კეთილი ლუიზა ავრანშიდან (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეთილი ლუიზა ავრანშიდან

კეთილი ლუიზა ავრანშიდანBonne Louise d ՚Avranches; Gute Louise Von Avransches; Louise bonne de Jerseyმსხლის ჯიში კეთილი ლუიზა, მიღებულია, როგორც თესლნერგი, საფრანგეთში – ავრანში (ნორმანდია). იგი ფართოდ გავრცელებულია დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებსა და ამერიკაში, გვხვდება სამხრეთ უკრაინასა, ყირიმსა, ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერ-კავკასიაში. კერძოდ, საქართველოში გვხვდება არა დიდი რაოდენობით, ისიც მხოლოდ ქართლში და კიდევ უფრო იშვიათად ახალციხეში; როგორც პომოლოგიური ეგზემპლარი კი გვხვდება აფხაზეთსა, აჭარასა და კახეთში.

ნაყოფი მომცრო აქვს, მსხლისებრი მოყვანილობის. ფორმით 85 მმ.–65 მმ. გამობმა იცის ცალობით და წყვილადაც, იშვიათად სამ-სამი, სუსტ საძირეზე კი ნაყოფი ხშირად ზედმეტად მსხვილი იზრდება. ნაყოფი კარგად იტანს ტრანსპორტს.

ჯამი ჩვეულებრივად ღია აქვს და მოთავსებულია განიერ და არაღრმა ღრუში.

ნაყოფის ყუნწი გრძელია, მსხვილი, ოდნავ მოღუნული, ხან ირიბად გადაწოლილი, ზის ნაყოფის ხორცის თავზე და ბოლო ხორციანი აქვს, თითქოს ნაყოფის ხორცის გაგრძელებას წარმოადგენდეს, ყუნწი არა აქვს ბოში და ნაყოფიც არ სცვივა ადვილად ქარისაგან.

ნაყოფის კანი თხელია, გლუვი და პრიალა; მოკრეფისას ღია მწვანე ფერისაა, მრავალი მონაცრისფრო კანქვეშა წერტილებით; სრული სიმწიფისას ნაყოფის კანი მომწვანო-მოყვითალო ელფერს ღებულობს, ხოლო მზის მხარეზე უჩნდება დაწინწკლული წითელი ლოყა, რის გამოც კეთილ ლუიზას შეცდომით ზაფხულის ან შემოდგომის კალმახს უწოდებენ.

ნაყოფის ხორცი თეთრია, ნაზი, საკმაოდ წვნიანი, მდნარი, ტკბილი და სასიამოვნო მჟავიანობით; ხელსაყრელ კვებისა და გარემო პირობებში ნაყოფი ძვირფას გემოს ღებულობს. ჭარბტენიანი ჰავისა და ნიადაგის პირობები ნაყოფის ხარისხს ძლიერ სცემს, უჩნდება ქეცის ხალები და იგი მეტად დაბალი ხარისხის ხდება.

ხე იზრდება საკმაოდ ძლიერად, ინვითარებს პირამიდულ მაღალ შენების ვარჯს, ტოტები მსხვილი და გრძელი აქვს, არ არის დიდი მომთხოვნი გარემო პირობებისადმი, მაგრამ ჭარბტენიან გრუნტში კი კარგად ვერ ჰგვარობს. ადრე იწყებს ნაყოფიერებას და ყოველწლიურად იძლევა უხვ და რეგულარულ მოსავალს. ყინვების მიმართ მგრძნობიარეა.

ყვავილობა საშუალო პერიოდის აქვს. ყვავილი თვითსტერილია.

ნაყოფს მოკრეფის სიმწიფე სექტემბრის დასაწყისში უდგება და ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე სძლებს. შორეულ ტრანსპორტს ვერ იტანს.

კომშზე კარგად ჰგვარობს, იშვიათი სილამაზის ფორმიან ხედ იზრდება; კარგად ხარობს და უხვ მოსავალს იძლევა აგრეთვე ძლიერ საძირეზეც. ჩვენში კეთილი ლუიზა სამრეწველო ჯიშად არ ითვლება მისი მრავალი დადებითი სამეურნეო და ბიოლოგიური თვისების მიუხედავად. ბაღის მოყვარულთა კარმიდამოებზე, ნაგალა ფორმიანი კულტურის წარმოების დროს კი ერთ-ერთ საინტერესო და სასარგებლო ჯიშად უნდა იქნეს ცნობილი.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები