კოპიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი იფანი

კოპიტი (იფანი) − (ლათ. fraxinus), მოთეთრო-წაბლისფერი ფოთლოვანი ჯიშის მერქანი სიმკვრივით 570-940 კგ/მ3. აქვს სასიამოვნო ტექსტურა, ადვილად იხერხება და პრიალდება, ელასტიკურია, ნაკლებად იბრიცება და სკდება. სიმაგრით თითქმის არ ჩამოუვარდება მუხას. ცუდად ეწინააღმდეგება ტენს. მიეკუთვნება მერქნის დეფიციტურ ჯიშს. შეუცვლელი მასალაა სადურგლო საქმიანობაში. გაორთქვლის შემდეგ კარგად იღუნება, რაც საშუალებას იძლევა მისგან დავამზადოთ მრუდი მოხაზულობის დაწებებული კონსტრუქციები. მისი 67 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ძირითადად სამი სახეობაა გავრცელებული – ჩვეულებრივი, თუთუფოთოლა და მახვილნაყოფა, რომლებიც გვხვდება თითქმის ყველა რეგიონში. გარდა ამისა, საქართველოში კ. 24 ეგზოტიკური სახეობა იზრდება. მათ იყენებენ ბაღების, პარკებისა და ქუჩების გასამწვანებლად. კოპიტის მასალა, კარგი დრეკადი თვისებებისა და სიმტკიცის გამო, გამოიყენებოდა საბრძოლო და შრომის იარაღების დასამზადებლად. მისგან აკეთებდნენ შუბებს, ხელკეტებს, მშვილდისრებსა და სხვ. ძველ დროში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა კოპიტის მერქნისაგან დამზადებული, ჩუქურთმებით დამშვენებული, საოჯახო ჭურჭელი. კარგად დამუშავებული და გამშრალი ფიცრები გამოიყენებოდა გემთმშენებლობაში. კოპიტის ტექსტურა არ ჩამოუვარდება წითელი და შავი ხის ტექსტურას. მე-19 საუკუნეში კოპიტს დიდი გასავალი ჰქონდა ეტლების, ციგების, თხილამურების, ნიჩბების, ორთვალას ბორბლების, ბილიარდის კიას, ბეისბოლის ბიტების დასამზადებლად. მშენებლობაში კოპიტის მერქანს იყენებენ გადახურვის კოჭების, სახურავის სანივნივე ელემენტების, კარ-ფანჯრების, ჭერის, იატაკის, მოაჯირების, საბაღე სკამების დასამზადებლად, აგრეთვე ხის სახლების კედლების გარედან მოსაპირკეთებლად (კარგად უძლებს ატმოსფერულ ზემოქმედებას).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები