კოლხური ტობი
კოლხური ტობი − Chondrostoma colchicum
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი:ტობები
თევზის საეობა კობრისებრთა ოჯახისა. ტიპიურ ტობთან ახლოს დგას. სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია, ზომიერად წაგრძელებული. სხეულის სიმაღლე სხეულის სიგრძეში (უკუდოდ) 4-4,5-ჯერ თავსდება. თავი მოკლე და შედარებით მაღალია. პირი განივი, ქვედა ყბა სწორი, ახალგაზრდა ინდივიდებში ოდნავ რკალისებურია. პირის ხვრელის დიამეტრი (პირის კუთხეებს შორისეული) ზრდადასრულებულ ფორმებს თვალის დიამეტრზე ორჯერ მეტი აქვთ. დინგი წამოშვერილი და კონუსისებურია, განსაკუთრებით პატარა ეგზემპლარებში. თვალი პატარაა, მისი დიამეტრი შუბლის სიგრძეში 2-ზე ნაკლებჯერ თავსდება. შუბლი ამოზნექილია. ხახის კბილები ყოველთვის 6-5-ია (მარცხნივ 6, მარჯვნივ 5). ზურგის ფარფლში, როგორც წესი, 8 დატოტვილი სხივია, ძალიან იშვიათად 9. ზურგის ფარფლის სიმაღლე თავის სიგრძეზე ნაკლებია და სხეულის სიგრძის (კუდის ფარფლის ფუძემდე) 19%-ზე ნაკლებს შეადგენს. ანალურ ფარფლში, როგორც წესი, 9 დატოტვილი სხივია, იშვიათი გამონაკლისის სახით 10. მკერდის ფარფლების სიგრძე მკერდის და მუცლის ფარფლების ფუძეთა შორისეული მანძილის 60%-ზე მეტს შეადგენს. მუცლის ფარფლები ოდნავ ვერ აღწევენ ანალურ ხვრელს. მათი სიგრძე მუცლის ფარფლების ფუძეთა და ანალური ფარფლის დასაწყისის შორისეული მანძილის 60%-ზე მეტს შეადგენს. კუდის ფარფლი მოკლეა და შედარებით მცირედ ამოკვეთილი. ზრდასრულ ინდივიდებს ქვედა ლაპოტის სიგრძე თავის სიგრძეზე მოკლე აქვთ, მცირეებს ზოგჯერ თავის სიგრძის ტოლი აქვს. სიგრძით 280 მილიმეტრამდე აღწევს, ჩვეულებრივ, ნაკლებია.
თავიდან მოყოლებული სხეულის გვერდებზე კუდამდე შავი პიგმენტური წერტილების გასწვრივი ზოლი გასდევს. გვერდითი ხაზის ნაპრალები ზემოდან და ქვემოდან, ჩვეულებრივ, შავი პიგმენტითაა შემოვლებული, რის გამოც სხეულს გვერდის ხაზის გასწვრივ ორმაგი მუქი ზოლი გადაკრავს. ზურგისა და კუდის ფარფლები ბოლოებზე მუქია. სქესობრივად მომწიფებულ მამლებს თავზე ბორცვაკები უვითარდებათ.
ჩვეულებრივ, უფრო ფართო ეგზემპლარები გვხვდება, რომელთა სხეულის სიმაღლე სხეულის სიგრძის (კუდის ფარფლის ფუძემდე) 24%-ზე მეტს შეადგენს, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება წაგრძელებულიც.
გავრცელებულია
გავრცელებულია დასავლეთ ამიერკავკასიაში ტუაფსედან ჭოროხამდე. საქართველოს ფარგლებში კოლხეთის ტობი ფართო გავრცელებისაა., სახელდობრ: რიონში (ქუთაისთან), ჭოროხში, არდანუჯის წყალში, იმერხევში, ჩაქვის წყალში, ნატანებში, ყვირილაში და აფხახეთის მდინარეებში.
ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა.
კოლხეთის ტობი მტკნარი წყლის მდინარის ფსკერული თევზია. ტოფობა − შუა მარტიდან აპრილის ნახევრამდე გრძელდება. იკვებება უმთავრესად მცენარეულობით, რომელსაც ჩვენი დაკვირვებით ქვებიდან პირით ფხეკს. კოდორში ტობი ივნისში მეტად მსუქანია და კუჭსართიც სავსე აქვს წყალმცენარეებით. სამრეწველო მნიშვნელობა არა აქვს. იყენებენ ადგილობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად უმთავრესად ნედლად.