კომპენსატორი
კომპენსატორი – (ლათ. compensare გამაწონასწორებელი), მოწყობილობა ან შემავსებელი, რომელიც ანაზღაურებს ან აწონასწორებს სხვადასხვა ფაქტორის (ტემპერატურა, წნევა და სხვ.) გავლენას ნაგებობის, სისტემის, მანქანის, ხელსაწყოს მდგომარეობასა და მუშაობაზე. მანქანების აწყობისა და ექსპლუატაციის დროს გამოყენებული კომპენსატორის კონსტრუქცია განისაზღვრება კომპენსაციის ზღვრული მნიშვნელობითა და საჭირო სიზუსტით. კომპენსატორი არსებობს უძრავი (საფენები, სადებები, რგოლები, შემავსებლები და ა.შ.) და მოძრავი (სარეგულირებელი ხრახნები, ექსცენტრული მილისები, ორმაგი სახსარი და სხვ.). კომპენსატორის გამოყენება ხელს უწყობს დეტალების ურთიერთშეცვლადობის ფართოდ დანერგვას, ამაღლებს მანქანების გამძლეობასა და რემონტუნარიანობას ცალკეული ელემენტების ნაკლებად ზუსტი დამზადების შემთხვევაში. კომპენსატორი შეიძლება იყოს: აკუსტიკური, ბერკეტიანი, განმტვირთავი, დენადობის, ელექტრონული, თერმომაგნიტური, ლინზისებრი, მარყუჟისებრი, მექანიკური, მილგაყვანილობის, ოპტიკური, პროექტორის, რეზინის, საჩობლო, სილფონური, სიმაღის, სინქრონული, ფაზის, ქსოვილის, წნევისა და სხვ.