კაჭახიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი კაჭახიძე

კაჭახიძე გიორგი — (1907 – 1979), მწერალი, პოეტი და ფილოლოგი. დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედია). საშუალო განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. იმავე წელს სწავლა გააგრძელა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა. სტუდენტობიდანვე დაუკავშირდა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის” გარშემო არსებულ ლიტერატურულ წრეს, აქვე გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსებიც. საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ნიჭიერი ლიტერატორის პირველმა წიგნებმა; განსაკუთრებით აღსანიშნავია ვრცელი პოეტური ნაწარმოები „ის უბანი და ის კარმიდამო“, რომელიც მწერლის ნახევარსაუკუნოვანი თავდადებული შემოქმედებითი შრომის შედეგს წარმოადგენს. მან არაერთი პოეტური კრებულით გაამდიდრა ჩვენი საბავშვო ლიტერატურა: „ალუბლები ყვავიან“, „სწავლასა და სიხარულში“, „მალხაზებისათვის არც მიმღერია“ და სხვა. გიორგი კაჭახიძეს ეკუთვნის მონოგრაფია შიო მღვიმელზე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


ყვავილები დედას
დედის სითბო, დედის ხელი
ვის არ უღებს ქვეყნის კარებს!
ცეროდენა რომ ვიყავი,
სულ ვნატრობდი შინ და გარეთ:
საჩუქარი კარგზე კარგი
რა მეშოვნა იმისთანა,
სიხარულით, სიყვარულით
დედიკოსთვის მიმეტანა.
ყელსაბამი ვერ შევკადრე,
ვერც პატარა ჭრელი ბურთი...
ვარჩიე და ბოლოს დედას
მივუტანე ბატიბუტი.
ცეროდენა რომ ვიყავი,
სულ პატარა ცელქი ბავშვი,
არაფერი, არაფერი
არ მიყვარდა ისე მაშინ,
როგორც თეთრი ბატიბუტი
ჩაფიფქული კალათაში.
დღეს დიდი ვარ, სკოლაში ვარ,
ნაკადულებს წყაროდ ვერთვი,
მომავლისკენ მივაბიჯებ,
არ მერევა შავში თეთრი.
გაიზარდა ჩვენი ეზოც,
ჩვენი სახლის აივნები
და დედისთვის მიმაქვს ახლა
ჩემი ბაღის ყვავილები.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები