კინკოზაურები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კინკოზაურებიხევსურეთში ბაცალიგოს თემში არის ერთი არაბულების სოფელი აყნელი. აყნელში გუდანის ჯვარი ყოფილა დაარსებული. თავად გუდანში კი კინკოზაური მდგარა და გუდანის ჯვარს ეჯიბრებოდა თურმე დავლათით. ჩვენ იმდენი დავლათი გვაქვს ღვთისგანო, იტყოდნენ კინკოზაურნი, რომ გუდანის ჯვარი ვერაფერს დაგვაკლებსო. სანეს ერთი დიდი ვაკეა, გუდანის ჯვარის კუთვნილი. მისულა იქ კინკოზაური და ხვნა დაუწყია. გუდანის ჯვარი გამოცხადებია კინკოზაურს და უთქვამს: დაანებე თავი, ჩემი წმიდა ნაკვეთია ეს სანე-ვაკე და ნუ ხნავო. კინკოზაურმა სიცილად არ იკმარა გუდანის ჯვარის ნათქვამი და არც ხარები აუშვა. გუდანის ჯვარს არ უნდოდა, რომ ამ წმიდა ნაკვეთში კაცი მომკვდარიყო, და აქ არაფერი დაუშავებია მისთვის.

საღამოხანზე, ხარები რომ აუშვეს, წავიდა კინკოზაური შინისკენ და ხარებიც წამოასხა. ჩამოეწია ხეთანასთან გუდანის ჯვარი კინკოზაურს და იქ მოკლა. ამაზეა სიმღერა, რომელსაც ხშირად მღეროდნენ ხევსურები:

„შაუდგა გუდანის ჯვარსა კინკოზაური ძალზედა,
უბარებს ბადრიაული მუქარას მუქარაზედა.
ხეთანას ჩამაეწივა, სისხლ ათხევივა ქვაზედა!“

დანარჩენ კინკოზაურებს გაუჩნდა შავი ჭირი და ერთიანად გაწყდნენ ყველანი. მერე დარჩა თავისუფლება ჭინჭარაულთ, მაგანძურის ერთ-ერთ გვარს და დასახლდნენ მათ ნასახლარზე გუდანში. მამული კი, რაც კინკოზაურებს ეკუთვნოდა, გუდანის ჯვარმა დაიჭირა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები