კიკნაძე ფილადელფოს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილადელფოს კიკნაძე

ფილადელფოს კიკნაძე − (ნათლობის სახელი – ნიკიფორე), (დ. დაახლ. 1794 – 5 სექტემბერს 181313, თბილისი), ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური.

1802 სასწავლებლად ნათლისმცემლის მონასტერში მიაბარეს, საიდანაც 1813 ხირსის არქიმანდრიტმა თავის მონასტერში წაიყვანა. 1817 კიკნაძე ბერად შედგა ნიკოლოზის სახელით, 1818 იეროდიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1822 – მღვდელმონაზვნად, მაშინ უწოდეს ფილადელფოსი. 1826 კიკნაძე დაბრუნდა თბილისში, ფერისცვალების მონასტერში. იმავე წელს კათალიკოს ანტონ II-სთან გაემგზავრა ნიჟნი-ნოვგოროდში, სადაც დიდი უსიამოვნება შეემთხვა და დააპატიმრეს, მაგრამ იმპერატორის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს და საქართველოში დააბრუნეს. რუსეთში ყოფნისას კიკნაძე დაუახლოვდა ოქროპირ ბატონიშვილს, რომელმაც იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩააბა, ხოლო 1829 თბილისში ჩამოსულმა ბატონიშვილმა კიკნაძეს კონკრეტული დავალებები მისცა. ფილადელფოს კიკნაძე გახდა შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური წევრი, შეადგინა საიდუმლო საზოგადოების წესდება, ე. წ. „აკტი გონიური“, და საიდუმლო ანბანი შეთქმულთათვის, რომელიც კიკნაძეს ბერძნული, ლათინური და რუსული ასოების მიმსგავსებით შეუდგენია ხუცური და მხედრული ასოების ბაზაზე. დაწერა თხზულებები: „მამულის სიყვარული“ და „გოდებანი იერემიასნი, ძისა ენეისნი ხილვათათვის მდგომარეობისა ივერიისა აწინდელსა ზედა“.

1832 შეთქმულება გასცეს. 1833 წლის 9 იანვარს ფილადელფოს კიკნაძე შუამთის მონასტერში დააპატიმრეს. იმავე წლის 5 სექტემბერს იგი თბილისში პატიმრობაში გარდაიცვალა.

კიკნაძე პოლიტიკურ მოღვაწეობასთან ერთად ფართო ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. ცნობილია აგრეთვე როგორც გადამწერი. ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გადაწერილმა ანტონის გრამატიკის დიდმა ნაწილმა. ორიგინ. გრამატიკის დაწერაც უცდია. ჯერჯერობით მიკვლეულია მისი „ქართული ღრამმატიკის“ მხოლოდ პირველი ნაწილი, რომელიც ქართული ენათმეცნიერული აზრის ისტორიისათვის გარკვეული მნიშვნელობის მქონეა, მიუხედავად ფრაგმენტული ხასიათისა და ნაკლულევანებისა. ავტორი ძირითადად სარგებლობს ი. ქართველიშვილის გრამატიკით, მაგრამ შიგადაშიგ ანტონის გრამატიკისკენაც იხრება. ნაშრომს დართული აქეს სქემა, რომლის მიზანი, ავტორის აზრით, შემდეგია: „სქიმა პირუელის ნაწილის ღრამმატიკისა, რომელიცა აჩუენებს ყრმათ მაგალითსა განყოფილებასა მათისასა მოკლედ, რომლითაცა უადვილესად შესაძლო არს ცხადად გული სხმისჰყოფა და ადვილად დანერგუად გონებასა შინა“.

საარქივო ფონდში მოკვლეულია აგრეთვე მისი ქადაგებები: „ქადაგება კაცთა ცოდვის შესახებ“, „იოანე ნათლისმცემლის ქადაგება“, „სწავლა სარწმუნოებისათვის“ და სხვ. ქადაგებათა ფრაგმენტები.

გ· ბუბუტეიშვილი


თხზულებები

  • „მამულის სიყვარული“ (ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი, კომენტარი და ლექსიკონი დაურთო პროფ. თ. კუკავამ), თბ., 1996;
  • ქადაგება ქველმოქმედების შესახებ (ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი, კომენტარი და ლექსიკონი დაურთო მ. ხომერიკმა), თბ., I997.

ლიტერატურა

  • გოზალიშვილი გ. 1832 წლის შეთქმულება, ტ. I, თბ. 1935;
  • ხომერიკი მ. „ფილადელფოს კიკნაძის გრამატიკული ნაშრომი“, თბ., 1997

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები