კლეოპატრა VII

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლეოპატრა VII

კლეოპატრა VII – (69-30 წწ. ჩვ.წ.-მდე), რომელიც ეგვიპტის უკანასკნელ მეფედ არის მიჩნეული, რადგან მისი გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტე რომის პროვინცია გახდა.

კლეოპატრა პტოლემაიოს XII აულეტოსის და (სავარაუდოდ) მისი დის და ცოლის, კლეოპატრა VI ტრიფენას ქალიშვილი იყო. როგორც საოცრად ცუდი მმართველი, ალექსანდრიელებმა აულეტოსი გააძევეს და ტახტზე მისი ქალიშვილი, ბერენიკა დასვეს. აულეტოსი ჩავიდა რომში პომპეოსთან, რომელიც მას ტახტის დაბრუნებაში დაეხმარა. ალექსანდრიაში დაბრუნების შემდეგ აულეტოსმა სიკვდილით დასაჯა ბერენიკა და მისი ქმარი, მაგრამ თვითონაც მალე გარდაიცვალა. მას დარჩა კიდევ ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი. უფროსი ქალიშვილი, 18 წლის კლეოპატრა დააქორწინეს თავის ათი წლის ძმაზე, პტოლემაიოს XIII ზე. თავისი ძმის და ქმრის ასაკის გამო კლეოპატრა, რასაკვირველია, რეალური მმართველი გახდა, მაგრამ ძმის მომხრეებმა კლეოპატრა აიძულეს, სირიაში გაქცეულიყო. ვითარება დრამატულად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პტოლემაიოს XIII-ს მომხრეებმა მოღალატურად მოკლეს ფარსალოსიდან გამოქცეული პომპეოსი, რომელმაც იულიუს კეისართან დამარცხების შემდეგ პელუზიუმს შეაფარა თავი. კლეოპატრა დაბრუნდა ალექსანდრიაში ჩვ.წ.-მდე 48 წელს, და მოახერხა იულიუს კეისრის კეთილგანწყობის მოპოვება, რომელიც, პომპეოსის დამარცხების შემდეგ, ამ დროისათვის რომში ყველაზე გავლენიანი კაცი გახდა. იულიუს კეისარმა თითქოს შეძლო ძალთა დაბალანსება კლეოპატრას და მის ქმარს შორის, მაგრამ კლეოპატრასათვის ეს არ იყო საკმარისი. მან ისე მოაწყო საქმე, რომ ქმარი თავის მომხრეებს მოაკვლევინა. პტოლემაიოს XIII-ის გარდაცვალების შემდეგ კლეოპატრა დაქორწინდა თავის შემდეგ ძმაზე, პტოლემაიოს XIV-ზე. ცოლ-ქმარი, ისევე როგორც პირველი ქორწინების დროს, თანამმართველებად მოიაზრებოდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში კლეოპატრამ, როგორც იულიუს კეისრის საყვარელმა და მოკავშირემ, თავიდანვე ხელში აიღო მართვის სადავეები. 47 წელს კლეოპატრამ გააჩინა ვაჟიშვილი, რომელსაც ცეზარიონი დაარქვა. ამ სახელის დარქმევით მან ყველას გააგებინა, თუ ვინ იყო ბავშვის ნამდვილი მამა. 46 წ. კლეოპატრა ჩავიდა რომში კეისართან ერთად, მაგრამ მისი მოკვლის შემდეგ ისევ ალექსანდრიაში დაბრუნდა, სადაც თავისი მეორე ქმარი მოაკვლევინა. ჩვ.წ.-მდე 41 წ. კლეოპატრას ხვდება მარკუს ანტონიუსი. მას სჭირდებოდა სამხედრო ძალები სამხედრო კამპანიებისათვის აღმოსავლეთში და კონფლიქტის მოსაგვარებლად იულიუს კეისრის მემკვიდრესთან, ოქტავიანესთან. მარკუს ანტონიუსი და კლეოპატრა მოკავშირეები და საყვარლები გახდნენ. რომაელისაგან კლეოპატრამ სამი შვილი გააჩინა: ტყუპები, ალექსანდრე ჰელიოსი და კლეოპატრა სელენა და შემდეგ ვაჟიშვილი, პტოლემაიოს ფილადელფოსი. მაგრამ ოქტავიანემ მოახერხა რომის განწყობა წყვილის წინააღმდეგ. ის განსაკუთრებით აღნიშნავდა, რომ კლეოპატრა, ქალი და უცხოელი, იბრძოდა რომზე გარკვეული ძალაუფლების მოსაპოვებლად. კონფლიქტმა ოქტავიანეს და ანტონიუსს შორის კულმინაციას მიაღწია ჩვ.წ.-მე 31 წელს, აქტიუმთან ბრძოლაში, რომლის დროსაც კლეოპატრას ფლოტი სასტიკად დამარცხდა. კლეოპატრა და ანტონიუსი გაიქცნენ ალექსანდრიაში, საიდანაც აგრძელებდნენ ბრძოლას, მაგრამ 30 წელს ორივემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ანტონიუსმა დანით მოიკლა თავი, რადგან მიიღო ყალბი შეტყობინება კლეოპატრას გარდაცვალების შესახებ, თავის მხრივ კლეოპატრამ აღარ ისურვა სიცოცხლე ანტონიუსის შემდეგ და, გადმოცემის თანახმად, გველს დააგესლინა თავი.

კლეოპატრას შესახებ მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და ლიტერატუული ნაწარმოებია დაწერილი. მას ახასითებენ, როგორც ღვთაებას და ურჩხულს, გმირს და მსხვერპლს. ალბათ, მას მრავალი სახე ჰქონდა. ამ არაორდინარულმა ქალმა მოახერხა, დაეპყრო ორი გამოჩენილი რომაელის გული, გამხდარიყო ეგვიპტის ერთპიროვნული მმართველი და როცა მიხვდა, რომ საკუთარი სიცოცხლის მმართველი ვეღარ იქნებოდა, სიცოცხლეს სიკვდილი არჩია.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები