კოლუმბი ქრისტეფორე
ქრისტეფორე კოლუმბი – (იტალ. Cristoforo Colombo, ესპ. Cristóbal Colón, დ. დაახ. 31 ოქტომბერი, 1451-1506), იტალიელი მეზღვაური, რომელმაც აღმოაჩინა ამერიკა.
წარმოშობით გენუელ კოლუმბს დაებადა რწმენა, რომ შესაძლებელი იყო, ატლანტის ოკეანით დასავლეთის მხარეზე მოგზაურობით ინდოეთისა და „მუშკამბრის“ კუნძულებამდე მიღწევა. ესპანეთის მთავრობამ კოლუმბს მის განკარგულებაში გადასცა სამი ხომალდი „სანტა-მარია (280 ტონა წყალწყვისა), „პინტა“ (140 ტონა წყალწყვისა) და „ნინია“ (100 ტონა წყალწყვისა); ამ ხომალდებით 1492 წ, კოლუმბი მიადგა ბაჰამის კუნძულთა ჯგუფს, კ. გუანაჰანის (Guanahani). მალე ამის შემდეგ აღმოჩენილი იქნა კ. კუბა, შემდეგ ჰაიტი, რომელსაც კოლუმბმა ესპანიოლა უწოდა („ესპანიოლა“ – „მცირე ესპანეთი“), სადაც მან დააარსა კოლონია. რბილმა ჰავამ, მცენარეულობის სიუხვემ, ფაუნის არაჩვეულებრივმა სიმდიდრემ, სურნელოვანმა მცენარეულობამ კოლუმბზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თავისი პირველი მოგზაურობის შემდეგ მან კიდევ მოახდინა სამი მოგზაურობა და აღმოაჩინა კუნძულები: პორტო-რიკო (პუერტო-რიკო), იამაიკა და რამდენიმე კუნძული მცირე ანტილის კუნძულთა ჯგუფიდან (გვადელუპა, ანტიგუა და სხვ.) შემდეგ კოლუმბმა ზღვით მოგზაურობა სამხრეთ-დასავლეთით და აღმოაჩინა სამხრეთ ამერიკის ჩრდილო სანაპირო და სხვ. კოლუმბი ესპანეთის მთავრობის მიერ დანიშნული იყო ახალი აღმოჩენილი მიწების გენერალ-გუბერნატორად, მაგრამ მალე, ინტრიგების გამო, აითვალწუნეს, ბორკილებგაყრილი გაგზაენეს ესპანეთში და წარადგინეს სასამართლოს წინაშე. სასამართლომ კოლუმბი გაამართლა, მაგრამ კოლუმბი მაინც არ იქნა აღდგენილი თავის უფლებებში.
თავის ანდერძში, რომელიც მან დაწერა 1506 წ. 4 მაისს, კოლუმბი ამბობს, რომ 1492 წელს მან აღმოაჩინა „ინდოეთის კონტინენტი და უამრავი კუნძული, მათ შორის ესპანიოლა, რომელსაც ინდოელები ჰაიტს უწოდებენ… და 700 მილზე ამ კუნძულიდან დასავლეთისაკენ მე აღმოვაჩინე მრავალი სხვა კუნძული, რომლებზედაც ცხოვრობენ კაციჭამიები, და მათ შორის (აღმოვაჩინე) იამაიკა, ჩვენს მიერ სანტიაგოდ წოდებული. გარდა ამისა, 333 მილი კონტინენტური მიწა, რომელიც მიიმართება სამხრეთ-დასავლეთისაკენ. ამათ რიცხვში არ შედის 107 მილი ჩრდილოეთით, რაც პირველი მოგზაურობის დროს აღმოვაჩინე. ამის გარდა მე აღმოვაჩინე მრავალი კუნძული, რაც ნათლად ჩანს ჩემი წერილებიდან, ბარათებიდან და რუკებიდან“. როგორც მისი ანდერძიდან ჩანს, კოლუმბი ისე გარდაიცვალა, რომ თვითონაც არ იცოდა, რომ მან ახალი კონტინენტი აღმოაჩინა.
ქრისტეფორე კოლუმბი დაკრძალულია სევილიაში სანტა-მარია დე-ლა-სედეს ტაძარში.