კომახიძე თეიმურაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეიმურაზ კომახიძე – (1937-2012), მეცნიერი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, მეცენატი. დაიბადა ქ. ბათუმში. 1945 წელს შევიდა ბათუმის №6 საშუალო სკოლაში, დაამთავრა იგი ოქროს მედალზე და სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაასრულა 1960 წელს სამშენებლო სპეციალობით.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის დირექტორად, ბათუმის პრეფექტის პირველ მოადგილედ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად, ბათუმის მერად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად.

იყო საქართველოს მწერალთა და არქიტექტორთა კავშირების წევრი.

თეიმურაზ კომახიძე 61 წიგნისა და 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია (მათ შორის 60-მდე მონოგრაფიაა).

მეტად საყურადღებოა მისი ენციკლოპედიური ორტომეული, რომელიც აჭარის წარსულისა და დღევანდელობის ამსახველია.

თეიმურაზ კომახიძის მიერ დაარსებულია: 14 მუზეუმი, ხულოს სამხატვრო სკოლა, ხულოს სამხატვრო გალერეა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ დიდივაკის დაწყებითი სკოლა, შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა 20 ათასი წიგნადი ფონდით; აღდგენილი აქვს არაერთი ისტორიული ძეგლი. მისი თაოსნობით ბათუმში აშენდა წმინდა კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის ტაძარი.

თეიმურაზ კომახიძეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებულ ინჟინერსა და კულტურის დამსახურებულ მოღვაწეს, მინიჭებული ჰქონდა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის წოდება.

არჩეული იყო გრიგოლ ნარეკაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად; ქ. გიუმრის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საპატიო პროფესორად, საქართველოს ჰუმანიტარული აკადემიის წევრად, მწერალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრად.

თეიმურაზ კომახიძე დაჯილდოებული იყო: ღირსების ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით; ნიკო ბერძენიშვილის, აბუსერისძე ტბელის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ნიკო ნიკოლაძის, ფრიტიოფ ნანსენის სახელობის სახელმწიფო პრემიებით.

არჩეული იყო ქალაქ ბათუმის, ხულოსა და ხელვაჩაურის რაიონების საპატიო მოქალაქედ.

თეიმურაზ კომახიძე გარდაიცვალა 2012 წლის 30 სექტემბერს. სახლზე, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სახელოვანი მწერალი და მეცნიერი, განთავსებულია მემორიალური დაფა.


წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები