კვაშილავა ნანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვაშილავა ნანა – (1968), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა ზუგდიდში. 1985 წელს წარჩინებით დაამთავრა ზუგდიდის მე-9 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ორი კურსის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და დაამთავრა 1992 წელს. ორი წელი იმუშავა ზუგდიდის მე-6 საშუალო სკოლაში მასწავლებლად. 1994 წლიდან პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა მოსკოვის ქართულ სკოლა-ლიცეუმში. ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობას, არის ავტორი პოეტური კრებულისა „ღიმილი ჩემი ავტოგრაფია“ (2018).
- * * *
- ყველაფერზე შეიძლება წერო!
- მაგრამ თუკი სამშობლოა შორი,
- და შენ, როგორც გაზაფხულზე წერო,
- ვერ ბრუნდები სხვა მრავალთა შორის...
- დაგეღალა თითქოს ფრენით ფრთები,
- მშობლიური არსად მოჩანს ყურე,
- ცა – სიმშვიდით, ქალაქი კი უცხო,
- ალმაცერი მზერით შემოგყურებს.
- ბედისწერის რომ წააგავს ნიშანს,
- (წერო ცაზე რასაც მივამსგავსე) –
- ჩემს ფურცელზე სამკუთხედი ღია
- ვერ შევკარი, ვეღარ დავასრულე!..
- ყველაფერზე რადგან არ მსურს ვწერო,
- რადგან ისევ შორი რჩები, ჩემო...
- ისევ კალმით დაგიხატე ფრთები,
- გზა მშვიდობის, გზა მშვიდობის, წერო!