კლდის გუმბათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლდის გუმბათი

კლდის გუმბათი − (არაბ. مسجد قبة الصخرة‎‎ — მასჯიდ კუბატ ას-საჰრა; ივრ. ‏ כיפת הסלע‏‎‎‎), ებრაული არქიტექტურის ბრწყინვალე ძეგლი, მეჩეთი, წმინდა ტაძარი. მდებარეობს ქ. იერუსალიმში ტაძრების მთაზე, უძველესი მუსლიმური ტაძრის – ალ-აქსას სიახლოვეს. აგებულია 685-691 წლებში ომაიანების სახალიფოს ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ბრძანებით (არქიტექტორები რაჯა იბნ ჰაივა და იაზიდ იბნ სალიამი).

კლდის გუმბათი აგებულია იმ ადგილას, სადაც ადრე ებრაელთა პირველი და მეორე ტაძარი მდებარეობდა. მეორე იუდაისტური ტაძარი დაინგრა იუდეის ომის დროს ძვ.წ. 70 წელს, რომაელთა მიერ იერუსალიმის აღებისას.

1099 წელს ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი და ტაძარი ავგუსტინელების მფლობელობაში გადავიდა, რომლებმაც მეჩეთი ეკლესიად გარდაქმნეს. 1187 წელს ეგვიპტის სულთანმა სალადინმა დაიბრუნა იერუსალიმი და კლდის გუმბათი ისევ მუსულმანური სალოცავი გახდა. 1927 წლის მიწისძვრამ მეჩეთი ძლიერ დააზიანა. 1955-1965 წწ. და 1993 წ. იორდანიის, თურქეთის და რამდენიმე არაბული ქვეყნის ჩართულობით მოხდა დაზიანებული ტაძრის აღდგენა.

რვაკუთხა ფუძეზე დაყრდნობილი ხის გუმბათის დიამეტრია 20,2 მ, ხოლო სიმაღლე – 20,48 მ. როტონდას ფორმა უცხოა ისლამისათვის, მაგრამ, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ეს იყო ცდა მაშინდელი ქრისტიანული ტაძრების გუმბათების მეტოქეობისა. გუმბათის ყელი შედგება 16 სარკმელისა და 16 სვეტისაგან, ხოლო ექსტერიერისა და ინტერიერის მოსაპირკეთებლად ფაიფური და მარმარილოა გამოყენებული.

კუბატ ას-საჰრას დიდებული ტაძარი ერთად აღებული იუდაისტური, ისლამური და ქრისტიანული საკულტო ხუროთმოძღვრების საოცარი ქმნილებაა და თავისი კუთვნილი ადგილი უჭირავს მსოფლიო საოცრებათა საგანძურში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები