კომუნიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კომუნიზმი − უმარტივესი მნიშვნელობით, სოციალური ყოფის საზოგადოებრივი ორგანიზება, რაც კოლექტიური საკუთრების ფლობას ეფუძნება. როგორც თეორიული იდეალი, უფრო ხშირად მარქსის ნააზრევთან ასოცირდება, ვისთვისაც კომუნიზმი უკლასო საზოგადოებას ნიშნავდა, სადაც დოვლათი საერთო იყო, წარმოებას მოთხოვნა განაპირობებდა, სახელმწიფოს არსებობა კი — საყოველთაო კეთილდღეობისა და ჰარმონიის პირობებში, აზრს კარგავდა. ეს ტერმინი აგრეთვე გამოიყენება იმ საზოგადოებებთან მიმართებაში, რომლებიც ლენინიზმისა და სტალინიზმის მიერ მარქსიზმის „კრიტიკულად“ გადააზრების შედეგად ჩამოყალიბდნენ.
„ორთოდოქსული“ კომუნიზმის, როგორც რეჟიმის ძირითადი მახასიათებლებია:
- მარქსიზმ-ლენინიზმი სახელმწიფო იდეოლოგიაა.
- „დემოკრატიული ცენტრალიზმის“ პრინციპებზე აწყობილი კომუნისტური პარტია ძალაუფლების ერთპიროვნული მპყრობელია.
- კომუნისტური პარტია „მართავს“ იმ გაგებით, რომ მის ხელთაა მთელი სახელისუფლებო მანქანა და შერეული სახელმწიფო-პარტიული აპარატი.
- კომუნისტური პარტია „წამყვან და მეწინავე“ როლს ასრულებს საზოგადოებაში; ის აკონტროლებს ნებისმიერ ინსტიტუტს – ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული თუ ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით.
- ეკონომიკური ცხოვრება სახელმწიფო კოლექტივიზაციას ეფუძნება და ცენტრალური დაგეგმარების სისტემის მეშვეობით ფუნქციონირებს.