კილიკი
კილიკი − (ძვ.ბერძ. κύλιξ — თასი), ღვინის სასმელად ძველი ბერძნები საკმაოდ მრავალფეროვან ჭურჭლეულს ხმარობდნენ. განსაკუთრებით ფართოდ იყო ხმარებაში ორყურა ქუსლიანი ჯამები, რომელთაც კილიკი ეწოდებოდა.
კილიკი ანტიკური კერამიკის ერთ-ერთე ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობაა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ფორმის არსებითი ცვლილებები განიცადა. ძვ. წ. VI ს. მეორე ნახევარსა და V საუკუნის დასაწყისში გავრცელებულია უპირატესად მაღალყელიანი კილიკები, რომელნიც რამდენიმე ვარიანტს გვაძლევენ. ძვ. წ. V ს. დასაწყისიდან და განსაკუთრებით შუა ხანებიდან ფართოდ ვრცელდება დაბალი კილიკი, რომლის ქუსლი ლილვისებური მოყვანილობისაა, ამასთან რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მათი ფორმის ზოგიერთი დეტალი და პროპორციები შესამჩნევად იცვლება. ასე მაგ. ძვ. წ. V ს. პირველი ნახევრის ატიკურ კერამიკაში გავრცელებულია უფრო მასიური, სქელკედლიანი კილიკები. უკვე ძვ. წ. V ს. მეორე მეოთხევრიდან იგივე ფორმის კილიკი უფრო მსუბუქი და დახვეწილი ხდება. გვხვდება რამდენიმე ვარიანტი ამ ტიპის კილიკებისა, რომელნიც ერთმანეთისაგან პირის გვირგვინის მოყვანილობით განსხვავდებიან: ერთი ჯგუფის პირის გვირგვინი გარედან სადაა, ხოლო შიგნიდან კი კალთებისაგან ქედითაა გამოყოფილი, სხვებს კი, პირიქით, ან კიდევ ორივე მხრიდან ქედით გამოყოფილი და ა. შ. სრულიად განსხვავებულია კილიკის ფორმები IV ს. და განსაკუთრებით ელინიზმის ხანაში.