კლემპერერი ოტო
ოტო კლემპერერი – (14 მაისი 1885, ბრესლაუ, – 17 ივლისი 1973, ციურიხი], გერმანელი დირიჟორი, კომპოზიტორი. მუშაობდა პრაღაში, ჰამბურგში, კიოლნში, ნიუ-იორკში, ბერლინში და ა.შ. ფაშისტური გერმანიიდან ემიგრაციის შემდეგ 1933-39 სათავეში ედგა ლოს-ანჯელესის სიმფონიურ ორკესტრს. 1947-50 მუშაობდა ბუდაპეშტის საოპერო თეატრში, შემდგომ ბერლინის „კომიშე-ოპერაში“, ლონდონის ფილარმონიის ორკესტრში, თეატრ „კოვენტ-გარდენში“. XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი დირიჟორია, მოცარტის, ბეთჰოვენის, ბრუკნერის, მალერის, რ. შტრაუსის ნაწარმოებების სწორუპოვარი შემსრულებელი; პ. ჰინდემითისა და ი. სტრავინსკის ნაწარმოებთა („ოიდიპოს მეფე“, „მავრა“) პირველი შემსრულებელი და პროპაგანდისტი, ავტორია სხვადასხვა ჟანრის მთელი რიგი ნაწარმოებებისა და მოგონებებისა. სხვადასხვა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ი. ვ. გოეთეს სახ. პრემია (1932).