კიბერნეტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კიბერნეტიკა (ბერძნ. kybernetike – მართვის ხელოვნება) – მეცნიერება მართვის, კავშირისა და ინფორმაციის გადამუშავების შესახებ.

მეცნიერება მართვის სისტემებში მართვისა და კავშირის პროცესების ზოგადი კანონზომიერების შესახებ. მართვის სისტემებს წარმოადგენენ მანქანები, ცოცხალი ორგანიზმები და მათი გაერთიანებები. კიბერნეტიკას აგრეთვე განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერებას ინფორმაციის მიღების, გადაცემის, გადამუშავების, „მეხსიერებაში“ შენახვისა და გამოყენების ხერხების შესახებ მანქანებში, ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ გაერთიანებებში.

სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან Kybernetike – „მართვის ხელოვნება“, რომელიც, თავის მხრივ, წარმოშობილია სიტყვიდან Kybernetes – „მესაჭე“. პლატონის „დიალოგებში“ ეს სიტყვა ნიშნავს არა მარტო გემის წაყვანის ხელოვნებას, არამედ პროვინციების ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობასაც. შემდგომში ეს სიტყვა გამოჩნდა ფრანგი მათემატიკოსისა და ფიზიკოსის ამპერის ნაშრომში „მეცნიერების კლასიფიკაცია“, სადაც იგი ცდილობს შექმნას ყველა მეცნიერების კლასიფიკაცია - არსებულისა და მომავლის. მასთან „კიბერნეტიკა“ ნიშნავს მართვის ხელოვნებას ყველაზე ფართო გაგებით (1843).

როგორც მეცნიერულმა მიმართულებამ, თანამედროვე კიბერნეტიკამ არსებობა დაიწყო 1948 წლიდან – იმ დროიდან, როდესაც გამოქვეყნდა ამერიკელი მეცნიერის ნორბერტ ვინერის წიგნები „კიბერნეტიკა ანუ მართვა და კავშირი ცხოველებში და მანქანებში“ (1948) და „კიბერნეტიკა და საზოგადოება“ (1954), რომლებშიც კონკრეტულ სამეცნიერო მასალებზე დაყრდნობით საქვეყნოდ იქნა აღიარებული და დასაბუთებული ხელოვნურ და ბნუებრივ სისტემებში მართვის კანონებისა და ინფორმაციული ურთიერთქმედების ერთიანობა.

კიბერნეტიკის შექმნაში დიდი როლი შეასრულა აგრეთვე კ. შენონის, ჯ. ნეიმანის, ი. ვიშნეგრადსკის, ა. კოლმოგოროვის, ა. ლიაპუნოვის და სხვათა ნაშრომებმა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები