კახიძე რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კახიძე რევაზ − (1936 − 2012), ქართველი პოეტი. ლიტერატურული ფსევდონიმი – უჩინო. დაიბადა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სპი-ში, ინჟინრის სპეციალობის დასაუფლებლად, შემდეგ განაგრძო სწავლა და დაამთავრა მოსკოვში წარჩინებით და წითელი დი პლომით. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო რადიოტექნიკა, უკრავდა გიტარაზე, წერდა ლექსებს, მოწიფულ ასაკში კი ჭედურობის ხელოვნებასაც დაეუფლა. 60-70- იან წლებში მისი ლექსები, მოთხრობები და მინიატურები იბეჭდებოდა ჟურნალებში − „დროშა” და „ნიანგი” და გაზეთ „ალტერნატივაში”. 1982 წელს დაიბეჭდა რევაზ კახიძის პოეტური კრებული − „დაუვიწყარი ყვავილები”, გარდაცვალების შემდეგ კი გამოიცა მისი კიდევ ერთი კრებული.
- მხატვარი (ფიროსმანს)
- გულგასენილი იანვრის ქარი
- მესტვირესავით იბრუნებს ტუჩებს,
- სადღაც სარდაფში ქვითინებს თარი
- და კაეშანი ატყვია ქუჩებს.
- მწუხრი გვიწყობდა ღამის რვიანებს,
- ვჭრიდით დღეებით _ თეთრი ტუზებით,
- დღეს კი ის კაცი დაიგვიანებს
- დიდი ოცნების ლურჯი ღუზებით.
- გული ბუდიდან არ ამომხტარა,
- არ წაქცეულა თოვლში ჭადარი,
- უბრალოდ, დიდი არა მოხდა რა −
- მოლბერტით ხელში მოკვდა მხატვარი.
- გაქრა ძლიერთა ფერთა მწერალი
- და გულს მისერავს ფიქრთა ქაოსი...
- მან გააცოცხლა სხივთა ჩქერალით
- კოლხის სული და სუნთქვა ტაოსი,
- აახლა ფრესკა და ნახატარი,
- გვასმინა ღრუბელთ თეთრი გალობა
- და დიდ ტილოებს შერჩა მხატვარი
- ვით უკვდავების გარდუვალობა!
- ქვეყნის ტკივილი ფუნჯით ატარა,
- მაგრამ სიკვდილი არის უხათრო...
- მე მეცოდება განა მხატვარი −
- მე მებრალება ქუჩა უმხატვროდ!..