტიმენტში კასელის რენეტს ადგილი არა აქვს დათმობილი, მის მაგიერ დაშვებულია გასაშენებლად კოკსის ფორთოხლისებრი რენეტი, რომელიც რენეტის ნაყოფს გარეგნულად წააგავს, ცოტა უფრო წვრილია და გემოთი კი გაცილებით სჯობია უკანასკნელის ნაყოფს.

კასელის რენეტის ნაყოფი მსხვილია ან საშუალო ზომის. ახალგაზრდა ხეებზე კი ძლიერ მსხვილიც. ნაყოფი მომრგვალო ან მობრტყო ბირთვისებრი ფორმისაა, ზოგჯერ ასიმეტრიულად განვითარებული. კუნწულ–კუნწულა ნაყოფის სხმა იცის, რის გამოც უხვი გამონასკვის შემთხვევებში და არახელსაყრელი ჰავისა და კვების პირობებში ნაყოფი ძლიერ უწვრილდება, რაც, რასაკვირველია, მისი ნაყოფის ხარისხზეც უარყოფითად მოქმედებს. ზომიერი ტენიანობისა და კარგი კვების პირობებში ნაკლებად ზიანდება ქეცით და ნაყოფჭამიით, ცუდი კვების პირობებში კი ძლიერ ზიანდება. მშრალ და ქარიან ადგილებში იძლევა ბევრ ნაქარალს. ნაყოფი საწყობში კარგად სძლებს გვიან გაზაფხულამდე, არ ქაშდება, არც ფუყდება, არც ჭკნება და არც იჭმუჭნება, თუ მეტისმეტად არ გადამწიფდა.

ჯამი ნახევრად დახურულია ან მთლად დახურული და მოთავსებულია განიერ, საკმაოდ ღრმა და მონაოჭებულ ოდნავ ბორცვიან ღრუში.

ნაყოფის ყუნწი წვრილია, საშუალოდ გრძელი და ზის ღრმა ღრუში. ყუნწის ირგვლივ ღრუ ჟანგაროს ხალებითაა დაფარული.

ნაყოფის კანი თხელია, მკვრივი, ოდნავ ხაოიანი, უხეში, მშრალი; ძირითადი შეფერვა მოკრეფისას მოყვითალო–მომწვანოა, ჟანგაროს ხალებით და ზოლებით დაფარული.

კანზე მრავალი მორუხო ფერის წერტილია გაფანტული. სრულ სიმწიფისას კი ნაყოფის კანის ფერი იწმინდება – ყვითლდება და ნაზდება. მზის მხარეზე ემჩნევა მოწითალო წვრილი ზოლები, გარდამავალი ცვილის ფონზე. ხელსაყრელი ზრდა–განვითარების პირობებში, მყუდრო თბილ ადგილებში და კარგი მოვლის პირობებში კასელის რენეტი სუფთასა და ინტენსიურად შეფერილ ნაყოფს იძლევა.

ნაყოფის ხორცი მოყვითალოა, პირველად საკმაოდ მკვრივი; სრული სიმწიფისას კი რბილდება. ნაზდება, წვნიანდება და ღებულობს სასიამოვნო მოტკბო–მომჟავო გემოს, ინვითარებს მცირე სურნელებას.

ხე საკმაოდ ძლიერ ზრდას იჩენს სანერგეში, შემდეგშიაც ძლიერ ხედ ვითარდება; ინვითარებს ძლიერს, განიერს, მაღალი შენების არახშირ ბირთვისებრ ვარჯს, ადრე შედის მოსავალში და იძლევა რეგულარულ და უხვ მოსავალს.

ყვავილობა გვიან იცის. ცხვირგრძელები დიდად არ აზიანებენ მის ყვავილს. ყვავილები თვითსტერილი აქვს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები