კოგნიტურ-ანალიტიკური თერაპია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოგნიტურ-ანალიტიკური თერაპია - კოგნიტურ-ანალიტიკური თერაპია როგორც თერაპიის ხანმოკლე ფორმა, შეიქმნა რაილის მიერ (Ryle, 1990). მკურნალობა ეფუძნება მოდელს, რომელიც პროცედურების გარკვეულ მიმდევრობას გულისხმობს. მიზნობრივი ქცევითი აქტივობები შემდეგ სქემას მიყვება: მიზნის დასახვა, გარემოს შეფასება, დაგეგმვა, ქმედება, შედეგების შეფასება, და, თუ აუცილებელია, მათი გადასინჯვა. პროცედურათა თანმიმდევრობა შეიძლება სამი ტიპის შეცდომას შეიცავდეს. ესენია:
- ხაფანგი. ქცევის განმეორებითი ციკლი, რომელშიც ქცევის შედეგი წინ უსწრებს მას. მაგალითად, დეპრესიული ადამიანების აზროვნების სტილის გამო იზრდება მარცხის განცდისა და, მომავალში, დეპრესიის ჩამოყალიბების ალბათობა;
- დილემები, ანუ მცდარი ან ზედმეტად შევიწროებული არჩევანი. მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც ბრაზის განცდის ეშინიათ, შეიძლება ფიქრობდნენ, რომ სხვების მიმართ ან მშვიდი ტონი უნდა გამოიყენონ ან აგრესიული. პირველ შემთხვევაში სხვა ადამიანები იყენებენ მათ თავის სასარგებლოდ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ბრაზს;
- წინაღობები, ანუ ქმედების ძალიან უარყოფითი შედეგების ანტიციპაცია, რის გამოც ეს ქმედება აღარ ხორციელდება, და, შესაბამისად, არასოდეს ხდება მისი გამოცდა რეალურ სიტუაციაში.