კნინობითი სახელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კნინობითი სახელები - წარმოქმნილ სახელთა ჯგუფი, რომლებიც გამოხატავს სიმცირის, ალერსის, დამცირების სემანტიკას.

სიტყვაწარმოების სხვა ჯგუფებისაგან განსხვავებით, კნინობითობა სიტყვას ჩვეულებრივ ემოციურ-გამომხატველობით იერს აძლევს, ძირითადი ლექსიკური მნიშვნელობა კი უცვლელი რჩება.

როგორც ძველ, ისე თანამედროვე სალიტერატურო ქართულში კნინობითი სახელები ნაკლებად გავრცელებულია. კნინობითობა უფრო მეტად დამახასიათებელია ცოცხალი სასაუბრო მეტყველებისათვის. კნინობითი სახელები შედარებით ხშირად გვხვდება ზოგ დიალექტში: ხევსურულში, მთიულურში, ფშაურში, რაჭულსა და გურულში, ქართველურ ენათაგან – სვანურში.

კნინობითობა გამოიხატება სხვადასხვა ენობრივი საშუალებით. ყველაზე გავრცელებულია მისი გამოხატვა მარტივი სუფიქსებით – ა, ი-ა, აკ, იკ, ოკ, უკ, ან, ინ, უნ, ალ, ელ, ილ, ატ, იტ ოტ, უტ, იც, უც, იჭ, უჭ, იჩ, უჩ... და მათი შეერთებით მიღებული რთული სუფიქსებით: ოკ-ინ-ა, უკ-ელ-ა, უც-უნ-ა, უხ-ან-ა და სხვ. – (რომელთაც უმეტესად კნინობითობის -ა ბოლოსართი აქვთ დართული): მა-მალ-ა, კაც-ა, კაც-ია, წიგნ-აკ-ი, ბეს-იკ-ი, ვარ-იკ-ა, ბიჭ-უკ-ა, ბიჭ-უნ-ა, კატ-უნ-ი, ყრუ-ა-ლა, წალდ-ულ-ა, დედილ-ო, ფეხ-უც-ა, ყბ-აჩ-ა, პარკ-უჭ-ი, გლეხ-უჭ-ა, კოპ-იჭ-ი, კოპ-ეწ- ა, ბუმბლ-უქ-ა, ქალ-აჩ-უნ-ა, ვაჭრ-უკ-ანა, ბებრ-უხ-ან-ა, ბებრ-უც-უნა...

სუფიქსებით ფუძეთა თანდათანობითი გართულება შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ:

ფუნქციური თვალსაზრისით კნინობითობა მოიცავს მრავალ სემანტიკურ ნიუანსს, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს მაწარმოებელ სუფიქსთა მრავალფეროვნებას. სახელთა უმეტესობა კნინობითს ვერ აწარმოებს და სათანადო შინაარსი მხოლოდ აღწერითად გადმოიცემა. კნინობითის წარმოების დროს არსებითი მნიშვნელობა თავად ფუძის სემანტიკას ენიჭება. კნინობით-ალერსობითს უმეტესად ის ფუძეები აწარმოებენ, რომლის სემანტიკა იგუებს სიმცირის ან ალერსის გამოხატვას: პატარა – პაწია, პაწაწინა, პაწუკა, პაწაწკინტელა... დედა – დედიკო, დედილო.

კნინობით-დამცირებითი მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს სახელმა, რომლისთვისაც სიმცირის ან ალერსის სემანტიკა შეუთავსებელია: ბებერი – ბებრუკა, ბებრუხა, ბებრუხუნა, ბებრუცუნა; ყრუალა, ყრუჩუნა და სხვ., ან როცა სუფიქსი გამოხატავს მისთვის შეუფერებელი ნიშნის ან თვისების მქონებლობას ან მასთან მსგავსებას: ყბ-აჩ-ა, ყბ-აცა (დიდი ყბების მქონე ადამიანი), ქალაჩუნა, ქალაჭუნა (ქალის თვისებების მქონე ვაჟი).

სიმცირის ან ალერსის გამოხატვა ხდება ლექსიკური საშუალებებითაც: ცუგა, ფისო, ბაჭია, კიჭი და სხვ.

კნინობითობის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა ფუძისეულ ხმოვანთა მონაცვლეობა რედუპლიკაციის დროს: ბიჯჭ-ბუჭი.

კნინობითობის ფორმანტები ხშირად ურთიერთ მონაცვლეობენ ერთსა და იმავე ფუძესთან, რასაც თან სდევს სემანტიკური გადახრები. ზოგჯერ ეს მონაცვლეობა გამოყენებულია ახ. ლექსიკური ერთეულის – ტერმინის შესაქმნელად: წიგნი – წიგნაკი, პატარა ზომის წიგნი, ბროშურა; პატარა წიგნის სახის ზოგი საბუთი; თვალი – თვალაკი, ტექნ. პატარა სათვალთვალო ჭუჭრუტანა; საქსოვი დაზგის ნაწილი; კბილი – კბილაკი, ტექნ. ჰატარა კბილი; კნინ. სუფიქსები ზოგჯერ მცენარეთა ან ცხოველთა სახეობებს განარჩევს: წიწმატი – ბოსტნეული მცენარე, წიწმატურა – სარეველა ბალახი, წიწმატელა – სარეველა მცენარე; მჟაუნა – ბოსტნეული მატიტელასებრთა ოჯახისა, მჟაველა – დაბალი მრავალწლოვანი ველური მცენარე; ძერა – დიდი მტაცებელი ფრინველი შევარდნისნაირთა რიგისა, ძერანა – ანისული, ცერეცო; ძერუკა – პატარა ძერა, ძერძერუკი – მტაცებელი ფრინველია ერთგვარი; კატა – მტაცებელი პატარა ცხოველი, კატუნი – ველური გარეული კატა, კატუნა – კატუნია – კნინ. მოფ. კატა.

მ. კიკონიშვილი


ლიტერატურა

  • მარტიროსოვი ა. „კნინობითი სახელები ძველ ქართულში. – „იკე“, XX, თბ., 1978;
  • თოფურია ე. შრომები, III, თბ., 1979;
  • შანიძე ა. თხზულებანი. ტ. 1, თბ, I980;
  • ტუსკია მ. სიტყვაწარმოებითი აფიქსების ფუნქციები და შეხამებადობა სახელურ ფუძეთა სემანტიკური ჯგუფების მიხედვით. – „ქსკს“, წგ. 10, თბ., 1991;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული ენის მორფოლოგია (პროგრამა-პროსპექტი), თბ., 1995;
  • ჭუმბურიძე ზ. კნინობითი სახელები სვანურში. – „ძველი ქართული ენის კათედრის შრომები“, 20 თბ., 1997.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები